Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული დამოუკიდებელი კინოფესტივალი საქართველოში


გასულ კვირას თბილისმა ევროპული დამოუკიდებელი კინოს ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი ყოველ წელიწადს პარიზში იმართება და, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მათი მიზანი ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორების აღმოჩენაა. წელს ფესტივალზე წარდგენილი იყო ქართველი რეჟისორის ნამუშევარიც, რომელმაც საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი დრამის ნომინაციაში მოიპოვა პრიზი. ფესტივალის ორგანიზატორებმა საქართველოში სწორედ გამარჯვებული ფილმები ჩამოიტანეს.

თუკი ევროპული დამოუკიდებელი კინოს ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდს ეწვევით, პირველივე გვერდზე მოციმციმე ბანერს დაინახავთ, რომელიც საიტის მომხმარებელს ატყობინებს, რომ ფესტივალმა საქართველოში იმოგზაურა. სანამ ფესტივალის საქართველოში მოგზაურობის ამბავს ვიტყოდეთ, ჯერ ფესტივალის შესახებ ვთქვათ ორი სიტყვა: „ევროპული დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი უკვე ექვსი წელია ყოველ წელიწადს საფრანგეთში - პარიზში - იმართება და მისი მიზანი ახალგაზრდა, დამოუკიდებელი, ნიჭიერი რეჟისორების აღმოჩენა და პოპულარიზებაა. ფესტივალი ყოველ წელიწადს 13 ნომინაციაში გასცემს პრიზს და მონაწილეებს საშუალებას აძლევს ფილმები საზღვრებს გარეთ გაიტანონ“ - ეს გახლავთ ამონარიდი ფესტივალის პრეზიდენტის სქოტ ჰილიერის წერილიდან, რომელსაც ისევ და ისევ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ამოიკითხავთ. თუმცა ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავივიწყოთ ფესტივალის ვებგვერდი და თბილისში, კინოთეატრ ”ამირანში”, ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე გადავინაცვლოთ.
ბებიაჩემს საღამოობით აქციებზე დავყავდი. დედა კი მეუბნებოდა, რომ საქართველო მუხლის ჩოქზე აღარ დგას და ეს კარგად დაიხსომეო...

სქოთ ჰილიერი, ფესტივალის პრეზიდენტი, საქართველოში პირველად 90-იან წლებში ჩამოვიდა. მაშინ „ბი ბი სი“-ს ოპერატორი ვიყავი და თქვენს ქვეყანაში ომი იყო, იხსენებს ის. როგორც მისი სიტყვებიდან ვიგებთ, ქართული ფილმის შესახებ 2011 წლის გაზაფხულამდე ბევრი არაფერი სცოდნია. ის ქართული ფილმებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პარიზში გამართულ ფესტივალზე ახალგაზრდა რეჟისორის თორნიკე ბზიავას ”აპრილის სუსხი” ნახა. ჟიურიმ ფილმს საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი დრამის პრიზი მიანიჭა: ”როდესაც ”აპრილის სუსხი” ვნახეთ, მისმა ხარისხმა გაგვაოცა. ბევრმა არ იცოდა, რომ საქართველოში ისევ იღებდნენ უბრალოდ ფილმებს კი არა, ძალიან კარგ ფილმებს. თუმცა ახლა ეს უკვე ვიცით. ფესტივალის ორგანიზატორებს ძალიან კარგი საშუალება მოგვეცა საქართველოში ჩამოგვეტანა საუკეთესო ფილმები. ქართველი რეჟისორები ნახავენ, როგორ მუშაობენ მათი უცხოელი კოლეგები. ხდება გამოცდილების გაზიარება და შედეგად აუცილებლად მივიღებთ ახალ ქართულ ფილმებს, რომლებსაც მსოფლიოს გავაცნობთ”, - ამბობს სქოთ ჰილიერი.

30 წლის თორნიკე ბზიავას 17 წუთიანი ფილმის - ”აპრილის სუსხის” - ერთ-ერთი კულმინაციური სცენა: ცეკვის მასწავლებელი პატარა ბიჭს მიტოვებულ შენობაში, გაყინულ დარბაზში ამეცადინებს. თბილისში კომენდანტის საათია, ქუჩებს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. დოლის ხმას ერთ-ერთი ჯარისკაცი ცეკვის გაკვეთილზე მიჰყავს და სულ რამდენიმე წამით ის ქართული ცეკვის ტყვეობაში ექცევა. თორნიკე ბზიავამ ფილმის სცენარს საფუძვლად 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები დაუდო: ”ბებიაჩემს საღამოობით აქციებზე დავყავდი. დედა კი მეუბნებოდა, რომ საქართველო მუხლის ჩოქზე აღარ დგას და ეს კარგად დაიხსომეო. 9 აპრილის ღამეს ჩემი მასწავლებლის ოჯახში სამი ადამიანი გარდაიცვალა. ისინი ნიჩბებით დახოცეს. მახსოვს, მაშინ ძალიან განვიცადე. ჩემთვის 20 წლის შემდეგ ამ ამბის გადაღება ძალიან აქტუალურია, რადგან ამ ფილმს პოლიტიკური ფონი არ გასდევს. ეს ერთ ადამიანზე გადაღებული ფილმია - ადამიანზე და დამპყრობელზე, რომელშიც წამიერად, მაგრამ მაინც ხდება გამოღვიძება”, - ამბობს თორნიკე ბზიავა.

ელენე დუმბაძე, საქართველოში ევროპული დამოუკიდებელი კინოს ფესტივალის ორგანიზატორი, ამბობს, რომ იდეა საქართველოში ფესტივალის ჩატარების შესახებ მაშინ გაუჩნდა, როდესაც პარიზში, ფესტივალის მსვლელობისას, კინომცოდნეობის სფეროში პრაქტიკის გასავლელად ჩავიდა: ”გამიჩნდა სურვილი, რომ გამარჯვებული ფილმები საქართველოში ჩამომეტანა. დამოუკიდებელ ფილმებს, გარდა ასეთი ფესტივალებისა, სხვაგან ვერც ნახავ. ჩემი იდეა სქოთ ჰილიერს შევთავაზე და ისიც დიდი სიამოვნებით დამთანხმდა”, - ამბობს ელენე დუმბაძე.

აი, ამ ფესტივალებზე წარმოჩნდებიან ძალიან საინტერესო ახალგაზრდები, რომლებიც იღებენ იმას, რაც მათ, შეიძლება ასეც ვთქვათ, ზმანებებში მოსდით და არა იმას, რასაც ბაზარი ითხოვს. პირადად ჩემთვის, სწორედ ასეთ ფილმებში შეგვიძლია ვიპოვოთ განსხვავებული ხედვა...
სპონტანურად გაჩენილ იდეას მხარი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმაც დაუჭირა. თამარ ტატიშვილი, ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ ახალგაზრდა რეჟისორებს კარგი შანსი ეძლევათ იმისათვის, რომ გაეცნონ ევროპულ გამოცდილებასა და სტანდარტებს. მისივე თქმით, საფრანგეთი სწორედ ის სტრატეგიული ქვეყანაა, რომელთან თანამშრომლობაც კინოგანვითარების თვალსაზრისით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ”აქ არის ნაჩვენები 2011 წლის საუკეთესო ფილმები. ფესტივალის მთავარი მიზანი ის არის, რომ ქართველმა ახალგაზრდა რეჟისორებმა ნახონ, თუ როგორი ტენდენციები და ხარისხია ევროპაში და ეცადონ, რომ არა მხოლოდ ასეთი, არამედ უკეთესი ფილმებიც გადაიღონ.”

დამოუკიდებელი კინოს არსებობა ნებისმიერი ქვეყნის კინემატოგრაფიისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კინოკრიტიკოსი თეო ხატიაშვილი. მისი თქმით, დამოუკიდებელ კინოში ყველანაირი ექსპერიმენტი, საკუთარი აზრების თამამი გამოხატვა გაცილებით ადვილია, რადგან ასეთ შემთხვევაში არავინ გაკონტროლებს - არც სახელმწიფო, არც კერძო კომპანიები და პროდიუსერები. რა პერსპექტივა აქვს საქართველოში დამოუკიდებელი კინოს განვითარებას? - ამ კითხვაზე თეო ხატიაშვილი ასე გვიპასუხებს: ”დამოუკიდებელ კინოს გაცილებით მცირე აუდიტორია ჰყავს, ვიდრე კომერციულ ფილმს, რომელშიც მეტი ძალისხმევა იდება იმისათვის, რომ გაიყიდოს და ჰყავდეს მაყურებელი, რაც, საბოლოოდ, რეჟისორის ერთ-ერთი მთავარი მისიაც არის. თუმცა თანამედროვე კინოსამყაროში არსებობს უამრავი ფესტივალი, კინობაზრობები, რომელიც სწორედ დამოუკიდებელ კინოზეა ორიენტირებული. ამიტომ ქართველ რეჟისორებს თუ მართლა აქვთ სათქმელი და უნდათ რაიმეს გაკეთება, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ მეტი იმუშაონ და შედეგად აქაც შეიძლება შეიქმნას ძალიან მძლავრი ტალღა თუ არა, პატარა კერა მაინც, რადგან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი კინოს არსებობა კინემატოგრაფიის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - მიაჩნია თეო ხატიაშვილს.

კინოკრიტიკოს მერაბ ფიფიას მიაჩნია, რომ ნამდვილი კინომოყვარულებისათვის სწორედ ასეთი ფესტივალებია საინტერესო და ის ამ ინტერესის მიზეზსაც ხსნის: ”აი, ამ ფესტივალებზე წარმოჩნდებიან ძალიან საინტერესო ახალგაზრდები, რომლებიც იღებენ იმას, რაც მათ, შეიძლება ასეც ვთქვათ, ზმანებებში მოსდით და არა იმას, რასაც ბაზარი ითხოვს. პირადად ჩემთვის, სწორედ ასეთ ფილმებში შეგვიძლია ვიპოვოთ განსხვავებული ხედვა. ასეთი ფილმების ყურებისას სცილდები იმ ბლოკბასტერებს და იმ კულტურას, რომელიც დამკვიდრდა და რომელმაც მთელი მსოფლიო წალეკა”, - ამბობს მერაბ ფიფია.

ევროპული დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი, მთავარი გზავნილით -”ხელს ვუწვდით დამოუკიდებელ კინოხელოვანებს”, ახალ ფილმებს 2012 წლის გაზაფხულისათვის საქართველოდანაც ელის.
XS
SM
MD
LG