Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიტიკის ფონზე საფრანგეთში განახლდა ბოშების გასახლების ტალღა


ბოშების ბანაკი საფრანგეთში
ბოშების ბანაკი საფრანგეთში
დღეს საფრანგეთს მივაშურებთ, სადაც ამ დღეებში კვლავ შეიძინა სიმწვავე ბოშების დეპორტაციის თემამ. საქმე ის გახლავთ, რომ პოლიციამ საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ბოშათა ბანაკზე განახორციელა რეიდი და ბანაკის 200-მდე მცხოვრები გამოასახლა. ამან საზოგადოებას 2010 წლის ანალოგიური პროცესები და სკანდალი გაახსენა.

ამჯერად პოლიცია ქალაქ ლილის სიახლოვეს სახელდახელოდ გამართულ ბანაკში შევიდა. სააგენტო „როიტერსის“ შეფასებით, ამ ფაქტმა აჩვენა, რომ სოციალისტური მთავრობა უკანონო მიგრანტებთან მიმართებით წინა, კონსერვატიული ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებულ პოლიტიკას იმეორებს.
„როიტერსის“ ცნობით, სპეცრაზმელების აღჭურვილობით შეიარაღებული ათობით პოლიციელი ბანაკში ხუთშაბათს გამთენიისას შევიდა და 200-მდე ბოშა გაასახლა გზატკეცილთან ახლოს აღმართული მობილური სახლებიდან.

ლილში განხორციელებულ რეიდამდე პოლიცია გასულ კვირაში პარიზსა და ლიონში გამართულ ბოშათა ბანაკებშიც შევიდა. ამ რეიდების შედეგად, ასობით აღმოსავლეთევროპელი, დოკუმენტების გარეშე მცხოვრები ბოშა გამოასახლეს საცხოვრებელი სახლებიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მანუელ ვალმა, რომელსაც „მკაცრი“ იმიჯის მქონე ფიგურად იცნობენ, განაცხადა, რეიდები კანონიერი და საჭირო იყო იმის გამო, რომ ამ სახელდახელო საცხოვრებლებში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდაო.

„ბანაკები, სადაც სანიტარული ნორმები დარღვეულია, მიუღებელია“, თქვა მან და დასძინა: „ეს ბანაკები ხშირად მუშათა კლასის წევრებით დასახლებულ უბნებში მდებარეობს და საზოგადოებრივ ცხოვრებასაც სირთულეებს უქმნისო“.
პოლიციის რეიდებმა ბევრს ბოშების გამოსახლების ის ტალღა გაახსენა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მმართველობის დროს განხორციელდა, 2010 წლის ზაფხულში, და რომელმაც ევროკავშირის, კათოლიკური ეკლესიისა და უფლებადამცველების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

ბოშები საფრანგეთის იმიგრანტი მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტს შეადგენენ, თუმცა ისინი ხშირად ხდებიან ანტიიმიგრანტული სულისკვეთების დისკუსიისა და მემარჯვენე პოლიტიკოსების პოპულიზმის საგანი. შესაძლოა ამის მიზეზი მათი მოხეტიალე ცხოვრების სტილი იყოს ან ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ბოშა ჯიბის ქურდობას მისდევს ან მათხოვრობს. ანტიბოშური სანტიმენტის გაღვივებამ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების პოპულარობის ზრდასაც შეუწყო ხელი მაისში ჩატარებული არჩევნების წინა პერიოდში.

სარკოზის მთავრობამ ათასობით ბოშა დააბრუნა რუმინეთში, თუმცა მათგან ბევრმა ისარგებლა ევროკავშირის ლიბერალური საზღვრებით და კვლავ უკან დაბრუნდა. ამასთან, საფრანგეთის სახელმწიფოსგან ქვეყნის დატოვებისთვის გამოყოფილი დახმარება - თითო ადამიანზე 300 ევრო - მათ მიღებული ჰქონდათ.

სტერეოტიპიზაცია და ბოშა ხალხის უარყოფითი აღქმა, რასაც ვაწყდებით ზოგიერთ მედიასა და ევროპული საზოგადოებრივი აზრის გარკვეულ გამოვლინებებში, ცხოვრების ყველა სფეროში იწვევს დისკრიმინაციას ...
ახლა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა გადახედავს უკანონო იმიგრანტებისთვის დახმარების გაცემის საკითხს. ამასთან, მინისტრის ცნობით, მთავრობა იმ შეზღუდვებსაც შეისწავლის, რომლებიც რუმინეთის მოქალაქეებს საფრანგეთში მუშაობისთვის აქვთ დაწესებული. სწორედ რუმინეთი - თავად ევროკავშირის წევრი - არის ის ქვეყანა, საიდანაც საფრანგეთში ბოშების უმრავლესობა ჩადის.

უფლებადამცველები ბოშათა ბანაკზე განხორციელებულ ახალ რეიდსაც აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ლილის შემოგარენიდან გამოძევებულ ორასამდე ბოშას - მათ შორის, 60-მდე ბავშვს - რუმინეთში დაბრუნებამდე წასასვლელი არსად აქვს, ვინაიდან მთავრობას მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე არ უზრუნია.

„რა ელის ამ ოჯახებს?“ - ამბობს მამა არტური, ბოშათა უფლებების დამცველი მღვდელი, რომლის სიტყვებსაც „როიტერსი“ ავრცელებს. „მათ ყველაფერი წაართვეს. ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა“, -დასძენს სასულიერო პირი.

გავრცელებული შეფასებით, საფრანგეთში 15-20,000 ბოშა ცხოვრობს. აღმოსავლეთ ევროპაში - ძირითადად რუმინეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში - მათი რიცხვი 12 მილიონს აღწევს.

ბოშები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მეტად დისკრიმინირებულ უმცირესობას წარმოადგენენ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბოშებზე რასიზმით მოტივირებული თავდასხმები ბოლო წლებშიც მოხდა. ბოშათა საერთაშორისო დღეს - 8 აპრილს - გავრცელებულ განცხადებაში ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ წერდა:

„სტერეოტიპიზაცია და ბოშა ხალხის უარყოფითი აღქმა, რასაც ვაწყდებით ზოგიერთ მედიასა და ევროპული საზოგადოებრივი აზრის გარკვეულ გამოვლინებებში, ცხოვრების ყველა სფეროში იწვევს დისკრიმინაციას. მთავრობებმა მაგალითი უნდა მოგვცენ, უნდა შეებრძოლონ იმ წინასწარ შექმნილ განწყობებს, რომლებიც ბოშების დისკრიმინაციას იწვევს, და მათი თანასწორობა უნდა უზრუნველყონ.“

ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომლის შედეგებიც მაისში გამოქვეყნდა, ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ბოშების მხოლოდ 15 პროცენტს აქვს სრულად მიღებული საშუალო განათლება, 90 პროცენტზე მეტი კი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს იმ ქვეყნის მაჩვენებლებით, რომლის მოქალაქეც არის. ბოშათაგან თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევა გამოსცადა.

უფლებადამცველების და აქტივისტების აზრით, ბოშათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გაბედული მოქმედება და ჩაკეტილი წრის გარღვევაა საჭირო. თორემ დისკრიმინაცია მარგინალიზაციას იწვევს როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით - ბოშები ვერ შოულობენ სამუშაოს, არ აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები, ხელი არ მიუწვდებათ სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე. შესაბამისად, მათი ფუნდამენტური უფლებები შელახული რჩება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG