Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის ბოლო ბრძოლების გახსენება


სოხუმი
სოხუმი
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მე-19 წლისთავზე, თბილისში გმირთა მემორიალთან პატივის მისაგებად ამჯერადაც საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი და ვეტერანთა ყველა თაობა მივიდა, მათ შორის, ის მებრძოლებიც, რომლებიც დღემდე სხვადასხვანაირად ხსნიან სოხუმის დაცემის მიზეზებს და ვერც იმაში თანხმდებიან, ღირდა თუ არა ბოლომდე ბრძოლა აფხაზეთის სხვა ქალაქების შესანარჩუნებლად. რა ხდებოდა სოხუმის დაცემამდე და მომდევნო დღეებში აფხაზეთის ფრონტის სხვა უბნებზე?

გადამდგარ პოლკოვნიკ ალექსი ბარბაქაძეს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ბრძოლების დაწყებიდან ბოლომდე მოუხდა ყოფნა. ჩემი თანამოსაუბრე, ერთ-ერთ ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფ “შავნაბადას” ბატალიონთან ერთად, სექტემბრის ბოლოს ცაგერასთან იმყოფებოდა. აკი იხსენებს, რომ ჯარისკაცებს სულ 10-ოდე კილომეტრი აშორებდათ სოხუმამდე, მაგრამ ქართულმა ქვედანაყოფებმა, დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ვერ მოახერხეს მოწინააღმდეგის თავდაცვითი ზღუდის გარღვევა. პოლკოვნიკი ბარბაქაძე ოპერაციის წარუმატებლობას რამდენიმე გარემოებით ხსნის:

“მოწინააღმდეგემ უპირატესობას მიაღწია იმ ხელშეკრულებით, რომლის დადების შემდეგაც ჩვენ არტილერია და ტანკები აღარ გვყავდა. მოწინააღმდეგე იყენებდა არტილერიას, ჩვენ კი ვიყავით მხოლოდ მსუბუქი შეიარაღებით. ჩვენ მობილურობა დავკარგეთ, როდესაც სამეგრელოში მოხდა გაჩერება ჩვენი ჯარების და როდესაც ფოთთან მიმდინარეობდა ბრძოლები, როდესაც სამოქალაქო ომმა იჩინა თავი.”
პირველ რიგში, არ იყო, მოშლილი იყო მართვა. მეორეც, არ იყო ერთიანობა. ძალიან რბილი შეფასება იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ერთმანეთს ხელი შევუშალეთ ...
ალექსი ბარბაქაძე

სოხუმის დაცვის ბრძოლებში მონაწილეობდა გადამდგარი გენერალი გუჯარ ყურაშვილი, რომელსაც სამხედრო ხელმძღვანელობის საბედისწერო შეცდომად მიაჩნია მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და არტილერიის სოხუმიდან დიდი დაშორებით გაყვანა. თანაც, გენერლის თქმით, ქართულ მხარეს სამშვიდობო შეთანხმების მოთხოვნა ზედმეტად გულმოდგინედაც კი შეუსრულებია და ტექნიკა საერთოდ აფხაზეთიდან გაუყვანია:

“თან ტექნიკა ჩვენ ენგურის ხიდამდე კი არ გამოვიყვანეთ, დავტვირთეთ ბარჟებზე, ამისთვის თან რუსებს ფული გადავუხადეთ, შემდეგ ფოთში ჩამოვიყვანეთ და ფოთში კი არ გავაჩერეთ, არამედ ჩამოვიყვანეთ თბილისში. აბა, წამგებიანი არ იყო ეს ხელშეკრულება?”

კარგი, ვთქვათ და, არტილერიის გამო, რაც ქართული არმიის მთავარი კოზირი იყო, სოხუმი დაეცა, მაგრამ სოხუმი ხომ არ იყო მთელი აფხაზეთი, რჩებოდა ქალაქები ოჩამჩირე და გალი. შეიძლებოდა თუ არა ბრძოლის გაგრძელება და აფხაზეთის დარჩენილი ტერიტორიის დაცვა? ამაზე ომის მონაწილეთა აზრი ორად იყოფა. პოლკოვნიკი ალექსი ბარბაქაძე ფიქრობს, რომ მარცხი გარდაუვალი იყო შიდა ღალატის გამო:
27-ში სოხუმი დაეცა. მე 30-ში კოდორიდან ჩავედი ოჩამჩირეში. ცაგერაში რომ მივედი, 500-ზე მეტი შეიარაღებული პიროვნება იდგა ცაგერაში, 500-ზე მეტი კბილებამდე შეიარაღებული ქართველი ...
გუჯარ ყურაშვილი

“ბევრი კომპონენტია მანდ, რომელსაც ახლა, როგორც პროფესიონალი, სულ სხვა თვალით ვუყურებ. პირველ რიგში, არ იყო, მოშლილი იყო მართვა. მეორეც, არ იყო ერთიანობა. ძალიან რბილი შეფასება იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ერთმანეთს ხელი შევუშალეთ. ჩვენ ხელი შეგვიშალეს. თუ გავიხსენებთ, რომ ფოთსა და სოხუმზე ერთდროულად დაიწყო შეტევა და გავიხსენებთ შემდეგ განვითარებულ პროცესებსაც, ამან სერიოზული ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა მეომრებზე.”

გენერალი ყურაშვილი კი სხვა აზრისაა. იგი იხსენებს, რომ სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობის გზით ჩავიდა ოჩამჩირის რაიონში, სადაც იმ დროს საკმაო რაოდენობის სამხედრო ძალა იყო თავმოყრილი. გენერალი გუჯარ ყურაშვილი არ ეთანხმება აზრს, თითქოს სოხუმის დაცემის შემდეგ საქართველოს არ შესწევდა ძალა სამხედრო ოპერაციები ეწარმოებინა და მოწინააღმდეგე თუნდაც ოჩამჩირის მისადგომებთან შეეკავებინა. იმაზე, თუ რატომ დათმო უბრძოლველად ქართულმა ჯარმა ოჩამჩირე და შემდეგ გალიც, გუჯარ ყურაშვილს საკუთარი აზრი აქვს:

“27-ში სოხუმი დაეცა. მე 30-ში კოდორიდან ჩავედი ოჩამჩირეში. ცაგერაში რომ მივედი, 500-ზე მეტი შეიარაღებული პიროვნება იდგა ცაგერაში, 500-ზე მეტი კბილებამდე შეიარაღებული ქართველი. მაგრამ მოხდა ისე, რომ ყველა წამოვიდა იქიდან, 24-ე ბრიგადამ ისე დატოვა ოჩამჩირე, რომ ერთი ტყვია არ გაუსვრია.”

დარწმუნებული ვარ, გენერალ ყურაშვილის მიერ ნახსენები 24-ე ბრიგადის მეთაურს რომ ჰკითხო აფხაზეთიდან სრული უკუქცევის მიზეზის განმარტება, მასაც თავისი არგუმენტი და თავისი წილი სიმართლე ექნება. ესეც 19 წლის წინანდელი ომის დამახასიათებელი თვისებაა, იმ ომისა, სადაც ყველა ქვედანაყოფს, საძმოს თუ სახალხო ლაშქარს, თავისი გენერალი ჰყავდა და თავისი ომი ჰქონდა. თუმცა, პატარ-პატარა სიმართლეებისა თუ გმირობების მიუხედავად, მთავარი მწარე სიმართლე არ იცვლება. საქართველომ დაკარგა აფხაზეთი და იმ დღიდან 19 წელი ისე გავიდა, ვითარცა ერთი დღე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG