Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეატრების მსახიობები მინისტრ რურუას „კეთილი ნების“ დოკუმენტით უპირისპირდებიან


თბილისის სხვადასახვა თეატრის დასის წარმომადგენლები საქართველოს თეატრის საზოგადოების შენობაში შეიკრიბნენ და კეთილი ნების დოკუმენტი მიიღეს. ამ დოკუმენტში, როგორც მსახიობები ამბობენ, წერია - "მსახიობები ერთხმად აცხადებენ, რომ არ წყვეტენ ურთიერთიობას ბიძინა ივანიშვილსა და "ქართუ ჯგფუთან". მსახიობებს მიაჩნიათ, რომ ნიკა რურუას განცხადება, რომ თეატრის მმართველებმა უარი განაცხადეს ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თეატრის მმართველებს მსახიობებისთვის ამის შესახებ არაფერი უცნობებია. "რურუას არ აქვს უფლება, ილაპარაკოს მსახიობების სახელით და მან გვასწავლოს მორალი და ზნეობა. რურუა ვერ განსაზღვრავს ჩვენს ზნეობას და მორალს", - აღნიშნა ქეთი დოლიძემ. კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ თეატრების მმართველებმა ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაზე უარი თქვეს. მისივე განმარტებით, თეატრების მმართველებმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს და ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლას უკავშირდება. მინისტრის თქმით, თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ივანიშვილის დახმარება შეუჩერდებათ, მათ შემწეობას სახელმწიფო გააგრძელებს, როგორც ამას აქამდეც აკეთებდა. ამასთან, ნიკა რურუამ აღნიშნა, რომ "ცალკეულ მსახიობებს შეუძლიათ, ფონდის დახმარება მიიღონ, ეს მათი ნებაა და ამაში ვერავინ შეზღუდავთ".
XS
SM
MD
LG