უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მონაცემებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ლიბიის გარდამავალი მთავრობის ჯარები აწამებენ პატიმრებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მხარეს ბრძოლაში. „ამნესტი ინტერნეიშენალი“ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მკაცრ ზომებს მიმართავენ კადაფის მხარეს მებრძოლი დაქირავებული უცხოელების წინააღმდეგ. ორგანიზაცია ლიბიის მმართველ გარდამავალ საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს განუკითხავი დაპატიმრებები და დაკავებულთა უფლებების დარღვევა. ანგარიში ეფუძნება საუბრებს 300-მდე პატიმართან, რომლებიც „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ მოინახულა ლიბიის 11 საპატიმროში აგვიტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე. იუწყებიან აგრეთვე, რომ ლიბიიდან ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, დააკავეს თუ არა კადაფის ერთ-ერთი შვილი, მუტასიმ კადაფი. ზოგი წყაროს ცნობით, მუტასიმი შეიპყრეს სირტეში, კადაფის მშობლიურ ქალაქში და დასაკითხად გადაიყვანეს ბენღაზიში. მაგრამ ბენღაზიში არ დაუდასტურებიათ ეს ცნობა.
ყველაზე პოპულარული
1