Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღის თავისუფლების დღიურები


3 ივნისი, 2010

ჩემო საყვარელო დღიურო, დღეს დიდი ამბავი მოხდა. საღამოს, როდესაც ოჯახი ჩაის ვსვამდით და კორჟიკებს ვაყოლებდით დავით კ.-მ დარეკა პრაღიდან. ჩვენი რადიოს უფროსია. დედაჩემს ელაპარაკა. ასე უთქვამს, ხომ იცი, დაია, რა ცოტანი ვართ ქართველები ჩეხასლავაკიაშიო (ასე თქვა - ჩეხასლავაკიაო, გაკვირვებული მიყვებოდა დედა). ჰოდა, გართულდა მდგომარეობაო (მდგომარეობის ნაცვლად მას რუსული სიტყვა ”პალაჟენია” გამოუყენებია). თბილისიდან სამაკარონე ხორცი გვჭირდება და შენი ბუნჩულა შვილი გამოუშვიო. ცოტა მიკვირს, ნუთუ პრაღაში ხორცი არ იშოვება? იქნებ რაიმე განსაკუთრებული ფარში უნდა მაკარონს ფლოტურად? ასეა თუ ისეა, ორ კვირაში ჩეხეთში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში მივდივარ სამი თვით. მიხარია.

7 ივნისი, 2010

საუზმისას დედამ ამიხსნა, რომ პრაღის ოფისის ხალხმა საქართველო კარგა ხნის წინ დატოვეს. ვარდების რევოლუციამდე. მანამდე რომ იყო, იმას რაც ერქვა, იქამდე... მოკლედ, ცვლილებებამდე. ამიტომ მათ სისხლში და ხორცში გამჯდარი ჰქონიათ ძველი, საბჭოთა ტრადიციები. ქურდული გაგებით ცხოვრობენო. მზად უნდა იყოო. მერე ატირდა, ჩამეხუტა და მითხრა - „წადი ჩემო ბულკა, იქნებ ქუჩის ჰაერი მოგხვდეს და ცოტა მაინც დაემსგავსო კაცსო“.

11 ივნისი, 2010

დავით კ.-მ დამირეკა. ჩამო დროზე, გვჭირდებიო. ჩამო, ჩამო, ჩამო, ჩამოო. ჩამო და აქ ნამდვილ განაბად გაქცევო. მადლობა გადავუხადე. თან ვფიქრობდი, რა უცნაური ხდება სიტყვა, ბევრჯერ რომ იმეორებენ. ჩამო. იმდენი ვიფიქრე ჩამოზე, რომ დამავიწყდა მეკითხა, თუ რას ნიშნავს განაბი. ჩეხურადაა ალბათ რამე.

12 ივნისი, 2010

”ვიკიპედია” გვამცნობს, რომ ”განაბი” ერთგვარი ფერმენტია, რომელიც ადამიანების GANAB გენშია კოდირებული. რაში მეხმარება ეხლა ეგ მე? ფერმენტად უნდა გადავიქცე? საერთოდაც, რა არის ფერმენტი? ცოტას ვნერვიულობ.

13 ივნისი, 2010

დედამ ამიხსნა, რასაც ნიშნავს თურმე განაბი. უკვე აღარ ვნერვიულობ. იმედია პრაღაში რომელიმე კაზინოს ჩამაბარებენ. გავხდები მაგის მეთვალყურე. ან ალბათ უფრო სწორი იქნება - ”მაყურებელი”. მე ვიყო დონ ვიტო კორლეონე. ჰიჰიჰი. კი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ბავშვობაში უბნელი გელა ამბობდა ხოლმე ეგრე.

14 ივნისი, 2010

დედამ მითხრა, დონ ვიტო შენ ვერ გახდები, მაქსიმუმ ფრედო გამოხვიდეო. ალბათ ეგეც კარგია. განაბი რომ გავხდები, ვერავინ დამიშლის ”ნათლიის” ყურებას. იიშ. აეგრე... უფ, ისე, ბიჭოს, რა ავიწყიტე! კორჟიკებს ბოლომდე არ ვჭამ, ჩაის არ ვამთავრებ... ”პრესტუპნიკი” ბიჭი გავხდი!

15 ივნისი, 2010

ორ დღეში პრაღაში მივფრინავ. რა მაგარია! დილით ისევ ვნერვიულობდი, ამიტომ, გადავწყვიტე ცოტა წამევარჯიშა. გავკადნიერდი და წავიკითხე ჯერ ”თეთრი ბაირაღები”, რომელიც მანამდე აკრძალული მქონდა, მერე კი ”დათა თუთაშხია”. ოღონდ მთლიანად არა, იმიტომ რომ დიდია და ვერ მოვაწრებდი. ციხის ნაწილი წავიკითხე. საყვარელო დღიურო, მართალი რომ გითხრა, ვერაფერიც ვერ გავიგე.

17 ივნისი, 2010

ვაივაივაივაი. პირველად ცხოვრებაში თვითმფრინავში ვზივარ. უკვე ერთი საათია, რაც ავფრინდით და მგონი ნამდვილად გავცდით საქართველოს ტერიტორიას. უკვე შემიძლია მოვუსმინო „გალიაში ბულბულები ზიან“-ს. ვგრძნობ, როგორ მიკაჟდება სხეული და სული. ერთი ის მაწუხებს, რომ ფარში საბაჟოზე არ გამომატანეს. არ შეიძლებაო. კვერცხები ეგენი! ჰიჰიჰი. ნახე, საყვარელო დღიურო, გინებაც კი დავიწყე. ეგ კარგი, მაგრამ ახლა რა ვუყო პრაღელების მაკარონს ფლოტურად?

18 ივნისი, 2010

სულ ტყუილად ვნერვიულობდი. თურმე ”სამაკარონე” კი არა ”სამაკაროვე” ხორცი უთქვამთ. ანუ, ხორცი გადატანითი მნიშვნელობით. მიხვდი? მე ვყოფილვარ ეგ ხორცი. ცოტა ეჭვი კი მაწუხებს, რომ მთლად კარგი ამბავი არ უნდა იყოს ეგ, მაგრამ ზოგადად უაზრო ეჭვიანობა ვიცი ხოლმე.

19 ივნისი, 2010

ყველანაირი ეჭვი გამიქარწყლდა. ”პრაღელები” თბილი და მეგობრული ხალხია. ყველანი გამაცნეს. თურმე, ჩეხასლავაკიელი გრუზინები (მეც უკვე ასე ავლაპარაკდი. ცოტა კი მაწუხებს, მაგრამ თუ გაპრესტუპნიკებაა, ბარემ ბოლომდე...) ერთმანეთს ისკლუჩიტელნა კლიჩკებით ებაზრებიან (ასე მითხრა დავით კ.-მ). ამათი კლიჩკებია - ”სტალინა”, ”ზალატოი”, ”აფიცერ”, ”ფილოლოგ” (რუსული აქცენტით უნდა თქვაო, დამარიგეს, თორემ აირტყამო). ქალებს კლიჩკები არა აქვთ. სალომე ა.-მ ამიხსნა, რომ ქალის საქმე არაა კაცის საქმე და პირიქით. ეს მთლად კარგად ვერ გავიგე, მაგრამ თავი დავუქნიე. საერთოდ, აქ ბევრი რამე არ მესმის, მაგრამ ვცდილობ დავიზეპირო და იქნებ ასე მაინც გავითავისო. უფ, კიდევ ჩვეულებრივი ქართულით ვთქვი. მაგრამ გათავისება რუსულად როგორაა არ ვიცი.

20 ივნისი, 2010

კლიჩკა ალბათ მე თვითონ უნდა მოვიფიქრო, თორემ, ნამდვილად ვიცი, ”აჩკარიკა” შემერქმევა. გამომიცდია. ალბათ ”გროზნიკოს” ავარჩევ, ან ”ხეცურიანს”. კაცური გვარია!

24 ივნისი, 2010

დღეს დავით კ.-მ თავის კაბინეტში შემიყვანა და რამდენჯერმე მიწოდა „ბრატუხა“. მერე მითხრა, ეხლა, აქ რომ ხარ ნახლებნიკად, შენც უნდა გააკეთო რამეო. კაცის მოსაკლავად ჯერ მზად არა ვარ-მეთქი - ვუპასუხე. ულვაშებში ჩაიცინა. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ სიგარეტი უნდა მომიტანო ხვალ. ერთი პაჩკა უფილტრო „ქემელიო“.

25 ივნისი, 2010

საყვარელო დღიურო, ვერც კი წარმოიდგენ, რა რთული საქმე ყოფილა პრაღაში უფილტრო „ქემელის“ შოვნა. მთელი ქალაქი მოვიარე, ვიდრე არ მივაგენი. გავიოფლე და ვიქოშინე. გგონია მადლობა დავიმსახურე? არა! ამიერიდან ეგ იქნება შენი საქმეო - ასე მითხრა. ყოველდღე ჯერ სამსახურში უნდა მოხვიდე და მერე წახვიდე უფილტრო „ქემელის“ საყიდლად და მერე ისევ მოხვიდეო. მე შევთავაზე, იქნებ ერთბაშად რამდენიმე ბლოკი მეყიდა მეთქი. იცი რა მიპასუხა? მე სიგარეტს სულ არ ვეწევი. ეგ შენთვის არისო. მე არ მიყვარს უფილტრო-მეთქი - ვუპასუხე. მოსაწევად კი არა, რომ გამოიწრთოო - ასე მითხრა. ალბათ ეგეც კარგია.

2 ივლისი, 2010

აღარ შემიძლია! ძალიან დამღლელი ყოფილა პრესტუპნიკობა. იქ წადი, ეს მოიტანე, ის დამივარდა და მომაწოდე... ვერ გავიგე, რა საჭიროა, რომ მაინცდამაინც მე დავალაგო რადიო თავისუფლების პრაღის ოფისის ტუალეტი? ჰა? ხომ ყავს ამ შენობას დამლაგებელი?

4 ივლისი, 2010

გავკადნიერდი და კრებაზე შევაჭერი. მტვერიც კი არ მქონდა გადაწმენდილი წესიერად. აეგრე. დავდექი ოთახის შუაში, დოინჯი შემოვიყარე და ნახევრად მკაცრი ტონით ვიკითხე - ბოლოსდაბოლოს, როდის გავხდები განაბი მეთქი. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო, შემდეგ კი, საყვარელო დღიურო, ისეთი სიცილი აუტყდათ, გეგონებოდა ოთახში ჯონ კლიზი შემოვიდაო. მანანა კ. ლამის დაიხრჩო. წადი, წყალი მომიტანეო მითხრა. რომ მოვუტანე, ცოტა ხანს კიდევ იცინოდნენ. მერე კიდევ მითხრეს, „ეხლა მაგას განაბებს აღარ ეძახიან. შენ გახდები განდილაო“. მერე კიდევ ბევრი იცინეს. ალბათ ეგეც კარგია.

6 ივლისი, 2010

კიდევ ერთხელ გავკადნიერდი და მოვითხოვე, ნუღა მეძახით სირბალას და კლიჩკა დამიძახეთ-მეთქი. რა კლიჩკაო? - მკითხეს. ვუთხარი - შრამოვიჩი მინდა მერქვას მეთქი. შენ შრამოვიჩი კი არა, მერდოვიჩი იქნებიო - მიპასუხეს, დიდხანს იცინეს და ფრანგულად ლაპარაკი გააგრძელეს.

14 ივლისი, 2010

: (

22 ივლისი, 2010

როდის იქნება, რომ მოვკვდები და დავისვენებ

24 ოქტომბერი, 2010

ექიმმა მირჩია, წერეო. მეც გადაგშალე, საყვარელო დღიურო, და აღმოვაჩინე, რომ თვეებია, რაც არაფერი მიწერია. რა გითხრა, აბა? თერაპიას მგონი შედეგი მოაქვს. ღამე ისე ხშირად აღარ ვიფსამ. უკონტროლო სლოკინიც უფრო იშვიათად მაქვს ხოლმე. ერთ თვეში ალბათ ქუჩაში ხანმოკლე გასვლებსაც დავიწყებ.

9 ნოემბერი, 2011

დღეს ანონიმური მეილი მომივიდა. გამომგზავნს სახელად და გვარად trupi xar ჰქონდა არჩეული. სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა: blogs ar dacer da seriozulad dagendzreva. Gaige merdovich? Ufrosebs saqme ar gaufucho. Kaia, cudia, mkidia. Stalin.

ძვირფასო დღიურო, დავუწერ, აბა რას ვიზამ. პრაღის დროიდან მაქვს შემორჩენილი ჩანაწერები, რომლებიც თავის დროზე უაზროდ და უინტერესოდ ჩავთვალე. არადა, ხელის შევლება უნდა და პოსტიც მზადაა.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG