Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბროვცევ-ხუგაევის დაპირისპირება გრძელდება


ვადიმ ბროვცევი
ვადიმ ბროვცევი
დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე ვადიმ ბროვცევს კიდევ ერთი მცდელობა აქვს თვითაღიარებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, თეიმურაზ ხუგაევი, თანამდებობას ჩამოაცილოს. ბროვცევის ერთი მცდელობა მაშინ აღმოჩნდა უშედეგო, როცა პარლამენტს მისი გადაყენების თხოვნით მიმართა - პარლამენტი კი ძირითადად სწორედ ხუგაევისა და კოკოითის მომხრეებით არის დაკომპლექტებული და ამიტომ გენპროკურორის გადაყენებაზე უარი თქვა. პარლამენტმა ყოფილი პრეზიდენტის თხოვნა ხუგაევის გადაყენების შესახებ არც ნოემბრის არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა, რაც კოკოითისა და ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას შეთანხმების ჩაშლის მიზეზი გახდა. კოკოითი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ხელისუფლებაში მყოფი თანამებრძოლების მეშვეობით ინარჩუნებს, მაგრამ უკან დახევას არც ბროვცევი აპირებს. ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურაში მან სპაციალური კომისია შეგზავნა. კომისიამ პროკურატურის მუშაობაში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. ვადიმ ბროვცევმა და უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდეს პარლამენტს შეამოწმოს პროკურატურა და ხუგაევი დროებით თანამდებობიდან გადააყენოს. ადგილობრივი პოლიტიკოსები კარგად ხვდებიან, რომ ბროვცევი ხუგაევის ჩამოშორებას არჩევნებამდე ჩქარობს, რათა გენერალურმა პროკურორმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ადგილზე ვითარება კიდევ ერთხელ არ დაძაბონ. ბროვცევს უკვე კომუნისტებიც მიემხრნენ. მათი კანდიდატის - სტანისლავ კოჩიევის - შტაბის უფროსმა მურად ვანეევმა ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი გზა სწორედ კოკოითის მომხრეების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.

რუსული სააგენტო „რეგნუმის“ მთავარი რედაქტორის, მოდესტ კოლეროვის შეფასებით, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მხრიდან გენერალურ პროკურორზე დაწყებული შეტევა მაჩვენებელია საბოლოო განხეთქილებისა სახელისუფლებო კოალიციაში. მისი თქმით, კოალიცია, რომელშიც კოკოითი, ბროვცევი, ხუგაევი და მათი თანამებრძოლები შედიოდნენ, ნოემბრის არჩევნების წინ კრემლის კანდიდატის, ანატოლი ბიბილოვის გარშემო გაერთიანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბროვცევს და კოკოითის მანამდე დაპირისპირება ჰქონდათ. კოლეროვის აზრით, უკვე დაშლილი კოალიციის წევრებს მარტის არჩევნებზე საკუთარი ფავორიტები ჰყავთ და მათ შორის სერიოზული ბრძოლაა დაწყებული.

ადგილობრივი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დე ფაქტო პარლამენტმა ბროვცევს კიდევ ერთხელ უთხრას უარი და არჩევნების წინ გენერალური პროკურატურის შემოწმება და პროკურორის დროებით თანამდებობიდან გადაყენება მიზანშეუწონლად მიიჩნიოს. ცნობისათვის: საპარლამენტო სახალხო პარტია მთლიანად კოკოითის მომხრეებით არის დაკომპლექტებული, მმართველი პარტიის - „ედინსტვოს“ - თავმჯდომარე ექს-პრეზიდენტი კოკოითია. მესამე საპარლამენტო პარტია კი, კომპარტია, უმცირესობაშია. ამიტომ თვითაღიარებული პარლამენტის მეშვეობით კოკოითი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG