Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოგამოფენა „ნაიარევი სამოთხე“ და მოუშუშებელი იარები


ჩეხი ფოტოგრაფის ვაცლავ ვაშკუს მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტოების გამოფენა
ჩეხი ფოტოგრაფის ვაცლავ ვაშკუს მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტოების გამოფენა
„ნაიარევი სამოთხე“ - ასე ეწოდებოდა ერთკვირიან ფოტოგამოფენას, რომელიც 5-დან 12 აპრილამდე ქართულმა სათვისტომომ და ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ემიგრანტების ინტეგრაციისათვის“ ერთობლივად მოაწყვეს. ჩეხი ფოტოგრაფის ვაცლავ ვაშკუს მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტოების გარდა, საქართველოში არსებული კონფლიქტებით დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა ენახა ასევე რეჟისორ მამუკა ყუფარაძის ფილმი „აგვისტოს ომის განაჩენი“ და არა მხოლოდ კონფლიქტებზე ესაუბრათ, არამედ მოესმინათ ქართველი და ჩეხი თვითნასწავლი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერები, რაც კონფლიქტით გაყოფილ ადამიანებს დღემდე აერთიანებთ.

იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს შორის, რომლებიც ხუთშაბათს პრაღის შუაგულში მდებარე „ემიგრანტების ინტეგრაციის ცენტრში“ იმყოფებოდნენ, სოხუმელი გიგუშა ანჩაბაძეც იყო. შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახის თავკაცმა, ძირძველმა სოხუმელმა, საყვარელი ქალაქი 1992 წლის აგვისტოს ომამდე 4 დღით ადრე დატოვა და პრაღაში თავის ორ ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა - მეგობარს ორი კვირით ესტუმრა. მაგრამ 1992 წლის 14 აგვისტოს სოხუმში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ გიგუშა ანჩაბაძე პრაღაში დარჩა და დარჩა. მშობლიური ქალაქისა და კუთხის ნოსტალგიას ის თავის კუთვნილ პატარა ღვინის სარდაფში თავის მიერვე სოხუმზე შექმნილი ინტერნაციონალური პოპურით იქარვებს.

5 აპრილს „ემიგრანტების ინტეგრაციის ცენტრში“ გიგუშა ანჩაბაძემ თავის მეგობრებთან - ბულგარელ როსენ მიხაილოვთან, ჩეხ ოლდა ნოვოტნისა და იოზეფ სნოპეკთან - ერთად რამდენიმე სახელდახელო ქართული სიმღერა შეასრულა და ამით ოდნავ შეამსუბუქა ის მძიმე განწყობა, რაც აუდიტორიას აფხაზეთზე ფოტოგამოფენისა და ფილმ „აგვისტოს ომის განაჩენის“ ნახვის დროს დაეუფლა.

ომს, რომელიც 20 წლის წინ, საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, სპონტანურად, რკინიგზის მაგისტრალის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი რაზმების შეყვანით დაიწყო, ორივე მხრიდან რამდენიმე ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირის დაღუპვა, სოხუმის ნგრევა, ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებული ქართული რეგიონის გაპარტახება და ასეული ათასობით მკვიდრი ქართველი, ბერძენი, რუსი, უკრაინელი და სომეხი ეროვნების ადამიანების საკუთარი სახლებიდან აყრა მოჰყვა.
გალის რაიონი ისე გამოიყურება, თითქოს ომი იქ გუშინ დამთავრდაო. მაგრამ, აი, აგრძელებ გზას და ხედავ სოხუმს, რომელიც დავიწყებულ სამოთხეს წააგავს ...
ვაცლავ ვაშკუ

ჩეხმა ფოტოგრაფმა ვაცლავ ვაშკუმ, რომელმაც ჩეხური ორგანიზაციის „ნესეჰნუტის“ წარმომადგენლებთან ერთად გასული წლის მაისში იმოგზაურა აფხაზეთში, გულისტკივილით აღმოაჩინა, რომ ომიდან 20 წლის შემდეგაც აფხაზეთის ბევრ ადგილს ემჩნევა ბრძოლებისა და გაპარტახების კვალი, რის გამოც საკუთარ ფოტოგამოფენას „ნაიარევი სამოთხე“ უწოდა. ჩეხი ფოტოგრაფი ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დახვდა გალის რაიონში, სადაც, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით, ენგურის ხიდით შევიდა:

„გალის რაიონი ისე გამოიყურება, თითქოს ომი იქ გუშინ დამთავრდაო. მაგრამ, აი, აგრძელებ გზას და ხედავ სოხუმს, რომელიც დავიწყებულ სამოთხეს წააგავს. იქ გხვდება ძალიან ლამაზი სანაპირო, მშვენიერი ხალხი, შესანიშნავი კერძები და ღვინო. ხალხი მშვენივრად ცეკვავს, ჩვენთან აქ ამაზე არაფერი იციან. ამიტომაც დავარქვი გამოფენას „ნაიარევი სამოთხე“. ეს არის სამოთხე, რომელსაც კონფლიქტისგან ჭრილობები მიადგა.“

„ნაიარევ სამოთხეში“, აფხაზეთში, თავისი 20 წლიანი ემიგრანტობის მანძილზე ორჯერ იმოგზაურა გიგუშა ანჩაბაძემ. პრაღის „ემიგრანტების ინტეგრაციის ცენტრში“ გამართულ პრეზენტაციაზე მან თავისი თავგადასავალი იქ შეკრებილ საზოგადოებას უამბო. გაიხსენა, რომ ხანგრძლივი განშორების შემდეგ სოხუმში პირველად 2002 წელს, მეორედ კი შარშან აგვისტოში ჩავიდა ღვიძლი დისა და ნათესავების მოსანახულებლად. გიგუშა ანჩაბაძე აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე ყოველგვარი ოპტიმიზმის გარეშე ლაპარაკობს:

„დანგრეულია ყველაფერი და ფული არ აქვთ, რომ გააკეთონ. ამხანაგებიდან აღარავინ იყო, მაგრამ დაიკო და ნათესავები მყავს იქ და ვიხსენებ, ჩემო ბატონო. მაგრამ არ იყო ისე, როგორც იყო უწინ. აკლია ის, რომ ერთად ვიყოთ ყველანი - სხვების გარეშე, უფროსი ძმების გარეშე.“

ეს გიგუშა ანჩაბაძისა და მის ბედქვეშ მყოფი ათეულათასობით დევნილის აუხდენელი ოცნებაა. მათ აფხაზეთში ჯერჯერობით არავინ ელოდება. დევნილთა სრულმასშტაბიან დაბრუნებას აფხაზეთის ლიბერალურად განწყობილი ადამიანებიც ეწინააღმდეგებიან.

„დევნილთა სრულმასშტაბიანი დაბრუნება თანამედროვე პირობებში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. აფხაზეთში ლიბერალურად განწყობილ ადამიანებსაც ესმით ეს, რადგან ეს კიდევ ერთ საშინელ კონფლიქტამდე მიგვიყვანს. და ეს არავის სჭირდება - არც მას, ვინც დაბრუნებას მოინდომებს და არც მათ, ვინ აქ ცხოვრობს“, ამბობს ირაკლი ხინთბა, ახალგაზრდა აფხაზი პოლიტოლოგი, რომელიც ცოტა ხნის წინ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ფოტოგამოფენა
ფოტოგამოფენა
ირაკლი ხინთბა პრაღაში გამართულ პრეზენტაციაზე არ ყოფილა. მან ეს კომენტარი ფილმ „აგვისტოს ომის განაჩენის“ გადამღები ჯგუფის წევრებთან გააკეთა. აღნიშნული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც კონფლიქტოლოგი მამუკა ყუფარაძეა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებს 5 აპრილს პრაღაში არსებულ „ემიგრანტების ინტეგრაციის ცენტრში“ ჩეხი ფოტოგრაფის ვაცლავ ვაშკუს ფოტოგამოფენასთან ერთად აჩვენეს. აფხაზური საზოგადოების წარმომადგენელთა ასეთმა რადიკალურმა დამოკიდებულებამ, ცხადია, ყველაზე მეტად ქართული სათვისტომოს წევრებზე იმოქმედა. ჩეხეთის აგრარული უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტმა გურამ კელაპტრიშვილმა ქართველი დევნილების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას მიუღებელი უწოდა:

„კერძოდ, არ ვეთანხმები აფხაზების გამოსვლას, რომ ცალკე სურთ ცხოვრება და ასევე უარს ამბობენ იმ ქართველების დაბრუნებაზე, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, რადგან ისინი ისეთივე აფხაზები და ქართველები არიან და უფლება აქვთ, რომ დაბრუნდნენ.“
შეგროვებული თანხიდან ჩეხებმა თავიანთი ინციატივით იყიდეს სამუშაო ხელსაწყოები, პირადად ჩაიტანეს საქართველოში და იქ, სიღნაღის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლში, რამდენიმე თვე იცხოვრეს ...
ჯიმი დაბრუნდაშვილი

ჩემი თანამოსაუბრე გურამ კელაპტრიშვილი, ისევე როგორც პრაღის „ემიგრანტების ინტეგრაციის ცენტრში“ შეკრებილი სხვა სტუმრები, ეთანხმება აზრს, რომ საჭიროა მუდმივი დიალოგი, შეხვედრები ენგურის ორივე მხარეს და საომარი რიტორიკის სამოყვრო საუბრით შეცვლა, თუნდაც ერთი პრეზენტაციის, ორგანიზატორების მიერ „ნაიარევ სამოთხედ“ სახელდებული ფოტოგამოფენის ფარგლებში. ასე ხომ ადამიანებს უფრო თავისუფლად, პროპაგანდისტული კლიშეების გარეშე შეუძლიათ საუბარი, ერთმანეთისთვის გულისნადების გაზიარება და ახალი მეგობრების შეძენა. სწორედ ასეთი მეგობრული, ადამიანური კავშირებით შეიქმნა ხუთი წლის წინ ერთ-ერთ ანალოგიურ შეხვედრაზე ქართულ-ჩეხური ფოლკლორული ანსამბლი „კედელი“, რომელიც საქველმოქმედო კონცერტებით აგროვებს თანხებს სიღნაღის ბავშვთა სახლისათვის.

„2008 წლიდან, სადღაც ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ჩავატარეთ ხუთზე მეტი კონცერტი. შეგროვებული თანხიდან ჩეხებმა თავიანთი ინციატივით იყიდეს სამუშაო ხელსაწყოები, პირადად ჩაიტანეს საქართველოში და იქ, სიღნაღის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლში, რამდენიმე თვე იცხოვრეს. მათ მოზარდებს ასწავლეს როგორ დაემზადებინათ შეძენილი ხელსაწყოების მეშვეობით სხვადასხვა სახის სუვენირები, რომლებსაც ბავშვთა სახლისგან ტურისტები ყიდულობენ“, ამბობს ჯიმი დაბრუნდაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, ბავშვების ხელით ნაკეთები სუვენირები საქართველოს სათვისტომოს პრაღაში ჩამოაქვს და ყიდის სხვადასხვა ფესტივალებზე, შემოსული თანხები კი სიღნაღის ბავშვთა სახლს უკან უბრუნდება. და, აი, ამგვარად, ერთი პატარა საღამოც კი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს საქართველოს, მისი კულტურის, ფოლკლორისა და ღვინის პოპულარიზებისათვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს საელჩომ პრაღაში და ქართულმა სათვისტომომ, მეგობარი ჩეხური ორგანიზაციების დახმარებით, ასეთი ღონისძიების ერთობლივი ძალებით ჩატარების კარგი გამოცდილება შეიძინეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG