Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ალა ჯიოევას მომხრეების მანქანები დაცხრილეს


ცხინვალი, 2011 წლის 30 ნოემბერი
ცხინვალი, 2011 წლის 30 ნოემბერი
ხუთშაბათ საღამოს ცხინვალის ცენტრში სროლის ხმა ისმოდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუშკინის ქუჩაზე დაუდგენელმა პირებმა დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეების ორი მანქანა დაცხილეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, გაირკვა, რომ ხუთი მანქანა იყო დაცხრილული. მსხვერპლი არ არის, მანქანების შუშები ჩამსხვრეულია.

როგორც ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელს“ ჯიოევას შტაბის წარმომადგენელი სერგეი ზასეევი ატყობინებს, მანქანების მფლობელები მათი მომხრეები არიან. ერთი მანქანა ასევე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის ექსკანდიდატს, ვლადიმერ ქელეხსაევს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად ჯიოევას სახელმწიფო საბჭოს წევრია, მეორე მანქანის მფლობელი კი ინალ ჯიოევია. დგინდება სხვა მანქანების მფლობელების ვინაობა. ზასეევის ინფორმაციით, სხვა მანქანებიც მათი მომხრეების საკუთრებაა და სროლის დროს ისინი ცენტრალურ მოედანზე, მიტინგზე იმყოფებოდნენ.

ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი: ოსური მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრში მკერდის არეში დაჭრეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი სოსლან გაბუევი, რომელიც ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა ცხინვალის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ურუზმაგ მარგიევმა აცნობა, გაბუევს თეატრალურ მოედანთან დაესხნენ თავს და, როგორც დაზარალებული აცხადებს, მას სამთავრობო შენობებთან სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ყოფნაში ადანაშაულებდნენ.

დღევანდელი შეხვედრა ალა ჯიოევასა და კრემლის წარმომადგენელ სერგეი ვინოკუროვს შორის უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა ალა ჯიოევამ საკუთარ მომხრეებს და ჟურნალისტებს იმ წინადადებების შესახებ უამბო, რომლებსაც ვინოკუროვთან განიხილავდა. ალა ჯიოევა კოკოითის ხელისუფლებას კომპრომისულ წინადადებად სთავაზობს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან და მას, ჯიოევას, გადაეცეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებები, სამაგიეროდ ჯიოევა მზადაა უარი თქვას არჩევნების შედეგებზე და ამ პოსტიდან თავადვე მოამზადოს გაზაფხულის არჩევნები, რომელშიც თვითონაც მიიღებს მონაწილეობას. ალა ჯიოევას თქმით, ეს შუალედური წინადადება მეორე მხარის მიერ მიღებული არ არის, მას კი მხოლოდ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის გადაყენებას სთავაზობენ და საერთოდ არ იყო ლაპარაკი კოკოითის გადადგომაზე. ჯიოევას თქმით, კონსულტაციები პარასკევსაც გაგრძელდება და თუ მოლაპარაკებებში წინსვლა არ იქნება, შაბათს მისი ინაუგურაცია გაიმართება.

დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ მისი გადადგომის შესახებ რუსული მედიით დღეს გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ 25 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არსად წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, იგი თანამდებობას არ დატოვებს, ვიდრე ეგრეთ წოდებულ ნარინჯისფერ რევოლუციას ბოლოს არ მოუღებს. ეს ინფორმაცია რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

დღეს ცნობილი ხდება, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტართა ნაწილი, რვა დეპუტატი, ვიცე-სპიკერების იური ძიცოითისა და მირა ცხოვრებოვას განცხადებას შეუერთდნენ. ძიცოითიმ და ცხოვრებოვამ კოკოითის თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან იგი 7 დეკემბრის შემდეგ კონსტიტუციას არღვევს. ამ დროისთვის, დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციით, კოკოითის უფლებამოსილების ვადა მთლიანად ამოწურულია.
XS
SM
MD
LG