Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური სოლიდარობის აქციების კვირა


გასული კვირის მთავარი მოვლენები ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმის გარშემო ტრიალებდა. თბილისში მათი გათავისუფლების და საქმისათვის გრიფი ”საიდუმლოს” მოხსნის მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა. ამავე კვირაში ჟურნალისტებს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თუმცა კვირის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოტორეპორტიორებმა ზურაბ ქურძიკიძემ და გიორგი აბდალაძემ ბრალი აღიარეს. საზოგადოებას ეს ჩანაწერები ჯერ არ უნახავს, თუმცა შსს აცხადებს, რომ სასამართლო, რომელიც ღია იქნება, მალე გაიმართება და ყველას ექნება შესაძლებლობა საქმის ძირითად დეტალებს გაეცნოს.

ჟურნალისტების საპროტესტო-სოლიდარობის აქციები დაკავებული ფოტორეპორტიორების ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძის მხარდასაჭერად კვირის დასაწყისშივე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან.

13 ივლისს, საქმისათვის გრიფი ”საიდუმლოს” მოხსნისა და ფოტოკორესპონდენტების თავდებით გამოშვების მოთხოვნით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ეთიკის ქარტიის საბჭოსა და მედიაკოალიციის წევრების შეხვედრა შედგა. შს მინისტრმა ჯგუფს მთავარ მოთხოვნაზე - თავდებით გამოეშვათ ფოტოგრაფები - უარი განუცხადა, მათ მიმართ წაყენებული მძიმე ბრალდებების გამო, თუმცა, როგორც შეხვედრიდან გამოსული ჟურნალისტები აცხადებდნენ, მათ ფოტოგრაფების ბრალეულობის დამამტკიცებელი არავითარი მტკიცებულება არ უნახავთ. ამ შეხვედრიდან გაირკვა, რომ ფოტოგრაფების სასამართლო პროცესი ღია იქნება. გაზეთ ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა ეს გადაწყვეტილება ”მცირე დათმობად” შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს საზოგადოებრივი პროტესტის შედეგია და ეს პროტესტი არ უნდა შეწყდეს:

”მინისტრმა თქვა, რომ ეთანხმება პროკურატურის პოზიციას და სასამართლო იქნება ღია. სასამართლო მალე შედგება და ვადა არ გადააჭარბებს ერთ თვეს. მე ვფიქრობ, რომ ეს მცირე დათმობაც არის ჩვენი პროტესტის შედეგი და ეს პროცესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს.”

ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელი ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც აცხადებდა, რომ მათ არ უნახავთ დამატებით ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი:

”არც ერთი მტკიცებულება ჩვენ იქ არ მოგვისმენია, მხოლოდ მოსაზრებებს ვისმენდით და ასეთივე მოსაზრებები გვაქვს ჩვენც და, ამ მოსაზრებებით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ ამ საქმის ნახევრად ან სრულად უსაფუძვლობაში.”

ჟურნალისტების საპროტესტო აქციები იყო ამ შეხვედრამდეც - ჯერ შსს-თან, საპროტესტო პლაკატებით, შემდეგ პარლამენტის წინ, სტვენის ფონზე - და ამ შეხვედრის შემდეგაც: ჟურნალისტები პრეზიდენტის სასახლესთანაც საკუთარი სასტვენებით მივიდნენ და, დევიზით „არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავ“, ერთხანს თვალებდახუჭულნი და ყურებზე ხელებაფარებულნი იდგნენ.
აქციის დაწყებამდე „ალია-ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს თეთრი მაისურები დაურიგეს, რომლებზეც ფოტოგადაღების ამკრძალავი ნიშანია გამოსახული. ეს ნიშანი და მაისურები, შეიძლება ითქვას, ფოტორეპორტიორებისადმი სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გამართული აქცია ჟურნალისტებისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის გუშინდელი შეხვედრის გაგრძელებაა:

” მე პირადად კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ის ხალხი არაფერ შუაშია და არიან უდანაშაულოები. ამიტომაც დღეს საპროტესტო აქციაზე ვარ. კარგია, რომ პირველწყაროდან გავიგეთ, რომ მათ არაფერი აქვთ, რაღაც სატელეფონო ამონაბეჭდების გარდა. ამიტომ ან დადონ მტკიცებულება, ან გამოუშვან. აქედან - ერთ-ერთი.”

შემდეგ იყო აქცია გერმანიის საელჩოსთან, სადაც ჟურნალისტებმა მიიტანეს ხელმოწერები, დაკავებული ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლების მოთხოვნით...

თუმცა, მიუხედავად ამისა, კვირის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულმა ფოტორეპორტიორებმა, ზურაბ ქურციკიძემ და გიორგი აბდალაძემ, ბრალი აღიარეს. მედიასთან საუბრობდა მხოლოდ გიორგი აბდალაძის ადვოკატი ეკა ბესელია, რომელმაც ეს ფაქტები დაადასტურა და განაცხადა, რომ მათ ეს გაუსაძლისი ზეწოლის გამო გააკეთეს.

” როგორ მოიპოვება აღიარებითი ჩვენებები, ეს ადვოკატებმა ყველაზე კარგად ვიცით – ფსიქოლოგიური ზეწოლით, მუქარით, ოჯახის წევრებზე დამუქრებით. ასეთი მეთოდები ხშირად გამოიყენება და ამის მოწმეები და დამსწრეები ხშირად ვართ", - განაცხადა მანანა კობახიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

გავლენიანმა უფლებადაცვითმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“
15 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში ”ცხოვრება გაურკვევლობაში - ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობა გალის რაიონში”. 71 გვერდიანი ანგარიში გალში მცხოვრები ასზე მეტი ქართველის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისა და აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინტერვიუებზე დაყრდნობით მომზადდა.„ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია გვეუბნება, რომ გალში კვლავაც ირღვევა იქ მცხოვრები ქართველების სამოქალაქო, პოლიტიკური, განათლების უფლება და გადაადგილების თავისუფლება:

”აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ამბობს, რომ პასპორტიზაცია იძულებითი არ არის და ხალხი მას ნებაყოფლობით იღებს. მაგრამ თუ პიროვნება უარს ამბობს ამ პასპორტის აღებაზე, მას ერთმევა მთელი რიგი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები - არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება იქნება ეს თუ საჯარო სამსახურში მუშაობის ატესტატის აღების უფლება, ქონებრივი ტრანზაქციის განხორციელების უფლება. ამას ისიც ემატება, რომ თუ 2008 წლამდე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რამდენიმე ოფიციალური პუნქტი არსებობდა, ახლა მხოლოდ ერთი პუნქტია და მის გადასაკვეთად მოქალაქემ გალში უნდა აიღოს საშვი. სწორედ ამიტომ ხალხი იძულებულია არალეგალურად გადაკვეთოს საზღვარი და, მათი დაჭერის შემთხვევაში, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს”..

გალში კვლავაც მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხი. და რაც დრო გადის, ამ უფლებას სულ უფრო მეტი ქართველი კარგავს. გალის ზედა ზონის სოფლების სკოლებში ქართულ ენას ან საერთოდ აღარ ასწავლიან, ან ასწავლიან როგორც უცხო ენას - რამდენიმესაათიანი დატვირთვით, - წერს „ჰიუმან რაიტს უოჩი“. სკოლების უმრავლესობაში ქართულს მალულად ასწავლიან. გალის ორი სკოლიდან მხოლოდ ერთში ეთმობა ქართულს სამი საათი. ქართულად ჯერჯერობით ასწავლიან მხოლოდ გალის ქვედა ზონის 11 სკოლაში, თუმცა საფრთხე იქაც იზრდება.

მიმდინარე კვირაში ხმაური იყო თბილისში მცხოვრებ დევნილთა რამდენიმე ჩასახლებაში. გაირკვა, რომ 18 ივლისიდან დევნილთა გასახლების მორიგი - მესამე - ტალღა იწყება. ამის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან შესაბამისი გაფრთხილება უკვე მიიღეს დევნილებმა. გაფრთხილებას კონკრეტული შეთავაზებებიც მოჰყვა - დევნილებს ახალ საცხოვრებელ ბინებს კვლავ სამეგრელოსა და კახეთის სოფლებში სთავაზობენ. გალიდან დევნილი მზია კორსანტია ყაზბეგის #16-ში მცხოვრები დევნილების სახელით ამბობს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დევნილებისათვის საცხოვრებელ ადგილად შეთავაზებულ სიაშია გურჯაანის რაიონის სოფელი ბაკურციხე, ლაგოდეხის რაიონი, ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ლესიჭინე, ზუგდიდის რაიონის სოფელი ჭკადუა, ხობის რაიონი, აბაშის რაიონი, სოფელი ნორიო და წალენჯიხა. ხელისუფლების ეს შეთავაზება დევნილებისათვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან, როგორც მზია კორსანტია აცხადებს, იქ არ არის სკოლა, არ არის საბავშვო ბაღი, საავადმყოფო ან რაიმე სამედიცონო პუნქტი, მაღაზიებამდე მისასვლელად 4-5 კილომეტრის გავლაა საჭირო. შეთავაზებაზე უარის კიდევ არაერთი მიზეზი არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, დევნილები აქციებს საპატრიარქოსა და გაეროს ოფისის წინ გამართავენ.

”ჩვენ გვყავს დღედღეზე მოსარჩენი ფეხმძიმე ქალი, სკოლის ბავშვები, რომლებიც აქ სწავლობენ, ახალგაზრდები, ვინც აქ სამსახური იშოვა, აქ ვართ პენსიონერები, რომლებიც ვართ სხვადასხვა დაავადებით დაავადებული და, შესაბამისად, მუდმივად გვესაჭიროება ექიმის დახმარება. ამიტომ ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ იმ შემოთვაზებებს, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს და არ გვსურს წავიდეთ იმ სოფლებში, რომლებიც ადგილობრივმა მოსახლეობამაც კი მიატოვა.”

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი, რომლის ძირითადი პრინციპების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.
საქართველოს ხელისუფლება, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ერთგულია, ამ კანონის მთავარი პრინციპები კი თავისუფლება, პასუხისმგებლობითი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და დაბალი გადასახადებია, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც თავისუფლების აქტი ითვალისწინებს, არის ის, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე. მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში აუცილებლად გაგრძელდება მთავრობის ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა:

”აღნიშნული პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ფისკალური დემოკრატიის კუთხით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას ეძლევა მნიშვნელოვანი ბერკეტი გააკონტროლოს ქვეყანაში საბიუჯეტო სექტორი და თქვას თავისი სიტყვა ფისკალური პოლიტიკის ფორმულირების კონტექსტში”, - აცხადებს დიმიტრი გვინდაძე.

ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარებისათვის ხელისუფლება კანონში ადგენს მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალურ ზღვარსაც. საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან იქნება არაუმეტეს 30 პროცენტისა. ანუ, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, უკანასკნელ წლებში ასე პოპულარული ”ქამრების შემოჭერის” პლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

კვირის კიდევ ერთი სიახლე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით საქართველოს მედიის ფართომასშტაბიანი მონიტორინგის დაწყებაა.. პროექტის ფარგლებში ცენტრალური და რეგიონალური პრესისა და მაუწყებლობის მონიტორინგს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს. მონიტორინგი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, სოციალური და ეკონომიკური საკითხების მთელ რიგს მოიცავს.
რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პარლამენტის ბიურომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო. ბიურომ კანონი განმარტებით ბარათში დააზუსტა. განმარტებით ბარათში საუბარია საკანონმდებლო ინიციატივის მიზნებზე, არსზე, ფინანსურ გაანგარიშებებზე, ექსპერტების თანამონაწილეობაზე. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განმარტა, კანონის განმარტებითი ბარათი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით შეიქმნა.
ბიუროს სხდომაზე საკითხის დაყენების აუცილებლობა წინა დღეს წმინდა სინოდის სხდომამ და მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა. წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გუშინ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა წაიკითხა:

„მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან. დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.”

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას განმარტებით, შეიქმნება სამი კომისია, რომელიც წმინდა სინოდის მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე იმუშავებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG