Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება მოხდეს ევროზონის კოლაფსის შემთხვევაში?


ევროს კრიზისი აღძრავს შიშს, რომ თუკი საგანგებო ზომები არ გატარდა, ევროზონა შეიძლება დაიშალოს. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ევროს კრიზისმა მართლა გამოიწვია ევროკავშირის კოლაფსი?

ექსპერტების ანალიზით, თუკი ევროზონა დაიშლება, ეს იქნება მდიდარი ქვეყნების ბრალი, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ დაეხმარონ ღარიბ წევრებს სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნაში, თავად ცდილობენ გასვლას ევროს მოქმედების ზონიდან. არსებობს სიგნალი, რომ ევროზონის უფრო მდიდარი, ზონის ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნები უკვე განიხილავენ ასეთ შესაძლებლობას.
მათ იმსჯელეს შესაძლებლობაზე, ქვეყნების მცირე ჯგუფმა გააფორმოს ხელშეკრულება, რასაც უნდა მოჰყვეს უფრო მჭიდრო ფისკალური კოორდინაცია და ფინანსთა სამინისტროს ცენტრალიზება...

„მათ იმსჯელეს შესაძლებლობაზე, ქვეყნების მცირე ჯგუფმა გააფორმოს ხელშეკრულება, რასაც უნდა მოჰყვეს უფრო მჭიდრო ფისკალური კოორდინაცია და ფინანსთა სამინისტროს ცენტრალიზება; შესაძლოა, ერთიანი ევროობლიგაციის გამოშვებაც გადაწყდეს. ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, რომლითაც ეს ქვეყნები აპირებენ სიარულს. სავარაუდოდ, ამ ჯგუფში შედიან გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, შესაძლოა, ფინეთი და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა. ამ ჯგუფში ეს ქვეყნები იქნებიან და არა პერიფერია“, - ამბობს პიტერ ბუნი, ლონდონის ეკონომიკური სკოლის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

„პერიფერიებად“ მოიხსენიებენ ევროზონის სამხრეთში მდებარე ღარიბ ქვეყნებს. მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუკი ევროზონა დაიშლება, მაშინ მის არც ერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ გადაურჩება მასობრივ ეკონომიკურ უწესრიგობას - მათ შორის, ვერც ის ქვეყნები, რომლებიც გარკვეულ ეკონომიკურ ურთიერთობაში არიან ევროზონასთან.
თუმცა, პირველ რიგში და უმთავრესად, დაზარალდებიან ევროზონის სუსტი ქვეყნები - ისინი, რომელთა მთავრობების მიერ აღებულმა დიდძალმა სესხმა განაპირობა კიდეც ევროს ორწლიანი კრიზისი.

სახელგანთქმულმა კომერციულმა ბანკმა UBS-მა ამას წინათ გამოიკვლია, რომ ევროზონიდან გასვლის შემთხვევაში სუსტ ქვეყნებს ერთ სულ მოსახლეზე პირველ წელს საშუალოდ დაახლოებით 9 500-დან 11 500 ევროს ეკვივალენტური თანხის - მთლიანი შიდა პროდუქტის 40-50 პროცენტის - გაღება მოუწევს. ასეთი დიდი ხარჯები ქვეყანას დასჭირდება ეროვნულ ვალუტაზე ხელახლა გადასვლის, ვალების გასტუმრებისა და საზოგადოებრივი სექტორის დასაფინანსებლად.
თუ იმ ქვეყნების მაგალითით ვიმსჯელებთ, რომლებსაც უწინ მონეტარული კავშირები დაუტოვებიათ, ვიცით, რომ პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური სიტუაცია იქ მკვეთრად უარესდება...

ამ ფისკალური ნაბიჯებით კი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საბერძნეთია, ცხოვრების დონე დრამატულად შემცირდება, ამბობს პანოს ცაკლოგლუ, ათენის ეკონომიკის და ბიზნესის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის სპეციალისტი:

„თუ იმ ქვეყნების მაგალითით ვიმსჯელებთ, რომლებსაც უწინ მონეტარული კავშირები დაუტოვებიათ, ვიცით, რომ პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური სიტუაცია იქ მკვეთრად უარესდება. ასე იყო არგენტინაში 2002 წელს, როცა მან გაწყვიტა კავშირი ამერიკულ დოლართან და ცხოვრების დონე იქ მართლაც საგრძნობლად გაუარესდა. მაგრამ ამის შემდეგ იწყება ბევრად უფრო სწრაფი აღორძინება, ვიდრე პირველი სცენარის განხორციელების შემთხვევაში, ანუ როცა საბერძნეთი რჩება ევროზონაში და მიმართავს ხარჯების დაზოგვის ზომებს. თუმცა აღორძინება იწყება საგრძნობლად უფრო დაბალი წერტილიდან.“

ანალიტიკოსების თქმით, ევროზონიდან გასვლა და „ახალი ევროს“ შექმნა მძიმე სიტუაციაში ჩააყენებდა ევროკავშირის ჩრდილოეთის მდიდარ სახელმწიფოებს, რომლებსაც მოუწევთ გამოძებნონ გზები ვალის კრიზისით შერყეული საბანკო სისტემის გადასარჩენად. ზემოხსენებული USB ბანკის კვლევების თანახმად, ევროზონის დატოვების შემთხვევაში ისეთ ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, პირველ წელს ერთ სულ მოსახლეზე 6000-დან 8000-მდე ევროს დახარჯვა მოუწევს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20-25 პროცენტის ეკვივალენტურია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG