Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან


კახეთში 19 ივლისის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი 150 მილიონზე მეტია. დაზარალებულები კომპენსაციის მოლოდინში არიან, თუმცა ზოგ მათგანს ამის იმედი არა აქვს.

ლიანა მოდებაძე წელს 6 ტონა საფერავის ჯიშის ყურძენს ელოდებოდა, საიდანაც მიღებული შემოსავალი 5 ათას ლარამდე უნდა ყოფილიყო. ვენახი 7 ათას კვადრატულ მეტრზე, ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს გაშენებული. იმის გამო, რომ საშუალება არ ჰქონდა, მუშა ხელი ვერ დაიხმარა და საგაზაფხულო სამუშაოებიდან დაწყებული დღემდე ვენახს მარტო უვლიდა. მიუხედავად ამისა, შესაწამლ საშუალებებზე 800 ლარი მაინც დაეხარჯა:

"ერთი მარცვალი მოსავალიც აღარ დამრჩა. 7 ათას კვადრატულ მეტრზე მაქვს ვენახი. ყოველწელს 6 ტონამდე ვაბარებდი. 800 ლარი დამიჯდა მხოლოდ ვენახის შეწამვლა, დანარჩენი ჩემი შრომაა, რომელსაც არ ვაფასებ. ვაზს ტოტები არ აქვს დამტვრეული, მაგრამ არც ნაყოფი და არც ფოთოლი აღარ შერჩა. შხამქიმიკატები დაარიგეს, მაგრამ მე რომ მივედი, იმ დღეს არ მუშაობდნენ და ჯერ არ მიმიღია."

სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არიან ოჯახები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათთან არავინ მისულა და მხოლოდ ქუჩიდან გადასძახეს, რომ, თუ ოთახებში წყალი არ ჩამოგდით, ვერ დაგეხმარებითო.

ავთო დევაძე: "ჩვენთან არ მოსულან, მეუღლე იყო სახლში."

ისეთი ოჯახები, რომლებსაც არ ჰქონდათ თავშესაფარი, ჩვენ გამოვიყვანეთ სახლებიდან და შევასახლეთ სხვა შენობებში. ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, რამდენია ასეთი ოჯახი ...
გიორგი ღვინიაშვილი

საუბარში მეუღლე, გიული გაგნიძე ერთვება: "აქ არ შემოსულან. გვითხრეს, რომ თუ წვიმა არ ჩამოგდით, ისე ვერ დაგეხმარებითო. არადა, ფარდულის სახურავი სულ ჩამოიშალა. ვერ დაგეხმარებითო და რა ვქნა."

დაზარალებულ მოსახლეობაზე რამდენიმე კატეგორიის დახმარება გაიცემა. ესენია: სურსათი, დიზელი, შხამქიმიკატები, სამშენებლო მასალები და ფულადი კომპენსაცია. 28 ათასი დაზარალებულიდან აღნიშნული დახმარებები ჯერ მხოლოდ ნახევარმა მიიღო. ემზარ გვალია, რომელიც შხამქიმიკატების დარიგების პროცესში იყო ჩართული, ამბობს, რომ ისეთ პრეპარატებს არიგებენ, რომელიც დასეტყვილ ვენახებს სჭირდება.

ემზარ გვალია: "ისეთი წამალია, რომელსაც სპილენძის შემცველობა აქვს. ეს კარგი პრეპარატია და ზუსტად სეტყვით დაზიანების დროს არის კარგი, რომ შეიწამლოს."

სტიქიის შედეგები ჯერ არ არის დათვლილი, თუმცა კახეთში უსახურაოდ დარჩენილი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ამბობს, რომ სახურავის გარეშე სულ 3000, მოსავლის გარეშე კი 20 ათასზე მეტი ოჯახი დარჩა. ამასთან, გუბერნატორის თქმით, ღია ცის ქვეშ არავინ არის დარჩენილი. ასეთი ოჯახების ნაწილი სხვა შენობაში გადაიყვანეს, ნაწილი კი ნათესავებთან ცხოვრობს.

გიორგი ღვინიაშვილი: "ისეთი ოჯახები, რომლებსაც არ ჰქონდათ თავშესაფარი, ჩვენ გამოვიყვანეთ სახლებიდან და შევასახლეთ სხვა შენობებში. ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, რამდენია ასეთი ოჯახი. ამ მონაცემებს მუნიციპალიტეტის გამგეობები ფლობენ.“

ოფიციალური ინფორმაცია, თუ რამდენი მილიონი ლარით დაზარალდა 19 ივლისის სტიქიის შედეგად კახეთის რეგიონი, ამ დრომდე არ არსებობს. თუმცა ოფიციალური პირები სავარაუდო ციფრად 150 მილიონს ასახელებენ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კომპენსაციების გაცემა, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან დაიწყება, პრემიერ-მინისტრმა კი კახეთში გამგებლებს და რწმუნებულებს დაზარალებული მოსახლეობის რეგისტრაციისთვის 10 დღის ვადა მისცა.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG