Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში კრიზისის გამო ვითარება რთულდება


ბელორუსიის მოქალაქეები გაჭირვებით ახერხებენ თავის რჩენას ფინანსური კრიზისის პირობებში, როდესაც სამომხმარებლო ფასები კატასტროფულად იზრდება. მიუხედავად ბელორუსიის ხელისუფლების მცდელობისა, მოიპოვოს ფინანსური სტაბილურობისათვის საჭირო სესხი, ბელორუსიის მოსახლეობა მომავალს შიშით ელოდება.

მარტის თვიდან დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ბელორუსი პენსიონერები დააზარალა. მათ შორის არის 81 წლის ივან ანტონიუკი, რომლის შემოსავალი ორჯერ შემცირდა და სურსათის მაღაზიიდან, სადაც ადრე სიარული უხაროდა, თითქმის ხელცარიელი ბრუნდება:

„მხოლოდ აუცილებელი პროდუქტი ვიყიდე: ფქვილი, ყველი, ზეთი, კეფირი და რძე. არ შემიძენია არც პური, არც კარტოფილი და არც ბოსტნეული. იშვიათად ვჭამ ხორცსა და ძეხვეულს, რაც ძალიან ძვირია.“

ფინანსური კრიზისი კი 19 დეკემბრის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბელორუსიის დიქტატორი ლიდერის, ლუკაშენკოს მიერ გაწეულმა ხელგაშლილმა ხარჯებმა და რუსეთის მიერ ბუნებრივ აირზე ფასების მომატებამ განაპირობა. ფინანსური კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ბელორუსიის ხელისუფლებამ გასულ თვეში 36 პროცენტით გააუფასურა ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი. მიუხედავად დასავლეთის მიმართ არსებული წყენისა, პრეზიდენტი ლუკაშენკო იძულებული გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის ეთხოვა, გამოეყო ბელორუსიისათვის ფინანსური სისტემის კრიზისიდან გამოსაყვანად საჭირო სესხი. ბელორუსიის ყველაზე ახლო მოკავშირემ, რუსეთმა, პირდაპირ სესხზე მინსკს უარი უთხრა და, სამაგიეროდ, შესთავაზა 3 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი, რომელსაც რეგიონალური გაერთიანება „ევრაზიის“ ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია გაიღებს.

მაგრამ ბელორუსიაში გრძელდება ფინანსური კრიზისი, რასაც თან ახლავს სურსათზე ფასების კატასტროფული მატება. მსგავი რამ ქვეყანაში აღარ ყოფილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მოსახლეობა გრძელ რიგებში დგას, რათა შეიძინოს სურსათი და დროზე გაცვალოს უცხოურ ვალუტაში ეროვნულ რუბლებში კონვერტირებული დანაზოგი.

81 წლის პენსიონერი ივან ანტონიუკი და მისი მეუღლე, რომელთა საერთო შემოსავალი თვეში 300 დოლარია, მთელ შემოსავალს პროდუქტებში ხარჯავენ. ამასთან, ისინი იძულებულნი არიან გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და შეიძინონ ძვირად ღირებული წამლები. მოხუცები პანიკაში არიან და ღიზიანდებიან სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ტყუილებით.

„ ნახეთ რა ხდება ფასებზე? საშინელებაა, კატასტროფაა! მაგრამ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტელევიზიას და რადიოს თუ მოუსმენთ, ყველაფერი კარგადაა. არც კი ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვროთ.“

ბელორუსიაში ფინანსური კრიზისის პირობებში შედარებით უკეთ გრძნობს თავს რაიონების მოსახლეობა. მინსკიდან 70 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მოლოდეჩნოში მცხოვრებ ოლგა ლავინოვიჩსა და მის მეუღლეს თავისუფალი ფული არასოდეს ჰქონიათ. მათი შემოსავალი, მართალია, თვეში დაახლოებით 250 დოლარია, მაგრამ ცოლ-ქმარმა წინასწარ მოიმარაგა მშრალი საკვები და სურსათი, ხოლო ვინაიდან შეკრული ოჯახი აქვთ, კრიზისის გადატანა არ გასჭირვებიათ.

„როდესაც ადამიანები ამ კრიზისს „არამგედონს“ ადარებენ, მე მათ ვპასუხობ, გაიხსენეთ 1996-1999 წლები, როდესაც, მაგალითად, დედაჩემი, რომელიც უმაღლესი კვალიფიკაციის ინჟინერია, თვეში 30 დოლარს იღებდა.“

მაგრამ მიუხედავად ლავინოვიჩების ოჯახის ელასტიურობის და ძალისხმევისა, შეინარჩუნონ ოპტიმიზმი,ისინიც კი შიშის გარეშე ვერ უყურებენ მომავალს. „წარმოდგენა არ გვაქვს, რას გვიქადის მომავალი და როგორ უნდა ვიცხოვროთო“, - ამბობს ოლგა ლავინოვიჩი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG