Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენოციდი თუ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული?


ბოსნია და ჰერცოგოვინა 1993 წ.
ბოსნია და ჰერცოგოვინა 1993 წ.
დღეს ვისაუბრებთ ორ ცნებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებს ასახავს. ერთია „გენოციდი“, მეორე - „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული“. რა განსხვავებაა მათ შორის ან რამდენად გამოსადეგია ისინი დანაშაულთა სამართლებრივი შეფასებისას? ამ საკითხს უკვე მრავალი წელია იკვლევს ბრიტანელი იურისტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი ფილიპ სანდსი. ახლო მომავალში გამოვა მისი წიგნი, რომელიც გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ცნებებს ეძღვნება. ფილიპ სანდსს რამდენიმე შეკითხვით მიმართა ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, რობერტ კოლსონმა.

«კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულსა» და გენოციდზე მსოფლიოში გასული საუკუნის 40-იან წლებში ალაპარაკდნენ - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა დღის წესრიგში დადგა საერთაშორისო სამხედრო სასამართლოს მიერ გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირების გასამართლების საკითხი, ანუ ნიურნბერგის პროცესის გამართვის გეგმა.

„კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებსა და გენოციდს შორის ძირითადი განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ცნება ეხება ადამიანების დიდი რაოდენობის მოკვლას. ძალიან ბევრი ინდივიდის სისტემატური, მასობრივი დახოცვა მიჩნეულია კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად. გენოციდი მისგან განსხვავდება: გენოციდის ფოკუსშია არა ინდივიდების დახოცვა, არამედ ჯგუფების განადგურება - სხვაგვარად რომ ვთქვათ, განადგურება დიდი რაოდენობით ინდივიდებისა, რომლებიც ერთი გარკვეული ჯგუფის წევრები არიან».
რომელი ბრალდება უნდა წაეყენებინათ ნაცისტური რეჟიმის ლიდერებისათვის? ეს იყო, ფილიპ სანდსის განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა ნიურნბერგის პროცესისთვის მზადებისას. დაიწყო ცხარე დებატები «კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების» და „გენოციდის“ მისადაგების მართებულობის გარშემო. ბოლოს უპირატესობა მიანიჭეს «კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს».
ლაუტერპახის გაგებით, საფრთხე მდგომარეობდა იმაში, რომ ლემკინის იდეა, რომელიც ჯგუფების დაცვას ემსახურება, შექმნიდა სწორედ იმის პირობებს, რომელთაგანც სურდა ლემკინს ყველა ჩვენგანის დაცვა – კერძოდ, ერთ ჯგუფს დაუპირისპირებდა მეორე ჯგუფს. ის კონკრეტულად ჩამოაყალიბებდა იდეას, რომ ჯგუფებს აქვთ სამართლებრივი იდენტობა და საჭიროა მათი, როგორც ჯგუფების, დაცვა...

«ჩემს წიგნში ვცდილობ დავადგინო, როგორ წარმოიქმნა ეს ორი ცნება – კვალს გავყევი და მივედი ორ ადამიანთან, რომელიც მათ შექმნაზეა პასუხისმგებელი. ორივე ერთსა და იმავე ქალაქში სწავლობდა – მას ლემბერგი და ლვოვი ერქვა, ახლა ლვივი ეწოდება. დღეს ის უკრაინაში მდებარეობს. მნიშვნელოვანი ქალაქია - მნიშვნელოვანი უნივერსიტეტით. მას ჰქონდა ძალიან ცნობილი სამართლის ფაკულტეტიც. და ამ ფაკულტეტზე 1915-1925 წლებში სწავლობდა ის ორი კაცი. ჰერშ ლაუტერპახი, რომელიც შემდეგ საერთაშორისო სამართლის პროფესორი გახდა კემბრიჯის უნივერსიტეტში – მისი დამსახურებაა ნიურნბერგის ქარტიაში «კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა» შეტანა. ხოლო მის შემდეგ სულ რამდენიმე წელიწადში გამოჩნდა მეორეც – რაფაელ ლემკინი. სხვათა შორის, ის გაცილებით უფრო ცნობილია – მან გამოიგონა 1943 წელს სიტყვა «გენოციდი», რაც ჯგუფების განადგურებას ნიშნავს“.

ორივე ლვოველ იურისტს, ლაუტერპახსაც და ლემკინსაც, ბრიტანელი ექსპერტის შეფასებით, დამაჯერებელი არგუმენტები აქვს, ამიტომ ძნელია რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება.

ლემკინი „გენოციდის“ იდეის განმარტებისას აღნიშნავდა, რომ ბევრ ადამიანს, ხალხს არ ხოცავენ, როგორც ცალკეულ პიროვნებებს. მათ კლავენ ან ზიანს აყენებენ იმის გამო, რომ რაღაც ჯგუფს მიეკუთვნებიან – დავუშვათ, ეთნიკურ ჯგუფს ან რელიგიურ ჯგუფს. მაგრამ ლაუტერპახს სახიფათოდ მიაჩნდა ეს კონცეფცია - მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ ადამიანები ინდივიდები არიან და სამართლებრივად დაცულნი უნდა იქნენ როგორც ინდივიდები – არა იმიტომ, რომ რომელიმე ჯგუფის წევრები არიან.
1998 წლის ივლისში, როცა მსოფლიოს მთავრობების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მოამზადეს პროექტი დოკუმენტისა, რომელიც გახლავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი, მათ გადაწყვიტეს ამ დოკუმენტში შეეტანათ ორივე ცნება – „გენოციდიც“ და „კაცობრიობის წინაშე დანაშაულებიც“...

„ლაუტერპახის გაგებით, საფრთხე მდგომარეობდა იმაში, რომ ლემკინის იდეა, რომელიც ჯგუფების დაცვას ემსახურება, შექმნიდა სწორედ იმის პირობებს, რომელთაგანც სურდა ლემკინს ყველა ჩვენგანის დაცვა – კერძოდ, ერთ ჯგუფს დაუპირისპირებდა მეორე ჯგუფს. ის კონკრეტულად ჩამოაყალიბებდა იდეას, რომ ჯგუფებს აქვთ სამართლებრივი იდენტობა და საჭიროა მათი, როგორც ჯგუფების, დაცვა. ამდენად, საქმე ეხება ამ ორ იურისტს შორის დიდ ინტელექტუალურ დაპირისპირებას. მათთვის არ არის სადავო მიზანი - ორივეს სურს მასობრივი მკვლელობების თავიდან აცილება“.

მაგრამ საკითხავია, რომელი უნდა ჩაითვალოს საუკეთესო გზად ამ მიზნის მისაღწევად. ლემკინის იდეა, ანუ გენოციდის კონცეფცია, უფრო რეალისტური ჩანს, ლაუტერპახისა იდეალისტურია, ბრიტანელი იურისტის შეფასებით, უტოპიურიც კი.

«მე, უბრალოდ, ვცდილობ, გავერკვე, რომელს ვეთანხმები ამ ორიდან. ამასობაში – მას შემდეგ, რაც ეს იდეები აღმოცენდა 1945-46 წლებში – მოხდა ის, რომ, თუ რამდენიმე ათწლეულს გამოვტოვებთ და თავს წარმოვიდგენთ რომში 1998 წლის ივლისში, როცა მსოფლიოს მთავრობების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მოამზადეს პროექტი დოკუმენტისა, რომელიც გახლავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი, მათ გადაწყვიტეს ამ დოკუმენტში შეეტანათ ორივე ცნება – „გენოციდიც“ და „კაცობრიობის წინაშე დანაშაულებიც“. ამდენად, დროთა განმავლობაში ორივე იდეას მოჰყვა რეზონანსი».

ორივე ცნება იმდენად კომპლექსურია, რომ, სავარაუდოდ, მომავალშიც გამოიწვევს აზრთა სხვაობას. ბრიტანელი იურისტის ფილიპ სანდსის წიგნი კი მომავალ წელს გამოვა. ავტორი არ გამორიცხავს, რომ მანამდე გამოიტანს დასკვნას, რომელ ცნებას მიანიჭოს უპირატესობა უმძიმესი დანაშაულების სამართლებრივი შეფასებისას.
XS
SM
MD
LG