Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბროვცევი ხუგაევის გადაყენებას ითხოვს


დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თეიმურაზ ხუგაევის გათავისუფლების საკითხს თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტი კიდევ ერთხელ განიხილავს. ოსური და რუსული სააგენტოების ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა ხუგაევის მოხსნის შესახებ პარლამენტისადმი მიმართვას ხელი დღეს მოაწერა. მიმართვის გაგზავნის გადაწყვეტილება დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ მიიღო. საბჭომ ასევე უსაფრთხოებისა და საბიუჯეტო სფეროს უწყებათაშორის კომისიას დაავალა გენპროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ეფექტურობა შეისწავლოს. როგორც რუსულ სააგენტო „ინტერფაქსს“ ვადიმ ბროვცევმა უთხრა, ეს გადაწყვეტილება მან რესპუბლიკაში საზოგადოებრივ–პოლიტიკური ვითარების გასაუმჯობესებლად მიიღო. გასული წლის ბოლოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისა და ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ კოკოითიმ გენერალური პროკურორის გათავისუფლების თხოვნით პარლამენტს მიმართა, მაგრამ მაშინ საკანონმდებლო ორგანომ ეს თხოვნა არ გაიზიარა, ამიტომ ჯიოევამ ხელისუფლება შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულა, საკუთარი ხელმოწერა უკან წაიღო და ინაუგურაციის თარიღი დანიშნა. ამ ყველაფერს კი მის შტაბში ძალოვანების შევარდნა მოჰყვა, რის შედეგადაც ალა ჯიოევა, ჰიპერტონიული კრიზით, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

დღეს ალა ჯიოევა რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. ცხინვალელი ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს კვლავ გააგრძელებს.

ხელისუფლების მიერ 9 თებერვალს ჯიოევას შტაბში სპეცოპერაციის ჩატარებას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებიც გამოეხმაურნენ. ბევრი მათგანი პოლიტიკური კრიზისის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას არ ემხრობა; გარდა ამისა, მათთვის მიუღებელია ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ალა ჯიოევას მომხრეების ინფორმაციით, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა მას მკერდში ავტომატის კონდახი ჩაარტყეს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პრეზიდენტობის კანდიდატი იური ძიცოითი მიიჩნევს, რომ ჯიოევას წინააღმდეგ სპეცოპერაცია ბროვცევისა და კოკოითის შეთანხმებით მოხდა.

კიდევ ერთი კანდიდატი, ლეონიდ თიბილოვი, რომელიც წარსულში დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი იყო, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ყველაზე ცუდი გზა აირჩია პრობლემის მოსაგვარებლად.

ცხინვალში მოწყობილი სპეცოპერაციის შესახებ საკუთარი აზრი ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ფავორიტმა დიმიტრი მედოევმაც გამოთქვა და მან, გამარჯვების შემთხვევაში, ალა ჯიოევას ირიბად ხელისუფლებაში დასაქმება შესთავაზა.

ჯერჯერობით უცნობია რა გზას და სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია. ჯიოევას მომხრეები ჯერ თავიანთი ლიდერის ბოლომდე გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ექსპერტების აზრით კი, ბროვცევს უფრო ადრე უნდა დაეცვა შეთანხმებით მიღწეული პუნქტები და ვითარება ასე აღარ გამწვავდებოდა.
XS
SM
MD
LG