Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი პოეტისა და ჟურნალისტის თბილისური დღიურები


პოეტი და პუბლიცისტი გუნელ მოვლუდი და ჟურნალისტი ჰაჯი ჰაჯიევი ბაქოელი წყვილია. ისინი უკვე შვიდი თვეა თბილისში ცხოვრობენ. აზერბაიჯანული პრესისა და რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის ბიუროსთვის მასალების მომზადებას თბილისიდან აგრძელებენ. რადიო თავისუფლება მათ 3 ივლისს „კავკასიურ სახლში“ შეხვდა, სადაც გუნელი თავის ლექსებს კითხულობდა, ჰაჯი აზერბაიჯანის რეალობაზე მოგვითხრობდა, ორივე ერთად კი ლაპარაკობდა ლიტერატურაზე, როგორც საზოგადოების ნამუსზე.

გუნელ მოვლუდი და ჰაჯი ჰაჯიევი საქართველოში - თბილისში - საცხოვრებლად შვიდი თვის წინ ჩამოვიდნენ. ორივე რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის ბიუროსთან თანამშრომლობს. ჰაჯი სიუჟეტებსა და ვიდეოებს ამზადებს, გუნელი საიტისთვის სვეტებს წერს. გუნელი პოეტი და პუბლიცისტია, აზერბაიჯანში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი, რომელსაც ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს. სამშობლოში ხშირად ჩადიან, ხანდახან თვეში ერთხელაც, და, როგორც თავად ამბობენ, აზერბაიჯანის ცხოვრების პულსზე ძველებურად უდევთ ხელი. ამიტომაც იმაზე წერა, თუ რა ხდება მათ ქვეყანაში, არც ისე ძნელია.

„უკვე შვიდი-რვა თვეა საქართველოში ვცხოვრობთ. მოგვწონს საქართველოში ცხოვრება, იმ თავისუფლებით სუნთქვა, რომელიც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში არ გვყოფნის. საქართველო ბევრად დემოკრატიულია, ვიდრე აზერბაიჯანი. ჩვენ აქედან ვმუშაობთ კიდეც, ვწერთ ჩვენი აზერბაიჯანული პრესისთვის, მე აზერბაიჯანის რადიო თავისუფლებასთანაც ვთანამშრომლობ, ამჟამად „თბილისურ დღიურებს“ ვწერ, ვადარებ აქაურ და აზერბაიჯანში არსებულ ვითარებას. ეს პუბლიცისტურ-მხატვრული წერილებია. თუ ცოტა პოეტურად ვიტყვი, ეს ჩვენი ერთგვარი შემოქმედებითი მივლინებაა“, - გვეუბნება გუნელ მოვლუდი.

თბილისში წამოსვლის მიზეზებსა და აზერბაიჯანში არსებულ მდგომარეობაზე ჰაჯისაც ვეკითხებით. ჯერ პოლიტიკური დევნილები არ ვართო, ხუმრობს:

„ჩვენ თბილისში ერთად ჩამოვედით. ჯერჯერობით პოლიტიკური დევნილები არ გავმხდარვართ, თუმცა ჩვენი აქ წამოსვლის მიზეზები ახლოსაა პოლიტიკასთან, იმიტომ რომ აქ მართლაც გვეადვილება ცხოვრება, აზრის თავისუფლად გამოხატვა, შინაგანად უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს. მე ბაქოში დავიბადე და გავიზარდე და როცა სხვაგან ვარ ხოლმე, სულ მენატრება ჩემი ქალაქი, მაგრამ თბილისში ამას ვერ ვგრძნობ. შესაძლოა იმიტომ, რომ ახლოს ვართ და თან ბევრი საერთო გვაქვს, თუმცა, ამავე დროს, თავისუფლება აქ გაცილებით მეტია. ჩემთვის ამის აღიარება მტკივნეულია, მაგრამ ეს ასეა. ის, რაც დღეს აზერბაიჯანში ხდება, ძალიან საშიში ტენდენციაა და, რაც ყველაზე ცუდია, ამ მმართველობის პირობებში არ არსებობს პერსპექტივა უკეთესობისკენ, პირიქით, ყველაფერი ცუდისკენ მიდის“.

გუნელ მოვლუდიც მათ შორისაა, ვინც მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და, რაც მთავარია, ამაზე ღიად წერდა. ეს არც ისე უსაფრთხოა, რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ გუნელისა და ჰაჯისათვის ეს საფრთხე ჯერჯერობით დაბრკოლებად არ ქცეულა.

„კავკასიურ სახლში“ გამართულ შეხვედრაზე, რომლის ლოზუნგიც იყო „ლიტერატურა, როგორც საზოგადოების ნამუსი“, გუნელი და ჰაჯი თეთრი მაისურებით მივიდნენ, რომლებზეც ჰაჯის გაკეთებული სტენსილის ნახატებია გამოსახული. მაისურებზე გამოსახული ახალგაზრდები აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრები აღმოჩნდნენ, სამოქალაქო მოძრაობა „ძახილის ნიშნის“ წევრები. მოძრაობის ლოგოც ძახილის ნიშანია. ის ყველაფერს გამოხატავს. ჰაჯი გვიხსნის, რომ ეს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობაა, მისი წევრები უსამართლობას და ადამიანის უფლებების დარღვევას აპროტესტებენ, რამდენიმე მათგანი სამიოდე თვის წინ ხელისუფლების კრიტიკისათვის დააკავეს. სწორედ მათ ფოტოებს ვხედავთ გუნელისა და ჰაჯის მაისურებზე.

„აი, ეს, ერთი მათგანი, ზაურ გურბანლი, - მაისურზე გვითითებს ჰაჯი, - ძალიან კარგი პუბლიცისტია. ის საზოგადოებაზე წერს, ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას. ეს ახალგაზრდები არც ერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან. ისინი, უბრალოდ, სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვიან. მათ რამდენიმე საპროტესტო აქციაც მოაწყვეს, მაგალითად, აზერბაიჯანის ჯარში მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეს, როცა ჯარისკაცი თავისიანის ხელით, განუკითხაობის შედეგად დაიღუპა და არა საომარი მოქმედებების დროს. სწორედ ამას აპრიტესტებდნენ ეს ახალგაზრდები, რომ ადამიანები უმიზეზოდ აღარ დაღუპულიყვნენ. მათ სურდათ ხელისუფლების ყურადღება მიეპყროთ, ხელისუფლების პასუხი კი ის იყო, რომ ისინი დააპატიმრეს“.

ჰაჯი ამბობს, ისეთი ტემპით აპატიმრებენ უკვე ყველას, რომ სტენსილების გაკეთებას ვეღარ ვასწრებ - „ერთს დავასრულებ თუ არა, მეორე უკვე დაჭერილიაო“. არა უშავსო, ამბობს ჰაჯი. ბევრი წერს, ბევრს იჭერენ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ისეთი ადამიანი ჩნდება, ვინც წერას ბედავს, და ეს მახარებსო.

„კავკასიურ სახლში“ გამართული შეხვედრის ლოზუნგად „ლიტერატურა, როგორც საზოგადოების ნამუსი“ ტყუილად არ აურჩევიათ. ლიტერატურის მეშვეობით, გუნელის თქმით, ყველაზე კარგად შეიძლება მოქმედება, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომაც ჰგონია, რომ საზოგადოების ნამუსი სწორედ ლიტერატურაა, კალამი, სიტყვა. სიტყვას ყველაზე მტკივნეულად შეუძლია რეალობის ასახვა. იმასაც ამბობს, ხშირად შენიშვნას მაძლევენ, შენს პოეზიაში ყველაფერს პოლიტიკის ელფერი დაჰკრავსო. მაგრამ ეს ის არის, რაც მას, როგორც მწერალს, აწუხებს. გუნელ მოვლუდის პოეზიაც, ბოლო რამდენიმე წელია, სოციალურ-პოლიტიკური შინაარსის თემებს ეხმიანება.

გუნელისა და ჰაჯის მეგობარი, პოეტი შალვა ბაკურაძე გვეუბნება, რომ აზერბაიჯანის თანამედროვე პოეზიაში მართლაც ჭარბობს სოციალური თემატიკა და ეს ბუნებრივიცააო, ამბობს შალვა, პროტესტის ლიტერატურა დიქტატურის დროს იქმნებაო:

„მათ ბოლომდე დაიცვეს ლიტერატურული სინდისი და თბილისში უწევთ დღეს ცხოვრება. სხვათა შორის, გარეშე თვალით პირველად შევხედე თბილისს. მათთვის ეს ქალაქი არის დიდი კულტურული ცენტრი, სადაც დიდი თავისუფლება და ენერგეტიკაა. აი, გუნელს და ჰაჯის ჰყავთ მეგობარი, ცნობილი პუბლიცისტი და პროზაიკოსი სეიმურ ჰაიჯანი. ძალიან კარგი მწერალია მართლა, მაგრამ აზერბაიჯანში ვერაფერს წერს. ჩამოდის ხოლმე თბილისში, თითქოს მუზა ეხსნება და თვეობით ზის და წერს. გუნელს უკვე რამდენიმე წელია ვიცნობ - 2006 თუ 2007 წლიდან - და სწორედ მისგან და ჰაჯისგან გავიგე, რა ხდება აზერბაიჯანში, რას წარმოადგენს აზერბაიჯანული კულტურა დღეს, როგორი განწყობებია და ის, რომ აზერბაიჯანშიც არის სინდისის გრძნობა ლიტერატურაში. თანამედროვე აზერბაიჯანულ ლიტერატურაში სოციალური თემები ჭარბობს. ეს თემატიკა კი მაშინ წარმოიშობა, როცა ქვეყანაში დიქტატურაა. ეს პროტესტის ლიტერატურაა. მე როდესაც ვეუბნები, რაზე ვწერ, სულ ამბობენ, როგორ შეგიძლია მაგაზე წერო, როცა ქვეყანა თავზე გვემხობაო“.

აზერბაიჯანში ასეთი მწერლების ტალღას 2000-იანელებს უწოდებენ. თუმცა, როგორც გუნელი და ჰაჯი ამბობენ, ამ ავტორებიდან ზოგმა აზერბაიჯანი დატოვა, ზოგი სხვადასხვა შეთავაზებებით გადაიბირეს, ზოგს, უბრალოდ, რეპრესიების შეეშინდა. დღეს სულ რამდენიმე ავტორი დარჩა ისეთი, ვისაც ამ ლიტერატურული ნამუსისთვის არ უღალატია. ისინი წერენ ლექსებს, რომანებს, კრიტიკულ წერილებს, თეატრალურ რეცენზიებს და ა.შ. მათ არა აქვთ ქონება, ზოგს არც საკუთარი სახლი გააჩნია, მაგრამ აზერბაიჯანში ისინი უყვართ და კითხულობენ, გვეუბნება გუნელ მოვლუდი. ისინი წერენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც აზერბაიჯანში ტაბუ ადევს, რაზეც სხვა დაწერას ვერ გაბედავდაო:

„ასეთი სტერეოტიპი არსებობს: თუ სომხის შესახებ წერ, ეს ნიშნავს, რომ ცუდი უნდა დაწერო, ის ცუდია, უარყოფით პერსონაჟად უნდა გამოიყვანო და რომ შენი ხალხი მუდმივად სომხების მტერი იქნება. აი, ალი აკბერმა დაწერა ეპატაჟური რომანი, „არტუში და ზაური“, სადაც ის სომხისა და აზერბაიჯანელის სიყვარულის ისტორიას აღწერს. მათ ერთმანეთი თბილისში გაიცნეს, რაღაც კონფერენციაზე, და აქ საინტერესო ისაა, რომ ორივე ერთი სქესისაა. ამ რომანის გამოსვლის შემდეგ დაიწყო ალი აკბარის წინააღმდეგ რეპრესიები, მას მოკვლით ემუქრებოდნენ და შეიძულეს ის სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც“.

თუმცა სასიხარულო აქ ის ფაქტია, რომ ასეთი წიგნები იშვიათად, მაგრამ მაინც იბეჭდება. ათი წლის წინ, ამბობს ჰაჯი ჰაჯიევი, წარმოუდგენელი იყო, რომ რომელიმე გამომცემლობას მსგავსი რამ დაებეჭდა. ამაში უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდობის დიდი წვლილია. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ, სახელმწიფო სამსახურებში დასაქმდნენ და ის,რაც ისწავლეს საზღვარგარეთ, სამშობლოში ისევ დაკარგეს:

„ადამიანი, რომელიც სწავლობდა, მაგალითად, ლონდონის რომელიღაც უნივერსიტეტში და შემდეგ აზერბაიჯანში სახელმწიფო სამსახურში დასაქმდა, იძულებული იყო დაევიწყა რა ისწავლა იქ და ქრთამი აეღო“.

„კავკასიურ სახლში“ გუნელ მოვლუდს და ჰაჯი ჰაჯიევს პოეტი შოთა იათაშვილი მასპინძლობდა. შოთა ალი აკბარის რომანის ერთ-ერთი პერსონაჟის პროტოტიპია - თბილისელი მეგობარი იმ აზერბაიჯანელისა, რომელსაც სომეხი შეუყვარდება. შოთა იათაშვილსვე ეკუთვნის გუნელის რამდენიმე ლექსის ქართული თარგმანი. ერთ-ერთი მათგანი მან „კავკასიურ სახლში“ გამართულ საღამოზეც წაიკითხა. გუნელ მოვლუდის რამდენიმე ლექსი პოეტმა და მთარგმნელმა ოქტაი ქაზუმოვმაც გადმოაქართულა. ამ თარგმანების ნახვა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე შეიძლება www.lib.ge გუნელ მოვლუდი და ჰაჯი ჰაჯიევი ჯერჯერობით აზერბაიჯანში დაბრუნებას არ აპირებენ. მათი თქმით, საკუთარი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთება შორიდანაც შესაძლებელია.​
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG