Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ოთახი - ოთხი ნარკომომხმარებელი ქალი


გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”, ოთხი ნარკომომხმარებელი ქალის ცხოვრებას ასახავს. სამდღიანი ექსპოზიცია თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, 20 თებერვალს გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორებმა, საგამოფენო სივრცის ნაცვლად, ჩვეულებრივი სახლი აარჩიეს, ექსპონატებად კი ნარკომომხმარებელი ქალების ავტობიოგრაფიული ჩანაწერები და პირადი ნივთები გამოიტანეს. გამოფენის მიზანია საზოგადოებას თანაგრძნობა გაუჩინოს ნარკომომხმარებელი ქალების მიმართ. გამოფენის ორგანიზატორები არიან კრეატიული სტუდია ”იდეალისტი”, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ”ქსენონი”, ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო” და ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი”.

ამ ამბავს, რომელსაც გიამბობთ, ოთხი გმირი ჰყავს. ისინი ნარკომომხმარებელი ქალები არიან. მე მათი სახელები არ ვიცი, თუმცა ვიცი მათი პირობითი სახელები: ზღვა, მდელო, ლიანდაგი, წვიმა. მათ ასე გადაწყვიტეს. მე არც ის ვიცი, როგორ გამოიყურებიან ისინი, თუმცა ვიცი ამბავი მათი საყვარელი ნივთების, მათი განსაკუთრებული შეგრძნებებისა თუ გარემოს შესახებ. თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, წითელი აგურით ნაშენები სახლი დროებით ოთხი ნარკომომხმარებელი ქალის საცხოვრებლად იქცა. დადიხარ ვიწრო დერეფნებში, შედიხარ თითოეული ქალის ოთახში და კედლებზე გაკრული მათივე გადაღებული ფოტოებიდან ხვდები, თუ რა აწუხებთ მათ, როგორ ცხოვრობენ, რაზე ოცნებობენ, ვინ უყვართ ან რა უყვართ... მათი კაბები, მათი მძივები, მათი კოსმეტიკა, სათამაშოები, წიგნები მათ გარეშე ჰყვებიან მათ ამბებს.

ამ ოთახში მატარებელი მიდის. კედელზე გაკრული ლიანდაგი დაუსრულებელია. სად მიიყვანს ის ოთახის ბინადარს, არავინ იცის. ის 37 წლის არის. ორი შვილი ჰყავს. კედელზე გაკრულ მისივე ხელით შევსებულ კითხვარში ვკითხულობ, რომ ყველაზე მეტად სიბერის ეშინია. უნდა, რომ ჰქონდეს საკუთარი სახლი. საკუთარ თავს ჰპირდება, რომ სიხარულს და სილამაზეს არ მოაკლებს და სჯერა, რომ იქნება კარგი მეუღლე და დედა. და წერს, რომ ნარკომანია ზიანის მომტანია.
ამ ქალის გადაღებული ფოტო, ლიანდაგი, რომელიც უსასრულობაში მიდის... დავინახე, რომ ამ ქალის მზერაც და აზრიც უსასრულობაში მიდის. ესენი არიან ქალები, რომლებსაც შველა სჭირდებათ...

52 წლის მარინა, ნარკომომხმარებელი ქალების ოთახების ერთ-ერთი დამთვალიერებელი, კედელზე გაკრულ უსასრულო ლიანდაგის ფოტოსთან დგას. ამბობს, რომ ამ ოთახმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა:

”ამ ქალის გადაღებული ფოტო, ლიანდაგი, რომელიც უსასრულობაში მიდის... დავინახე, რომ ამ ქალის მზერაც და აზრიც უსასრულობაში მიდის. ესენი არიან ქალები, რომლებსაც შველა სჭირდებათ და არ არის ის გარემო, არ არის ის უსაფრთხო გარემო, რომ ქალმა თავის თავს უშველოს”.

ოთახი #3, სახელად მდელო. კედელზე ვკითხულობ, რომ ნარკომანია არის ადამიანის გამანადგურებელი, - ასე ფიქრობს ამ ოთახის ბინადარი, 37 წლის ქალი. ოთახში გაკრულ ერთ-ერთ ფოტოზე ოთახის ბინადრის ჩრდილი ჩანს. ჩრდილი სწორედ ისეთია, როგორიც ჩემი, როგორიც შენი, როგორიც ყველასი - მიწაზე გაწოლილი და გრძელი. კედელზე კიდია გაცრეცილი ვარდისფერი ქვედატანი, მძივები...საწერ მაგიდაზე მისივე წერილი დევს:

”ისე მოხდა, რომ გოგოებმა ჩამითრიეს. სახლში ბავშვები მყავდა დატოვებული. ყველას ეგონა, ვმუშაობდი. სახლში ფულს ვაგზავნიდი. ცოტა ხანში გამიგეს ნათესავებმა და მოტყუებით ჩამომიყვანეს სახლში, სადაც დამამწყვდიეს, მცემეს და ჩამკეტეს. დავრჩი ე.წ. ”ლომკაში”. ცოტა უკეთ რომ გავხდი, ისევ გავიპარე სახლიდან და ისევ იმ გზას დავადექი. დამაკავეს და ციხეში აღმოვჩნდი. ციხის კარები რომ დაიხურა, უკან მოვიხედე და იქ მორჩა ყველაფერი. შვილების გარეშე დარჩენა ჩემ სიკვდილს უდრიდა”...

გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
ოთახი #1, სახელად წვიმა. ამ ოთახში თავსხმაა. ყოველ შემთხვევაში, ოთახში დამონტაჟებული დინამიკიდან გამოსული წვიმის ხმა ოთახს წყლით ავსებს, თუმცა იატაკზე გუბეები არსად ჩანს. წვიმს სასაფლაოზე, კედელზე გაკრულ სასაფლაოზე. აწვიმს საკერავ მანქანასაც, ბებიის ნაქონ საკერავ მანქანას, რომლითაც თამაში ოთახის ბინადარს ბავშვობაში უყვარდა - ბავშვობაში, სადაც არც სასაფლაოები იყო და არც ნარკოტიკი:

”ყველაფერი დაოჯახების შემდეგ შეიცვალა. ოჯახი ჯოჯოხეთს დაემსგავსა, ნარკოტიკმა სულ შეცვალა. ფიზიკურად მისწორდებოდა. დილაობით ორივენი სასაფლაოზე გავდიოდით. იქ წამალი მოჰქონდათ, ვიღებდით და ვიკეთებდით. მე სიკვდილი მინდოდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. აგვისტოს ერთ დღეს ჩემი პატარა ძმა მოვიდა, დამიძახა და მითხრა: მე მივდივარ. აბა, ვნახავ, შენ როგორ გააგრძელებ ცხოვრებასო. მე ვერაფერს მივხვდი. უბრალოდ, მივბრუნდი და ვუთხარი, დათო, კარგად იყავი-მეთქი. იმ დღეს ჩემმა ძმამ თავი ჩამოიხრჩო. მეგონა, ცა ჩამოინგრა. მთელ დღეს და ღამეს სასაფლაოზე ვატარებდი”...

დერეფნის მარჯვნივ, მეორე ოთახიდან ტალღების ხმა გამოდის. ზღვა ღელავს, თუმცა ზღვა არსად ჩანს. ოთახში მცხოვრებ ქალს თითქოს მთელი ზღვა ერთ დაგრეხილ მილში გამოუკეტია, მილში, რომელიც თეთრ კაფელზეა გაკრული. კედელზე შავი ჟაკეტი კიდია. ქალი, რომელსაც პირობითად ზღვა ჰქვია, სარკის წინ დგას და ფოტოს უღებს ნივთებს, რომლებსაც ყველა ქალი ყოველდღურ ცხოვრებაში იყენებს: სუნამო, აცეტონი, სავარცხელი, თმის სამაგრი...მას შვილები ჰყავს, შვილიშვილებიც:

”შვილები გიჟდებოდნენ, ჩემი რცხვენოდათ. ასე გრძელდებოდა 9 წელი, ცხრა დაკარგული წელი... წლები, რომლებიც ჩემში დაიკარგა. ძველი ფილმივით არის ჩემი ცხოვრების ის მონაკვეთი. ჩემს ტანჯვას ბოლო არ უჩანდა”....
ჩვენი მესიჯია, რომ მხარდაჭერას და თანადგომას შეუძლია ამ ქალების ცხოვრებისა და საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა...
ნინო ჯანაშია

ოთხი განსხვავებული ქალის ცხოვრებას ნარკოტიკი აერთიანებს და აერთიანებს ნარკოტიკისგან გათავისუფლების სურვილი - სურვილი, რომლის განხორციელებაში მათ უკვე წლებია ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ”ქსენონი” ეხმარება. გარიყულობის განცდის დაძლევა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზა იმისათვის, რომ ნარკომომხმარებელმა ქალებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა სცადონ, ამბობს ნინო ჯანაშია, ასოციაციის ფსიქოლოგი:

”ამ ქალებისთვის საზოგადოების მხრიდან იგნორირება არ არის გამოსავალი. მეორე მხრივ, ჩვენი მესიჯია, რომ მხარდაჭერას და თანადგომას შეუძლია ამ ქალების ცხოვრებისა და საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა”, - ამბობს ნინო ჯანაშია.

კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია და ძლიერდება სტიგმა, როდესაც საქმე ნარკომომხმარებელ ქალებს ეხება, ამბობს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი ზურაბ ტატანაშვილი. ქალისა და ნარკომომხმარებლის ერთ ჩარჩოში ჩასმა ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებით უჭირს და მათი გარიყვა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, ამბობს ის.

გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
”ქართველ ქალებზე რაღაც განსაკუთრებული სტერეოტიპები არსებობს, რომ ასეთი და ასეთი უნდა იყოს ქართველი ქალი და როდესაც საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, საზოგადოების მხრიდან ბუნებრივი, თუმცა არაჯანსაღი და გაუმართლებელი, რეაქცია მოდის. ამიტომ ნარკომომხმარებელი ქალების მოსაზრებების, მათი ცხოვრების გაცნობა ძალიან კარგია, რათა ეს დამოკიდებულება ცოტათი მაინც შეიცვალოს”, - მიაჩნია ზურაბ ტატანაშვილს.

აგურის სახლში მოქცეული ქალების ამბები, რომლებიც პირველ პირშია მოთხრობილი, საზოგადოებას გაუჩენს მეტ თანაგრძნობას მათ მიმართ. თანაგრძნობა და გვერდში დგომა კი ამ ქალებს ახალი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება, ცხოვრებისა, სადაც ნარკოტიკების ადგილი არ არის, - ასე მიაჩნია გამოფენის ერთ-ერთ დამთვალიერებელსა და ფსიქოლოგს, ნათია ფანჯიკიძეს. ის ნარკომომხმარებლებთან აქტიურად მუშაობს და კარგად იცნობს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

”ქალების მიმართ ხომ ისედაც ძალიან მკაცრია საზოგადოება: ქალი უნდა იყოს... ქალს ეს არ ეპატიება.... და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ექსპოზიციის საშუალებით საზოგადოება დაინახავს ადამიანს იმ სტიგმის მიღმა, რომელიც მათ მიმართ არსებობს. იშვიათია ნარკომანია სხვა მენტალური დიაგნოზის გარეშე. ნარკომომხმარებელი ქალების 100 პროცენტს აქვს ან დეპრესია, ან სხვა რაიმე სულიერი პრობლემა და, შესაბამისად, მათ მიმართ თანაგრძნობა ორმაგი უნდა იყოს და გამოდის, რომ, თანაგრძნობის მაგივრად, ხელისკვრაა ორმაგი”, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

გამოფენის იდეის ერთ-ერთი ავტორი კრეატიული სტუდია „იდეალისტის“ წევრი, ეკატერინე მახათაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის გამოფენები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მათში თანაგრძნობის გაზრდას ემსახურება. მისი თქმით, იდეალისტები შეეცადნენ ოთხი ნარკომომხმარებელი ქალის ცხოვრების სხვა მხარე ეჩვენებინათ დამთვალიერებლისთვის. როგორ ეკა ამბობს, მას ფავორიტი ოთახიც აქვს, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ყველა ოთახში არის თუნდაც ერთი განსაკუთრებული დეტალი, რომელიც ამ ოთახებს უნიკალურობას სძენს.

ოთხ ოთახში ჩატეული ნარკომომხმარებელი ქალების წარმოსახვითი ცხოვრება თითოეული მათგანის რეალურ ცხოვრებაში გრძელდება. მათ ჰყავთ შვილები, ქმრები, მეგობრები, მეზობლები და აქვთ პირობა, რომელსაც საკუთარი თავის წინაშე დებენ: წვიმა - ჩემს თავს ვპირდები, რომ ვიქნები ძლიერი, გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებას წინ წაიყვანს; მდელო - ჩემს თავს ვპირდები, რომ ვიქნები კარგი ქალი; ლიანდაგი - ჩემს თავს ვპირდები, რომ სიხარულს და სილამაზეს არ მოვიკლებ; და ზღვა - აღარასდროს ვიქნები ნარკოტიკზე დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG