Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აირევი ივერია“


გალაკტიონ ტაბიძის ცნობილი ლექსის ეს სტრიქონი მარცხნიდან და მარჯვნიდან ერთნაირად იკითხება: აირევი ივერია. ზუსტად ასეა ჩვენი საქმეც – მარჯვნიდან და მარცხნიდან ერთნაირად არეულია ჩვენი ქვეყანა. ასეთი არეული, კარგა ხანია, აღარ მინახავს.

როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესი საქართველოში? როდის და როგორ შეიცვლება ხელისუფლება? დარჩება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პირველ პირად 2013 წლის შემდეგ? დარჩება თუ არა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა, თუნდაც, სააკაშვილის გარეშე? რა ელის ოპოზიციურ პარტიებს? რა ელის ხალხს? ეს არის შეკითხვები, რომლებზე პასუხი სულ უფრო მეტ ადამიანს აღელვებს.

ცხადია, დასმულ შეკითხვებზე ზუსტი პასუხები არ არსებობს. მაგრამ ეს ხელს ვერ შეგვიშლის, დავთვალოთ, რა კომპონენტები გვაქვს იმისათვის, რომ ვივარაუდოთ მაინც, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ბუნებრივად დაიყო სამ ნაწილად

1. ნინო ბურჯანაძე/სახალხო კრება
2. ქართული პარტია
3. „რვიანი“

ამავდროულად, კარგა ხანია, იგივე სპექტრი დაყოფილია ორ ბანაკად:

1. სწრაფი ცვლილებების მხარდამჭერებად
2. ნელი ცვლილებების მხარდამჭერებად

სულ ორი დღის წინ ოპოზიციური სპექტრი კიდევ ერთი ნიშნით გაიმიჯნა:

1. პროამერიკელები
2. ანტიამერიკელები

ახლა ვცადოთ, შევადგინოთ მარტივი სქემა:

სწრაფები ნელები პროაშშ ანტიაშშ
ბურჯანაძე/სახალხო კრება + _ ? ?
ქართული პარტია + – – +
რვიანი – + + –

1. ამ მარტივი სქემის მიხედვით, ნინო ბურჯანაძის პოზიციის სხვაობა – მის ოპონენტებთან შედარებით – ის არის, რომ სახალხო კრებას არ აქვს გამოკვეთილი საგარეო ორიენტაცია. სავარაუდოდ, პარტიის ლიდერის აზრით, ასეთი ბუნდოვანი („დაბალანსებული“) ორიენტაცია უფრო სასარგებლოა სახალხო კრებისთვის, ვიდრე მკაფიო პროამერიკული ან პრორუსული ვექტორი, რომელიც, ერთი მხრივ, შემოიკრებდა ამ ვექტორის მხარდამჭერებს, მაგრამ, მეორე მხრივ, დააფრთხობდა რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს.

ფაქტობრივად, ბურჯანაძე აქცენტს აკეთებს სწრაფ ცვლილებებზე და, შესაბამისად, ორიენტირებულია უფრო შიდა რესურსზე, ვიდრე სახელმწიფოს გარედან დახმარებაზე. ჯერჯერობით, სურათი სწორედ ასეთია, თუმცა, მოვლენები ძალიან სწრაფ რეჟიმში ვითარდება. თუ სახალხო კრება და ნინო ბურჯანაძე უახლოეს დღეებში უფრო მეტად გამოკვეთენ პოლიტიკურ ვექტორს, მაშინ მათ, კითხვის ნიშნის მაგივრად, შესაბამისი პლუსი გაუჩნდებათ (რაც გვერდით გრაფაში მინუსს ნიშნავს).

2. როგორც ვხედავთ, ქართულ პარტიას ორი მკაფიო ორიენტირი აქვს: სწრაფი ცვლილებები და ანტიამერიკული ვექტორი. ბოლო დღეების მოვლენების ფონზე აშკარაა, რომ პარტია სულ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს საგარეო პოლიტიკურ კურსზე და შეეცდება, მოსახლეობის ის ნაწილი შემოიერთოს, რომელიც ანტიამერიკულად და/ან პრორუსულადაა განწყობილი. პოლიტიკურ ვექტორზე მკვეთრი აქცენტით ქართულმა პარტიამ თავი გაიმიჯნა ყველა პოლიტიკური ძალისგან (როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური პარტიებისგან) და შექმნა ალტერნატიული, ორმინუსიანი პოლიტიკური ცენტრი („ანტიმიშა“, „ანტიაშშ“). ეს მიანიშნებს იდეოლოგიური მხარდამჭერების შემოკრების სურვილზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ. თუმცა, ჯერჯერობით, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ ამ პარტიის მხარდამჭერები არ ჩანან, რაც დროთა განმავლობაში პარტიის იმიჯს პოტენციური მომხრეების თვალშიც კი დააკნინებს. სავარაუდოდ, სწორედ აქტიური მხარდამჭერების დემონსტრირება იქნება პარტიის მთავარი ამოცანა უახლოეს დღეებში.

3. რაც შეეხება „რვიანს“. მას ორი მკაფიო პოზიცია აქვს: 2012 წლის არჩევნებისთვის მზადება და პროამერიკულობა. რვიანი ორივე ფაქტორზე თანაბარ აქცენტს აკეთებს და ამით ზუსტ „მესიჯს“ უგზავნის პოტენციურ მომხრეებს. თავის მხრივ, ჰილარი კლინტონის, ჯონ ბასის, ტინა კეიდანაუს განცხადებები სამართლიანი საარჩევნო პროცესის შესახებ – რომლებიც არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე გაკეთდა (!) – პირდაპირ აღიქმება „რვიანის“ მხარდამჭერ პოზიციად. ამ თვალსაზრისით, „რვიანის“ საგარეო საყრდენი გაცილებით ძლიერია, ვიდრე – ქართული პარტიის. ერთადერთი, რაც კითხვის ნიშანს ტოვებს, ეს არის აშშ ადმინისტრაციის მხრიდან არა მხოლოდ „რვიანის“, არამედ მიხეილ სააკაშვილის ტრადიციული მხარდაჭერაც. ამიტომ, თუ საკმაოდ სწრაფად არ გაირკვა, რამდენად შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს აშშ-ის მხარდაჭერის იმედი, არ არის გამორიცხული, „ანტიმიშა“ ელექტორატის ნაწილი – რომელიც დღეს არჩევნების მომხრეა – თანდათან „ანტიაშშ“ პარტიისკენ გადაიხაროს. დიპლომატიურ ენას სისწრაფე და რადიკალიზმი არ უყვარს. ამიტომ, „რვიანის“ მომხრეებს მოუხდებათ, ან გრანდიოზული მოთმინებით აღიჭურვონ, ან გარკვეული დამაიმედებელი მინიშნებები ახლავე მოითხოვონ.

როგორც ვხედავთ, სახალხო კრება და ქართული პარტია ბუნებრივი მოკავშირეები არიან ცვლილებების ვადების კონტექსტში და თუ ორივე პოლიტიკური ძალა თავის დაპირებებს შეასრულებს, მათი გზები აუცილებლად შეერთდება ქუჩაში.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, ოპოზიციის არც ერთ სეგმენტს შიდა ოპოზიციურ სპექტრში მოკავშირე არ ჰყავს და თავის ელექტორატზე მუშაობს.

თუ ჩვენს მარტივ სქემას შევაჯამებთ, გამოვა, რომ უფრო მეტი შანსია, მოვლენები სწრაფად განვითარდეს, ვიდრე – ნელა. ხოლო პროამერიკულ და ანტიამერიკულ ვექტორებს, ფორმალურად, თანაბარი წონა აქვს.

თუმცა, გასათვალისწინებელია „რვიანის“ ერთი გამაძლიერებელი და ერთიც – დამასუსტებელი ფაქტორი: პროამერიკული ვექტორის მხარდაჭერა გაცილებით მკაფიოა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ვიდრე – ანტიამერიკულის. თუმცა, პროამერიკულ ველზე „რვიანის“ სერიოზულ მეტოქედ რჩება ნაციონალური მოძრაობა.

შესაბამისად, მოვლენების შემდგომი განვითარება დიდწილად იქნება დამოკიდებული დღეისათვის უპასუხოდ დარჩენილ სამ არსებით შეკითხვაზე:

1. გამოკვეთს თუ არა (ან რა მიმართულებით გამოკვეთს) ნინო ბურჯანაძე თავის საგარეო ვექტორს?
2. გამოკვეთს თუ არა ქართული პარტია თავისი საშინაო და საგარეო მხარდამჭერების რეალურ სახეს?
3. გამოკვეთს თუ არა აშშ თავის ნამდვილ ფავორიტს სააკაშვილსა და „რვიანს“ შორის?

სამივე შეკითხვის პასუხს, სავარაუდოდ, მაისის თვეში მივიღებთ. ნინო ბურჯანაძემ ყველაფერი, რაც სათქმელი აქვს, 26 მაისამდე უნდა თქვას; ქართულმა პარტიამ 16 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დაგეგმილ აქციაზე უნდა აჩვენოს ანტიამერიკული პროტესტის წონა; მესამე შეკითხვის პასუხს კი მაისის ბოლომდე უნდა დაველოდოთ, როცა, წესით, გაირკვევა, რამდენად არსებით დათმობაზე მოჰყავს „რვიანს“ (და მის მხარდამჭერ ძალას) ხელისუფლება.

შორიდან შეიძლება ისე ჩანდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი, თავის გუნდთან ერთად, ოპოზიციური პარტიების ურთიერთგანადგურებით ტკბება. სინამდვილეში, ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური პროცესის ღერძად რჩება. მას ერთდროულად უწევს „სწრაფების“ განეიტრალება, „ანტიაშშ“ პოზიციის მოგერიება და „რვიანთან“ ურთიერთობის დაბალანსება. სამივე მიმართულებით დაძაბული შრომის ნიშნები ჩანს: ბურჯანაძის მომხრეები დაიჭირეს; „რვიანი“ ინდივიდუალური მოლაპარაკების რეჟიმში გადაიყვანეს; განსაკუთრებული გამეტებით კი პრეზიდენტმა „ანტიაშშ“ პარტიას შეუტია, როცა ტრაქტორისტებს ამ პარტიის ლიდერების „გადავლისკენ“ მოუწოდა.

ყველაფერი, რაც ხდება, მიუთითებს, რომ მაისი მრავალმხრივი და მძიმე დაპირისპირების თვე იქნება. საბოლოოდ როგორ დალაგდება დღევანდელი „არეული ივერია“ და შექმის თუ არა პლუს-მინუსების ახალი განლაგება ახალ რეალობას, – ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდეთ.

ახლა კი კიდევ ერთხელ ვიტყვი: მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ვიდრე ეს სტატია გამოქვეყნდება, შესაძლოა, ზოგიერთი რამ უკვე შეიცვალოს. საბედნიეროდ, ბლოგის ფორმატი საშუალებას იძლევა, კვალდაკვალ მივყვეთ ცვლილებებს, რაშიც ბლოგის მკითხველების და კომენტატორების დახმარების იმედი ნამდვილად მაქვს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG