Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NCC-ის გენერალურ დირექტორს გირაო შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია NCC-ის გენერალური დირექტორი გიორგი ქელბაქიანი 150 ათასი ლარის გირაოთი გაათავისუფლა, ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი 21 ნოემბერს დააკავეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით. ქელბაქიანის და ჩოგოვაძის საქმის გამოძიების გამო დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ მოპოვებული მტკიცებულებით, 2009-2012 წლებში კომპანია NCC თბილისის მთავრობის დაკვეთით, ექსკლუზიურად ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს და ამ წლებში დაკვეთების საერთო ღირებულებამ 200 მილიონ ლარამდე შეადგინა. გიორგობიანის განცხადებითვე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან გაცემულ თანხებს კომპანია NCC სხვადასხვა კორუფციული სქემით განკარგავდა და ერთ-ერთი მათგანი გამოძიების მიერ უკვე გამოვლენილია. კერძოდ, გიორგობიანის განმარტებით, კომპანია NCC-მ ფიზიკურ პირს გოჩა დარსაძეს და მისი კოტროლის ქვეშ მყოფ შპს. ”გვირაბგამყვანს” კონტრაქტის გარეშე ჩაერიცხა 6 მილიონ 589 ათასი ლარი, საიდანაც ქელბაქიანმა და ჩოგოვაძემ ე.წ. ”ატკატის” სახით უკან დაიბრუნეს 2 მილიონ 535 ათასი ლარი. ნინო გიორგობიანის განცხადებით, ფაქტის აღმოჩენისთანავე გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა არჩილ ჩოგოვაძე და გოჩა დარსაძე, რომლებმაც თავდაპირველ ჩვენებაში სამართალდარღვევა კატეგორიულად უარყვეს, დამატებითი დაკითხვისას კი დარსაძემ განაცხადა, რომ შსს-ში პირველ დაკითხვამდე ჩოგოვაძემ გააფრთხილა, რომ გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა და დაჰპირდა, რომ დაკავების შემთხვევაში გიორგი ქელბაქიანი აუცილებლად დაიხსნიდა.
XS
SM
MD
LG