Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანამ დრაკონი მოსულა


ტომ ვეიტსის ახალი ალბომი
ტომ ვეიტსის ახალი ალბომი
სანამ დრაკონი მოსულა, კურდღლით დავკავდეთ და გასული წლის რამდენიმე მნიშვნელოვანი მუსიკალური ამბავი გავიხსენოთ.

პირველ რიგში, გილ სკოტ-ჰერონისა ვთქვათ, რომელზეც გაიძახიან, დიდი ვერაფერი მელოდისტი და ვოკალისტი იყოო. ზოგჯერ იმასაც წერენ, რომ ჰერონის შემოქმედება მხოლოდ თავქარიან მოზარდებს მოსწონთ, რომლებიც მუსიკალურ ღირებულებებს აინუნშიც არ აგდებენ და ბრმად ითავისებენ ყველა ისეთ სიმღერას, სადაც ტირანებთან თუ უსამართლობასთან ბრძოლა გაკვრით მაინცაა ნახსენები. თუმცა ჰერონი ამერიკული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა რომ გახლდათ და უკომპრომისო, მეამბოხე პოეტი, ამაში ყველა ერთხმად თანხმდება.



ჰერონს თანამედროვე სოციალური რეპის „ნათლიმამადაც“ მოიხსენიებენ, რომელმაც ე.წ. „spoken word poetry“-ს ჟანრი მოიგონა, შინაურულად რომ ვთქვათ, პირველად სწორედ მან „გარეპა“. „გარეპა“ სოციალურ უსამართლობაზე, მედიიდან მომდინარე სიცრუეზე, მთავრობის უსაგნო დაპირებებზე, გეტოებში გაუსაძლის ყოფაზე, აფროამერიკელთა შელახულ უფლებებზე, ჯანკებზე, სუსტებსა და დამცირებულებზე.

ეს პოეტი კაცი ცალკე სიუჟეტს იმსახურებს, ამიტომ დღეს მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ჰერონი 2011 წლის მაისში გარდაიცვალა, 62 წლის ასაკში, - იმ დღეებში, ჩვენთან იტალიური პარტიზანული ჰიტების რემიქსებს რომ ატრიალებდნენ, „ა კაპელა“ მისამღერით: ძირს-ჯოს! ძირს-ჯოს!



სცენაზე წაიქცა. მორიგი სკანდალი მოაწყო. სასტუმროს ფანჯრებიდან ლუდის ქილებს ისროდა. უხერხულ პოზაში იხილეს. ისე გახდა, ჩრდილი მოიბა. კონცერტის დროს მიკროფონი დაამსხვრია. კრეკით გონებაარეული, ფეხზე ძლივს იდგა. ვეღარ იმღერა და, სცენიდან გაქცეული, სტვენით გააცილეს. აგინა ყველას, პიპინიასაც კი - დაახლოებით ასეთ შეგონებებს ემი უაინჰაუსის შესახებ ხშირად გადააწყდებოდი მედიაში, სანამ ერთხელაც არ დაწერეს, გარდაიცვალაო, რაც არავის გაჰკვირვებია. თვითონაც იძახდა თურმე, 27 წლის მოახლოების მეშინიაო და აჰა, ივლისის თვეში, ერთ დანავსულ დილას, შეუერთდა „ოცდაშვიდიანელთა“ მისტიკურ კლუბს.



თუმცა, მოდი, გულწრფელად ვთქვათ, რომ ემი არ ყოფილა მორისონივით გენიოსი და კობეინივით მეამბოხე, ჯოპლინივითაც არ გაუგიჟებია თაობები და ჰენდრიქსივით რევოლუციურიც არაფერი მოუტანია მუსიკაში.

სამაგიეროდ, მაგარი ვოკალისტი იყო და კარგი სიმღერების ავტორი. და დღესდღეობით, მგონი, ერთადერთია, ვინც დაამტკიცა, რომ, გლობალური მუსიკალური კრიზისის მიუხედავად, თურმე შესაძლებელი ყოფილა გემოვნებიანი, ხარისხიანი პროდუქტის კეთება. ის კლიშეც მოარღვია, რომლის მიხედვითაც „პაპსა“ ნაგავია და მასებში მხოლოდ დღენაკლული, უსულო პოპმუსიკა შეიძლება გაიყიდოს. დამეთანხმეთ, რომ ამას ბევრი ვერ ახერხებს.


როგორც იტყვიან, წასულებზე ნუ გავჩერდებით და ცოცხლებიც მოვიკითხოთ - უფრო სწორად, 2011 წელს გამოსული მათი ალბომები. მაგალითად, რედიოჰედის „The King of Limbs“. მშვენიერია “Lotus Flower” და მასზე შექმნილი იორკის ქორეოგრაფია - უფრო უკეთესი. დანარჩენმა სიმღერებმა, სიამოვნების რა მოგახსენოთ, მაგრამ უცენზურო სიტყვათა ლექსიკონი კი გამიღრმავა. მარაგის გამდიდრებაში უფრუშანტო „პეპერსიც“ შემომეშველა, რიგით მეათე ალბომით „I'm with You“, რომლის მოსმენაზე დროის დაკარგვაც არ ღირს. ალბათ, მსგავსი იმედგაცრუება გადაჭარბებული მოლოდინის ბრალია და ასეთი განწყობა მარტო მე რომ არა მაქვს, ესეც ვიცი.

აი პი ჯეი ჰარვიმ კი ივარგა. თანაც, როგორ! „Let England Shake“, სოციალურად აქტუალური ალბომის გარდა, ერთი მაგარი ანტიმილიტარისტული მიტინგიცაა - მუსიკალური ჟღერადობით თვითმყოფადი და ციტრაზე დამღერებული ძლიერი, გემოვნებიანი პოეტური ტექსტებით. მოკლედ, ეპოქალურ ალბომს რომ ეძახიან, ზუსტად ეგ არის.



ირაკლი ჩარკვიანის ალბომის - „თეთრი ღმერთის“ - პრეზენტაცია 19 ნოემბერს „კაფე გალერეაში“ გაიმართა. ამის შესახებ ნიკო ნერგაძემ უკვე ისაუბრა თავის სიუჟეტში, ამიტომ მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ ალბომის ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: kaia.ge. უფასოდ გადმოქაჩავთ და მოუსმენთ. მოუსმენთ ისევ იმ ირაკლის, ისევ მტკიცესა და გაბედულს, ქართული საზოგადოების სტერეოტიპული აზროვნების წინააღმდეგ აჯანყებულ ხელოვანს, რომლის სათქმელიც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდხანს იქნება აქტუალური.



„თეთრი ღმერთი“ სუფთა ჰაერივითაა თანამედროვე ქართულ მუსიკალურ რეალობაში, რომელიც თავის დღეში ნეტარია, მოჟამულია და თავიდან გვაშორებს ტვინის განძრევის აუცილებლობას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ჩარკვიანი გარდაცვალების შემდეგაც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ეს ბევრ ცოცხალ ქართველ მუსიკოსს შეუძლია.

დღევანდელი სიუჟეტი, ალბათ, ტკბილი და მსუბუქი საახალწლო ჰიმნებით სავსე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ გამომივიდა. სხვა რა ჩარაა? გამოვასწორებ და დამდეგს ტომ ვეიტსის გოზინაყის რომბივით ტკბილი საახალწლო სიმღერით მოგილოცავთ, რომელიც ასევე მუსიკოსის ახალი ალბომიდანაა.

XS
SM
MD
LG