Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიოევამ ინაუგურაციის თარიღის დასახელება კიდევ გადადო


ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ თავისი ინაუგურაციის თარიღის გამოცხადება კიდევ ერთხელ გადადო. ამის მიზეზი მისი და თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევის შეხვედრა გახდა. შეხვედრიდან გამოსულმა ალა ჯიოევამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კმაყოფილია, რადგან ბროვცევმა მის მიერ წარმოდგენლი დოკუმენტები მიიღო.

ოპოზიციის ლიდერი ითხოვს აღიარონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვებაა დაფიქსირებული; ასევე ითხოვს გაუქმდეს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. ჯიოევას აზრით, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზს დრო სჭირდება და ბროვცევის პასუხს კიდევ დაელოდება. მისი აზრით, მომდევნო შეხვედრა უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს მოვლენებში. ოს ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ მისთვის უმთავრესი რესპუბლიკის კონსტიტუციურ–სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებაა.

ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გაასაჩივრებს. დე ფაქტო რესპუბლიკაში მესამე ინსტანციის სასამართლოდ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი ითვლება. ჯიოევას აზრით, რესპუბლიკის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნება ახლა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, თვითაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობას საფრთხეს ის კი არა, 25 მარტის არალეგიტიმური არჩევნები უქმნის.

ვადიმ ბროვცევს შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. ჯიოევამ კი ერთი საინტერესო წინადადება წარმოთქვა: თუ მას ბროვცევი პრეზიდენტის ძალაუფლებას გადასცემს, მასთან ერთად დე ფაქტო რესპუბლიკას განავითარებს - ამ შემთხვევაში ჯიოევა ბროვცევს ისევ პრემიერ-მინისტრად მოიაზრებს.

ექსპერტების აზრით, ჯიოევამ ბროვცევს გარანტიები შესთავაზა, ახლა ყველაფერი კრემლზეა დამოკიდებული. ოპოზიციის ლიდერი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება და მისთვის ძალაუფლების გადაცემაა. ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ჯიოევა ისევ მოტყუებული დარჩეს და ბროვცევი კრემლთან ერთად დროის გაჭიანურების ტაქტიკას იყენებდეს. ამასობაში კი 25 მარტის არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და კანდიდატების რეგისტრაციაც გრძელდება, ყოველი ახალი დღე კრიზისს მხოლოდ აღრმავებს.
XS
SM
MD
LG