არ შეესაბამება სინამდვილეს ის ფაქტი, თითქოს პრეზიდენტის დაცვას ჩამოერთვა იარაღი და იმყოფება შეიარაღების გარეშე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მიხეილ სააკაშვილის 26 თებერვლის განცხადებას. სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ „იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტისაგან დაცვის გამოყოფის სანაცვლოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას მოითხოვდა, დილიდან შეწყდა პრეზიდენტის დაცვის ღონისძიებები.“ თუმცა, როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახური აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის დაცვა არ შეწყვეტილა. კერძოდ, პრეზიდენტის განკარგულებაში რჩება: ესკორტის ორი ეკიპაჟი სრული შემადგენლობით, მათ შორის დაჯავშნული VIP მანქანები, ოთხი ექიმი რეანიმატოლოგი, კვების ოთხი ექიმი, ოპერატიული და ოპერატიულ–ტექნიკური სამსახური, სვლა–გეზის სამსახური, ადმინისტრაცია და სხვა სამსახურები. პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური განისაზღვრა 350 კაცით და 7 მილიონიანი ბიუჯეტით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იტოვებს ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს პრეზიდენტის დაცვის სამსახურს, მის დაქვემდებარებაში არსებული რეზერვებით, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის განცხადებაში.
ყველაზე პოპულარული
1