ტაჯიკეთის მთავრობის კომუნიაციების სამსახურმა განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში რამდენიმე ვებსაიტი დაბლოკა "მცდარი ინფორმაციისა და შანტაჟის" თავიდან ასაცილებლად. სამსახურის უფროსის მოადგილემ რაფიკჟონ შოკიროვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აკრძალვა განხორციელდა ტაჯიკეთის კანონის შესაბამისად, რომელიც კრძალავს "პირის პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის" გავრცელებას. შოკიროვს არ დაუზუსტებია, რა ინფორმაცია ჩაითვალა ადამიანის ღირსების შემლახავად. მიმდინარე თვეში რამდენიმე დღის განმავლობაში მიუწვდომელი იყო "ფეისბუკის", "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურისა" და ზოგიერთი სხვა ვებსაიტები. კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის ბეგ ზუჰუროვის განმარტებით, შეფერხება "ტექნიკური პრობლემებით" იყო გამოწვეული. ზოგიერთ საიტზე წვდომა კვლავაც გართულებულია ტაჯიკეთის რამდენიმე ინტერნეტ-პროვაიდერის საშუალებით. ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გასული წლის მარტსა და ნოემბერში დაბლოკა "ფეისბუკი" და რამდენიმე სხვა საიტი და მოგვიანებით აღადგინა მათზე წვდომა.
ყველაზე პოპულარული
1