Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაარჩენს ევროს მკაცრი საბიუჯეტო დისციპლინა?


ხანგრძლივ მოლაპარაკებას მოჰყვა ევროკავშირის წევრების სამიტი, რომელიც ბრიუსელში გუშინ დაიწყო და რომელზეც ამ დილით უკვე მიაღწიეს ნაწილობრივ შეთანხმებას. ნაწილობრივს იმის გამო, რომ, პირველ რიგში, ბრიტანეთი კატეგორიულ უარზეა შეიცვალოს ადრე ისედაც ძლივს მიღწეული ხელშეკრულებები.
უკვეთესი ქნებოდა ხელშეკრულებების შეცვლას 27-ვე წევრი მიმხრობოდა. ჩვენი ბრიტანელი მეგობრების პოზიციის გამო ეს ვერ მოხერხდა...

ევროზონის წევრი ყველა 17 ქვეყანა დაეთანხმა პარიზის და ბერლინის ინიციატივას. ევროკავშირის დანარჩენი წევრებიდან ოთხი არ აპირებს აღიაროს ახალი წესები. მომხრეები მზად არიან დათმონ სუვერენიტეტი და ახალ „საფინანსო წნეხს“ შეეგუონ. ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ზომებს, რომლებიც უფრო მკაცრ საფინანსო დისციპლინას და, მისი დარღვევის შემთხვევაში, ლამის ავტომატურ სანქციებს გულისხმობს, მარტში საბოლოოდ მიიღებენ. ოთხი ქვეყანა - პირველ რიგში, ბრიტანეთი, რომელიც არ არის წევრი და არც აპირებს შეუერთდეს ევროზონას, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და შვედეთი, რომლებსაც შეუძლიათ შეერთება, მაგრამ კანონმდებლების თანხმობა ვერ მოიპოვეს - არ ემხრობა მერკელ-სარკოზის ინიციატივას. სარკოზიმ ბრიუსელში განაცხადა, რომ დიდი იყო მცდელობა და სურვილი, ევროკავშირის ყველა წევრი შეერთებოდა ცვლილებებს ხელშეკრულებაში, მაგრამ, მისივე თანახმად, ეს შეუძლებელი გახდა ბრიტანეთის უარის გამო:

რასაც გვთავაზობენ, არ არის ბრიტანეთის ინტერესებში. ამიტომ არ დავეთანხმე მას ...
„უკვეთესი იქნებოდა ხელშეკრულებების შეცვლას 27-ვე წევრი მიმხრობოდა. ჩვენი ბრიტანელი მეგობრების პოზიციის გამო ეს ვერ მოხერხდა. ამდენად, ეს იქნება 17 წევრს შორის დადებული სამთავრობათშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ყველას შეუძლია შეუერთდეს.“

ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი საბრძოლო განწყობილებაზე იყო. მან შეთანხმებას „ხელშეკრულებაში ხელშეკრულება“ უწოდა:

„რასაც გვთავაზობენ, არ არის ბრიტანეთის ინტერესებში. ამიტომ არ დავეთანხმე მას. შემიძლია აგიხსნათ: რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია მათი პრობლემების მოსაგვარებლად ევროზონის ქვეყნების გაერთიანება, მაგრამ ეს დასაშვებია მხოლოდ ევროკავშირის ხელშეკრულების ჩარჩოებში, თუ ნამდვილი მხარდაჭერა ექნებათ ცალკეულ ბაზრებს და ბრიტანეთის სხვა საკვანძო ინტერესებს.“

ბრიუსელის ამ სამიტზე გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა, ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ, მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ. მერკელისა და სარკოზის სურვილია, თუ რომელიმე სახელმწიფოს საბიუჯეტო დეფიციტი სამ პროცენტს გადააჭარბებს, მას სანქციები დაუწესდეს. მათვე მოახერხეს დაეყოლიებინათ პარტნიორები ბიუჯეტების ბალანსის შესახებ „ოქროს წესის“ მიღებაზე და იმაზე, რომ ეს წესი კონსტიტუციებში ჩაიწეროს, რაც მთავრობებს საკონსტიტუციო სასამართლოების ძალით აიძულებს აკრონტროლონ ბიუჯეტი. ამას დაერთვის ის, რომ შეთანხმების მომხრე ქვეყნებმა თავიანთი ბიუჯეტის პროექტები დასამტკიცებლად უნდა გააცნონ ევროკომისიას. რა მოხდება, თუ კომისია მათ არ დაამტკიცებს, ჯერ უცნობია.

შეთანხმებას, რომელიც მარტში სურთ დაამტკიცონ, სიძნელეები შეხვდება. ასეთ გადაწყვეტილებებს არაერთი სახელმწიფო მხოლოდ პარლამენტის და ზოგჯერ რეფერენდუმის გზით იღებს. თუმცა სარკოზიმ თქვა, რომ ეს უნდა იყოს სამთავრობათშორისო შეთანხმება, რომელიც დამტკიცების ჩვეულებრივ წესს არ დაექვემდებარება. როგორც უნდა იყოს, სულ მცირე ირლანდიის შემთხვევაში, სუვერენიტეტის შემცირებას აუცილებლად სჭირდება პლებისციტი. რა მოხდება, თუკი რომელიმე წევრი ვერ მიიღებს შეთანხმებას და ევროზონის დატოვება მოუწევს, არავინ იცის. ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ ერმან ფონ რუმპემ განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება სწრაფად უნდა დამტკიცდეს. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუც კმაყოფილია შეთანხმებით და იმედს გამოთქვამს, რომ ის ევროს მიმართ ნდობას აღადგენს.
ახალი შეთანხმების გარდა, დღეს ბრძოლა გრძელდება იმისათვის, რომ ევროს კრიზისი სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდეს. გადაწყდა, რომ დახმარების 500 მილიარდევროიანი ფონდი ამოქმედდეს 2012 წელს - ერთი წლით ადრე, ვიდრე დაგეგმილი იყო. ევროკავშირის ლიდერებს საფინანსო კრიზისთან ბრძოლა უწევთ ამ ფონდის მეშვეობით, რადგან ევროპის ცენტრალურ ბანკს ევროზონის გადასარჩენად ფულის გასესხება არ სურს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG