Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი: პრეზიდენტი, პლაგიატი და პოლიტიკური პრობლემები


პალ შმიტი
პალ შმიტი
პოსტკომუნისტური უნგრეთის ისტორიაში პალ შმიტი პირველი პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი პლაგიატთან დაკავშირებული სკანდალი გახდა. საუნივერსიტეტო კომისიამ დაადგინა, რომ თავის დროზე, 1992 წელს, შმიტმა თავისი სადოქტორო დისერტაცია თითქმის მთლიანად სხვა ავტორების ტექსტებიდან გადაიწერა. შესამაბისად, შმიტს დოქტორის წოდებაც ჩამოერთვა.

პირველ ეტაპზე შმიტი აცხადებდა, რომ უნივერსიტეტის გადაწყვეტილება მას ვერ აიძულებდა პრეზიდენტის პოსტის დატოვებას, მაგრამ ოპოზიციური პარტიისგან მისი იმპიჩმენტის თაობაზე მოწოდებებმა და ასობით დემონსტრანტის მიერ მისი გადადგომის მოთხოვნამ, როგორც ჩანს, გაჭრა და 2 აპრილს შმიტმა პარლამენტს თავისი გადაწყვეტილება ამცნო: „უნგრეთის კონსტიტუციის თანახმად, რომელსაც ხელი მოვაწერე, პრეზიდენტი ერის ერთიანობას გამოხატავს. ეს პუნქტი ნიშნავს, რომ ამ ვითარებაში, როცა ჩემი პირადი საკითხი ჩემი საყვარელი ერის დაყოფას იწვევს ერთიანობის ნაცვლად, ჩემი ვალია დავასრულო ამ პოსტზე მსახურება და გადავდგე პრეზიდენტის პოსტიდან.“

69 წლის პალ შმიტი 2010 წლის ივნისში აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად, რომელიც, უმეტესწილად, რეპრეზენტაციულ ფუნქციებს ასრულებს. ის პოლიტიკაში სპორტის სამყაროდან მოვიდა. შმიტი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ფარიკაობაში და სადოქტორო დისერტაციაც ოლიმპიური თამაშების ისტორიაზე ჰქონდა დაწერილი.

პოლიტიკაში პალ შმიტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირედ მიიჩნევდნენ. უნგრეთის და ევროპის სხვა ქვეყნების პრესაში გამოქვეყნებულ არაერთ წერილში ვკითხულობთ, რომ შმიტი, ფაქტობრივად, ავტომატურად, კრიტიკისა და შეკითხვების გარეშე აწერდა ხელს მთავრობის მიერ შემოღებულ ახალ კანონებს, რომელთაგან ბევრი პოლიტიკურად მგრძნობიარე და სკანდალურიც კი იყო - მათ შორის არის რეფორმა უკანა რიცხვით ამოქმედებული გადასახადების შესახებ.

ანალიტიკოსების აზრით, იმის გამო, რომ შმიტმა თავისი გადადგომა არ გააჭიანურა, ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ახალი სირთულეები არ შეექმნება, თუმცა ზოგადი ფონი უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობისთვის უკვე საკმაოდ რთულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელმაც თავის დროზე სახელი უნგრეთის კომუნისტური დიქტატურის კრიტიკით და გაპროტესტებით გაითქვა, ბოლო წლებში თავად არის მწვავე კრიტიკის ობიექტი. ორბანს და მის კონსერვატიულ პარტია „ფიდეზს“ ხელისუფლების სულ უფრო მეტად ცენტრალიზებასა და დემოკრატიის შეზღუდვაში სდებენ ბრალს.

ამ ვითარებაში, როცა ჩემი პირადი საკითხი ჩემი საყვარელი ერის დაყოფას იწვევს ერთიანობის ნაცვლად, ჩემი ვალია დავასრულო ამ პოსტზე მსახურება ...
პალ შმიტი
ევროკავშირმა, რომლის წევრიც უნგრეთი 2004 წელს გახდა, ამ ქვეყანაში გატარებული რეფორმების წინააღმდეგ საქმე აღძრა. კერძოდ, ევროპის კომისია თვლის, რომ ორბანის კოალიცია, რომელიც პარლამენტში ორ მესამედს ფლობს, ზღუდავს დემოკრატიის პრინციპებს, მათ შორის ცენტრალური ბანკის თუ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.

ამასთან, ორბანის კონსერვატიულმა მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი მედიის კანონიც შეცვალა, რასაც ასევე მწვავე კრიტიკა მოჰყვა, პრესაზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების ბრალდებით.

ასეთ ფონზე, გასული წლის ბოლოს უნგრეთმა მოულოდნელად ევროკავშირს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ფინანსური დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა. ქვეყანას დიდძალი ვალები დაუგროვდა და მისი ვალუტა, ფორინტი, ევროსთან მიმართებით უპრეცედენტოდ დაბალ მაჩვენებელზე დაეცა.

თუმცა სესხის მისაღებად ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა - ნაწილობრივ იმის გამო, რომ ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მოთხოვნილი საკანონმდებლო ცვლილებები უნგრეთს ჯერჯერობით არ გაუტარებია.

შიდაპოლიტიკურ თუ საერთაშორისო ასპარეზებზე კრიტიკის საგნად ქცეული კანონებიდან ბევრმა - ისევე როგორც კონსტიტუციის ახალმა ვარიანტმა - პალ შმიტის ხელში გაიარა.

ახლა - შმიტის გადადგომის შემდეგ - პრეზიდენტის პოსტზე ახალი კანდიდატურის მოსაძებნად პარლამენტს 30 დღე აქვს. მანამდე პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს სპიკერი, ლაზლო კოვერი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, შმიტის კურსს გაჰყვება და გააგრძელებს ორბანის მთავრობის პოლიტიკის უპირობო მხარდაჭერას.

შმიტის შესახებ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ წერილებში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური ფიგურის რანგში მას ჩვეულებრივი მოქალაქის ერთგვარი სადა მომხიბვლელობა ჰქონდა - თუმცა, ამის მიუხედავად, მან მაინც ვერ შეძლო ხალხთან, ამომრჩეველთან მყარი კავშირის გაბმა. ელექტორატის დიდი ნაწილი შმიტს აღიქვამდა პოლიტიკური ავტონომიის არმქონე ფიგურად, რომლის ფუნქციაც მხოლოდ საკამათო რეფორმების კანონებად ქცევით შემოიფარგლებოდა. თავის დროზე, პრეზიდენტის პოსტზე ინაუგურაციის ცერემონიაზე, შმიტმა თავად თქვა, მთავრობის პოლიტიკის „ლოკომოტივი“ ვიქნებიო.

რაც შეეხება პლაგიატის ბრალდებას, ორშაბათს, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, შმიტმა განაცხადა, რომ დოქტორის ხარისხის ჩამორთმევას გაასაჩივრებს ჯერ უნივერსიტეტში და მერე, თუ საჭირო გახდა, სასამართლოშიც. „ჩემთვის ეს ღირსების საქმეაო“ - დააზუსტა უნგრეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG