Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის ტრაგედიის შემდგომ


ევროპა ჯერ კიდევ ვერ გამოსულა შოკიდან პარასკევს ნორვეგიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ,როცა მემარჯვენე ექსტრემისტმა, 32 წლის ანდერს ბერინგ ბრეივიკმა, სულ მცირე, 76 ადამიანი მოკლა. როგორ მოხდა, რომ ერთმა კაცმა ამდენი თანამოქალაქე დახოცა და, როგორც ჩანს, სინანულს საერთოდ არ განიცდის? - ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც ყველას აწუხებს. ამ თავდასხმის ერთგვარ ინსპირატორებად ზოგიერთი ანალიტიკოსი ევროპის მემარჯვენე პოპულისტ პოლიტიკოსებს ასახელებს. სხვები კი აცხადებენ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ისლამისა და მულტიკულტურალიზმის მიმართ შიშებს.
ნორვეგიაში პარასკევს მოწყობილ თავდასხმებში ბრალდებული ანდერს ბერინგ ბრეივიკი, მისი ადვოკატის გეირ ლიპესტადის თქმით, ამბობს, რომ თავდასხმები, რომლებმაც, სულ ცოტა, 76 ადამიანი შეიწირა, „აუცილებელი“ იყო „საომარი მდგომარეობის“ გამო: „მას სჯერა, რომ, როცა ომში ხარ, შეგიძლია ასეთი რამ გააკეთო“ ,- განაცხადა ადვოკატმა.

ბრეივიკმა დახოცა, სულ ცოტა, 68 ადამიანი - ძირითადად თინეიჯერები - მმართველი ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში კუნძულ უტოიაზე მას შემდეგ, რაც რვა ადამიანი დაიღუპა ოსლოში მის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ბრეივიკი ორივე დანაშაულს აღიარებს, თუმცა თავს დამნაშავედ მაინც არ მიიჩნევს. როგორც ორშაბათის სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას მოსამართლე კიმ ჰეგერმა განაცხადა, ბრეივიკს სწამს, რომ ეს ნაბიჯი ნორვეგიის და დასავლეთ ევროპის კულტურული მარქსიზმისა და მუსულმანებისგან გადასარჩენად უნდა გადაედგა.

როგორც პოლიციამ ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთს უთხრა, პლურალისტური საემიგრაციო პოლიტიკის გატარებასა და ნორვეგიაში მუსულმანების რაოდენობის ზრდაში ბრეივიკი 1981-დან 1996 წლამდე პერიოდში სამი ვადით პრემიერ-მინისტრ, ლეიბორისტ გრო ჰარლემ ბრუნდტლანდს ადანაშაულებს. პოლიციის განცხადებით, ბრეივიკმა აღიარა, რომ სწორედ ბრუნდტლანდის მოკვლა სურდა უტოიაზე ყოფილი პრემიერის სიტყვით გამოსვლის დროს. მაგრამ ბრუნდტლანდმა, რომელსაც ხშირად „ერის დედადაც“ მოიხსენიებენ, კუნძული ბრეივიკის ჩასვლამდე დატოვა.

ორშაბათ საღამოს ოსლოში 100 000-მდე ადამიანი შეიკრიბა თავდასხმების მსხვერპლის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ამ თავდასხმებმა ძლიერი შოკი მოჰგვარა ნორვეგიას - ამ მდიდარ და განვითარებულ ქვეყანას, რომლისთვისაც პოლიტიკური ძალადობა ჩვეული არ არის და რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო შუამავლად, სხვა ქვეყნების განვითარების მსხვილ დონორად და ნობელის სამშვიდობო პრემიის გამცემ ქვეყნად არის ცნობილი. როგორ მოხდა, რომ ერთმა კაცმა ამდენი თანამოქალაქე დახოცა და, როგორც ჩანს, სინანულს საერთოდ არ განიცდის? - ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც ყველას აწუხებს.
ბრალდებულის ადვოკატმა გეირ ლიპესტადმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბრეივიკი, სავარაუდოდ, „შეურაცხადია“ და რომ მას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება. თუმცა დანაშაულის მოტივების და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ დისკუსია არ ცხრება. ევროპის პრესაში ბევრ ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებას შეხვდებით.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ამ დანაშაულის ერთგვარი ინტელექტუალური შთაგონების წყარო ევროპის მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსები არიან. ამ შეხედულებას ამყარებს ის 1,500 გვერდიანი ძალადობრივი მანიფესტი, რომელიც ბრეივიკმა თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე განათავსა ინტერნეტში. ამ ტექსტში, რომელშიც, სხვათა შორის, საქართველოს, როგორც ისლამის საფრთხის ქვეშ მყოფი ქრისტიანული ქვეყნის, ისტორიაც არის ნახსენები, ბრეივიკი თავს თანამედროვე ტამპლიერად აღწერს, რომელიც ისლამისა და ელიტების წინააღმდეგ ომშია ჩართული. ამასთან, ის ანტიიმიგრაციული და ანტიისლამური შეხედულებებით ცნობილი ჰოლანდიელი პოლიტიკოსის, გირტ ვილდერსის სიტყვებს იმოწმებს (აქვე აღვნიშნავთ, რომ ვილდერსმა ბრეივიკის ქმედებები გადაჭრით დაგმო). ჰოლანდიაში გამომავალი „გროენე ამსტერდამერის“ ორშაბათის ნომერში პირდაპირ იყო მითითებული, რომ სწორედ მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსების რიტორიკამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ამ ტრაგედიაში. მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსები ცეცხლს ეთამაშებიანო, - წერდა გაზეთი და განაგრძობდა: „ევროპის წამყვანი პოპულისტები და ისლამის მოძულენი, სავარაუდოდ, შეეცდებიან ეს თავდამსხმელი იზოლირებულ შეშლილად წარმოაჩინონ. ისინი იტყვიან, რომ ეს არ ჰქონიათ მხედველობაში, როცა თავიანთ „ტოტალურ ომზე“ საუბრობდნენ. შესაძლოა ასეც იყოს. შესაძლოა ეს [ტრაგედია] რამდენიმე მათგანს რეფლექსიისა და იმის გააზრებისკენ უბიძგებს, რომ აზრის თავისუფლება არ იძლევა კარტ ბლანშს შეუზღუდავი სიძულვილის ფანტაზიების ფრქვევისთვის, რომ სიტყვებს დიდი წონა აქვს და პოლიტიკური და მორალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მაგრამ ახლა უბედურება უკვე მომხდარია. ევროპის უსაფრთხოების ძალებმა მტკიცედ უნდა მიხედონ მემარჯვენე ექსტრემისტების ქსელებს, ამომრჩევლებმა კი პოპულისტების მარგინალიზაცია უნდა მოახდინონ მათ მიერ წარმოთქმული სისულელეებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ტრაგედიები კიდევ მოხდება.“

ამ მოსაზრებას გადაჭრით უარყოფს კონსერვატიული შეხედულებების მქონე პრესა, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება ბრეივიკის „ქრისტიან ფუნდამენტალისტად“ დახასიათებას. მაგალითად, შვეიცარიაში გამომავალი „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი“ სამშაბათის ნომერში წერს, ბრეივიკის შეხედულებების მემარჯვენე პოპულისტი პარტიების მოსაზრებებთან სიახლოვეზე აქცენტის გაკეთება არასწორიაო. „იმის გამო, რომ საქმის არსის გასაგებად ჩვენი გონება ერთგვარ ნიმუშებს ეძებს ხოლმე, ზოგიერთი ინდივიდი ნორვეგიაში მომხდარ მასობრივ მკვლელობებს უკავშირებს ჩრდილოეთის ქვეყნებში მემარჯვენე პოპულიზმისა და ანტიისლამური სენტიმენტის ზრდას. მაგრამ ასეთი ახსნა უფრო ცრურწმენის თანამედროვე ფორმას ჩამოჰგავს ... პოპულიზმსა და ექსტრემიზმს ბევრი რამ განასხვავებს... საბოლოო ანგარიშით, ფანატიკოსებს არ აინტერესებთ პოლიტიკა, ისინი მას, პოლიტიკას, უბრალოდ, ამოეფარებიან ხოლმე. მათი ინტერესის საგანს საკუთრივ ძალადობის გამოცდილება წარმოადგენს. ძალადობრივი აქტების ჩადენას ძალაუფლება მოაქვს და სოციალურ მარგინალად ყოფნის ლეგიტიმაციას ახდენს. ძალადობრივი ექსტრემისტები თავს რჩეულ მოწინავეებად მიიჩნევენ, რომლებსაც უფლება აქვთ გადაწყვიტონ, რა იქნება სწორი მასებისთვის - მაშინაც კი, თუკი ეს მსხვერპლთა სიკვდილს ნიშნავს“, - წერს „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი“ სამშაბათის ნომერში.

ასეა თუ ისე, ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება: ძალადობის ამგვარი გამოვლინებების აღკვეთის საუკეთესო გზა ალბათ იმიგრაციის და მულტიკულტურალიზმის შესახებ გულახდილი დისკუსიის გამართვა იქნება. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ევროპაში საკმარისი ყურადღება არ ექცევა ისლამისა და მულტიკულტურალიზმის მიმართ არსებულ მზარდ შიშებს. არადა, ევროპის ბევრ ქვეყანაში - მათ შორის, ჩრდილოეთის სახელმწიფოებში - არაერთი პოლიტიკური პარტია საზრდოობს მზარდი საზოგადოებრივი შეშფოთებით იმიგრაციის ირგვლივ - იმ ფონზე, როცა ეკონომიკური პირობები უარესდება, ისლამისტური თავდასხმების შიში კი ძლიერია. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ექსპერტების აზრით, ევროპაში იმიგრაციის, ისლამის და მულტიკულტურალიზმის შესახებ ფართო საზოგადოებაში ღრმა და გულახდილი დისკუსია არ მიმდინარეობს - ეს კი დიდ ასპარეზს უტოვებს ულტრამემარჯვენე, ანტიიმიგრაციულ და შიშების დამნერგავ ძალებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბოლო თვეების განმავლობაში ერთიმეორის მიყოლებით განაცხადეს, რომ მულტიკულტურალიზმი დამარცხდა, თუმცა, ამავე დროს, მკაფიოდ გაუსვეს ხაზი იმიგრანტების მიერ შეტანილ წვლილს ქვეყნების ცხოვრებაში. მაგრამ ბევრი თვლის, რომ ქვეყნების მეთაურების ეს განცხადებები მაინც ვერ გადაჭრის იმ ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პრობლემებს, რომლებიც მზარდ იმიგრაციას და გლობალიზაციას მოაქვს. პირიქით, ასეთი სწორხაზოვანი განცხადებებით შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს ეთნიკური და რასობრივი ურთიერთობები.

გამოსავალი, ექსპერტების აზრით, ერთადერთია - ევროპის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რა გზებით და რა ფორმით შეიძლება იმიგრაციით და გლობალიზაციით გამოწვეული საზოგადოებრივი და კულტურული ცვლილებების შესახებ ღრმა და გულახდილი დისკუსიის გამართვა - დისკუსიისა, რომელიც ღიად და დაუფარავად აირეკლავს მოსახლეობის შიშებს და განსხვავებული ჯგუფების თანაცხოვრებისთვის უფრო ეფექტიანი ფორმების მოძებნას შეეცდება. ნორვეგიაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად და აგრესიული ექსტრემისტებისთვის ასპარეზის წასართმევად, ბევრი ექსპერტის აზრით, სწორედ ზედმიწევნით გულახდილი დისკუსია იქნება ერთადერთი გზა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG