Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში არჩევნებს რუსი ჯარისკაცები ჩაატარებენ


რუსული სამხედრო ბაზა ცხინვალში
რუსული სამხედრო ბაზა ცხინვალში
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. 4 მარტს აქ 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 98 პროცენტი რუსეთის მოქალაქეცაა, ამიტომ არჩევნებში, რუსულ სამხედრო ბაზებში მყოფი მოსამსახურეების გარდა, ისინიც მიიღებენ მონაწილეობას. რუსი ჯარისკაცების ნაწილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა: რამდენიმე დღით ადრე ხმის მიცემა დე ფაქტო რესპუბლიკის მოშორებულ, ახალგორის და ზნაურის რაიონში, სამხედრო ბაზებზე უკვე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სათათბიროს არჩევნებისთვის სულ 8 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და მონაწილეობა 13 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო, მაგრამ ახლა უბნების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, რაც, ექსპერტების აზრით, გაყალბებისთვის სჭირდებათ. 4 მარტის არჩევნების ორგანიზებით ცხინვალში რუსეთის საელჩოა დაკავებული, მაგრამ აქ დასაქმებულ ადამიანებს პრობლემები შეექმნათ: რუსული კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის წევრებად მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები უნდა იყვნენ შერჩეული, ადგილობრივ ოსებს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვთ; ამიტომ საელჩომ კომისიებში რუსი ჯარისკაცები გამოიძახა. რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების წარმომადგენელი ტამერლან ზასეევი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დე ფაქტო რესპუბლიკაში ძალიან გამარტივებულია და ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს თუნდაც ვადაგასული რუსული პასპორტით შეუძლია, რაც ადგილობრივ ანალიტიკოსებს ეჭვს უძლიერებს, რომ პუტინის მხარდასაჭერად საელჩოს წარმომადგენლები და ჯარისკაცები ეგრეთ წოდებულ კარუსელს გამოიყენებენ. ექსპერტების აზრით, კრემლის უხეში ჩარევა დე ფაქტო რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ამომრჩეველთა აქტივობაზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი არა. ცხინვალელი ვალენტინა ბაგაევა მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთში ვითარება ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის გამო დაიძაბა და რუსი მოხელეები არაფერ შუაში არიან.

ექსპერტების აზრით, როგორც 4, ისე 25 მარტის არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა დაბალი იქნება, რადგან ცხინვალელების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნოემბერში მათი არჩევანი სწორედ პუტინმა გათელა ფეხქვეშ და დე ფაქტო რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტი ალა ჯიოევაა. გარდა ამისა, ცხინვალელი კოლეგები პირად საუბრებში ხშირად ხუმრობენ ხოლმე, რომ მსოფლიოში ერთდროულად ყველაზე მეტი, 5 პრეზიდენტი მათ ჰყავთ. ამჟამად კი პრეზიდენტების სია ასე გამოიყურება: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვადიმ ბროვცევი, ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
XS
SM
MD
LG