Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის სასამართლოზე ბერეზოვსკი და აბრამოვიჩი ფულზე დაობენ


იშვიათი შესაძლებლობა ეძლევა ლონდონის საზოგადოებას, რომელიც სასამართლო პროცესს ადევნებს იქ თვალყურს: რუსეთის სხვადასხვა დროის ორი გავლენიანი ოლიგარქი ერთმანეთს ძირითადად ფულზე, ბევრ ფულზე ედავება, მაგრამ ამ დაპირისპირების დეტალებიდან ჩანს რუსეთის რეალობა, კაპიტალისა და პოლიტიკის, კეთილდღეობისა და ძალაუფლების ურთიერთობა.

მართლაც, ისტორიულია ეს პროცესი - არა თავისი მნიშვნელობით, არამედ უფრო იმ სანახაობის გამო, რისი მოწმეც გახდა ლონდონის საზოგადოება, რომელიც ისმენდა, როგორ ჩაიბარეს პოსტსაბჭოთა რუსეთში ძალიან მდიდრებმა საბჭოთა კავშირის მრეწველობის მემკვიდრეობა. ერთ მხარესაა მილიარდერი ბორის ბერეზოვსკი, ელცინის პრეზიდენტობისას მისი რუხი კარდინალი, რომელმაც დახმარება გაუწია ვლადიმირ პუტინს არჩევნების დროს, ხელისუფლებაში მოსვლისას. ბერეზოვსკი ახლა ბრიტანეთშია, ემიგრაციაში, სადაც რუსეთის მართლმსაჯულებას ემალება. ის კრემლის მკაცრი კრიტიკოსია. მისი მეტოქე ამ სასამართლო პროცესზე რომან აბრამოვიჩია, ასევე მილიარდერი, რომელსაც ეკუთვნის ინგლისის „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბი და რომელმაც პუტინის მმართველობის პერიოდში დიდი ქონება დააგროვა, ამ ეტაპისთვის 17 მილიარდ დოლარად შეფასებული. ბერეზოვსკი აბრამოვიჩისგან თითქმის 6 მილიარდს მოითხოვს. ის სასამართლოს უმტკიცებს, რომ აბრამოვიჩმა მას დასტყუა აქციები სანავთობო ფირმა „სიბნეფტში“, ასევე ტელეარხ „ო-ერ-ტეში“, როცა დააშინა, გაგიყიდი წილსო. აბრამოვიჩი უპასუხებს, რომ ის ბერეზოვსკის მისი პოლიტიკური კავშირებისთვის უხდიდა მილიარდობით დოლარს, რომ მას ბერეზოვსკისა არაფერი მართებს.
ბერეზოვსკი გამუდმებით ურეკავდა ჟურნალისტებს და უჩიჩინებდა, ავალებდა, რა უნდა ეთქვათ. როცა მთავრობამ ჩაიბარა ტელეარხი, ჟურნალისტები მართლაც განთავისუფლდნენ ამისგან...

მიმომხილველები ამ პროცესისთვის თვალყურის დევნებისას ხედავენ, როგორ გადააქცია პუტინმა რუსეთი ავტორიტარულ ქვეყნად, როცა თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციას მიაღწია და მედია, ნავთობი და მრეწველობის სხვა დარგები სახელმწიფოს დაუქვემდებარა. ორშაბათს სასამართლოზე მოწმედ წარდგა ალექსანდრ ვოლოშინი, პუტინის კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც ჩვენება მისცა, თუ როგორ ცდილობდა ბერეზოვსკი წყალქვეშა ნავის, კურსკის“ ჩაძირვის შემთხვევა პოლიტიკური კაპიტალის შესაძენად გამოეყენებინა, როცა „ო-ერ-ტეს“ ჟურნალისტებს ავალებდა, კრემლის ქმედება კატასტროფად წარმოესახათ.

დურკან გარდჰემმა, ბრიტანეთის „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტმა, რომელიც პროცესს აშუქებს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვოლოშინის ჩვენება მართლაც საკვანძო იყო ამ საქმეში:

„მისი ვერსიით, ბერეზოვსკი გამუდმებით ურეკავდა ჟურნალისტებს და უჩიჩინებდა, ავალებდა, რა უნდა ეთქვათ. როცა მთავრობამ ჩაიბარა ტელეარხი, ჟურნალისტები მართლაც განთავისუფლდნენ ამისგან.“

ვოლოშინი დღესაც დაახლოებულია კრემლთან. მან სასამართლოს მოახსენა, რომ 2000 წლის აგვისტოში პუტინმა ბერეზოვსკის უთხრა, „შოუ დასრულდაო“. გარდჰემი გვამცნობს ბერეზოვსკის პოზიციასაც, რომლის თანახმადაც, აბრამოვიჩი, როცა მას აძალებდა გაეყიდა მის ხელთ არსებული „ო-ერ-ტეს“ აქციები, პუტინის მოგზავნილი იყო. ბრიტანელი ჟურნალისტი ამბობს, აშკარაა ამ პერიოდში ურთიერთობის გაუარესებაო.

ეს არის წარმოდგენა, სპეკტაკლი, სადაც ბრიტანეთის ორი უმდიდრესი ადამიანი ებრძვის ერთმანეთს ფულისათვის ...
სასამართლოზე გამოსულთა ჩვენებებიდან ჩანს და, საერთოდ, საქმის მასალებში აღწერილია უზარმაზარი თანხების შესახებ არაერთი სიტყვიერი გარიგების, უკიდურესად მდიდრული ცხოვრების წესისა და მილიონობით დოლარის ხელგაშლილი ხარჯვის ფაქტები. აბრამოვიჩის თქმით, როცა ის და ბერეზოვსკი ერთმანეთს შეხვდნენ იახტაზე, 1994 წელს, შეთანხმდნენ, რომ ბერეზოვსკი კრემლთან თავის კავშირებს გამოიყენებდა იმისათვის, რომ აბრამოვიჩს საეჭვო აუქციონზე სანავთობო საბადოების შესყიდვა მოეხერხებინა. ბერეზოვსკის მხრივ პოლიტიკური მხარდაჭერის, როგორც რუსეთში უწოდებენ, „კრიშის“ სანაცვლოდ კი, აბრამოვიჩი, როგორც თავად ამბობს, აფინანსებდა ბერეზოვსკის ცხოვრების მდიდრულ წესს, ქირაობდა თვითმფრინავებს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს რივიერაზე, ყიდულობდა მისთვის სახლებს, რაც ასეულობით მილიონი დოლარი ჯდებოდა. მანვე უარყო ბერეზოვსკის მტკიცება, რომ ის „სიბნეფტის“ აქციების მფლობელი იყო. ბერეზოვსკი სხვას ამბობს. ის ამტკიცებს, რომ, აბრამოვიჩთან გარიგების შედეგად, მას ერგო წილი, რომელიც მან მილიარდ სამას მილიონად გაყიდა სამი წლით ადრე, სანამ აბრამოვიჩი კომპანიას თითქმის 12 მილიარდად სახელმწიფოს ჩააბარებდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სასამართლოზე გამოსვლები ემოციურია, ორი დაპირისპირებული კაცი, ერთმანეთს თითქმის ზედ არ უყურებს. პროცესი ბრიტანეთის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ქვეყანაში უამრავია მდიდარი რუსი, რომელთა განმასახიერებელი აბრამოვიჩი და ბერეზოვსკი ერთმანეთს ედავებიან. მაიკლ ბინიონის, ლონდონის „ტაიმსის“ საგარეო საქმეთა კორესპონდენტის თქმით, მართალია, აბრამოვიჩს ინგლისში იცნობენ, მაინც ცოტა ვინმე თუა ინფორმირებული მისი პირადი ცხოვრების შესახებ:

„ამ პროცესზე გაიგო ხალხმა პირველად, თუ როგორ იშოვა მან ამდენი ფული, რა ფულის მფლობელია ამჟამად და სხვა ასეთი დეტალები.“

ინგლისში იცნობენ ბერეზოვსკისაც, იცნობენ როგორც ადამიანს, რომლის გამოც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაც კი დაიძაბა, როცა ბრიტანეთმა მის ექსტრადიციაზე უარი უთხრა რუსეთს. მაგრამ ხალხს ისიც აინტერესებს, თუ რას ამბობენ სასამართლოზე რუსეთის შესახებ:

„ეს არის წარმოდგენა, სპეკტაკლი, სადაც ბრიტანეთის ორი უმდიდრესი ადამიანი ებრძვის ერთმანეთს ფულისათვის. იმედია, სასამართლოზე გამოვლინდება იმ კორუფციისა და ბნელი გარიგების ფაქტები, რომლებიც მოხდა კომუნიზმის დამხობის შემდგომ ველურ ხანაში.“

„ტაიმსის“ კორესპონდენტის თქმით, არაერთი ამბავი კინოფილმიდან გეგონებათ. მისი თქმით, ბრიტანელებს შორის ბევრი აბრამოვიჩს დადებითად უყურებს, რადგან ფიქრობენ, რომ ბერეზოვსკი, რომელმაც გავლენა დაკარგა, ახლა აბრამოვიჩს შანტაჟს უწყობს. როგორც უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ დავა ორ რუს ოლიგარქს შორის, თავისი საქმე პროცესმა უკვე გააკეთა, როცა ის რაღაც ვიკილიკსის მსგავს მოვლენად იქცა და საზოგადოებამ დაინახა, როგორ არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული რუსეთში ბიზნესი და პოლიტიკა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG