Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავაჭრო ჯიხურები, ქალაქის იერსახე და სხვა


დედაქალაქის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი
დედაქალაქის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი
დღეს, 11 მარტს, საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ თბილისის საკრებულოს მარტის სხდომაზე დედაქალაქის არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფროსების მიწვევის მოთხოვნით მიმართა. რესპუბლიკელთა შეფასებით, სახელისუფლებო მონოპოლიებისთვის ბიზნესსივრცის გათავისუფლების მიზნით, ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში მცირე ბიზნესის საწინააღმდეგო კამპანია გაძლიერდა.

სამარშრუტო ტაქსის ბიზნესიდან ათასობით მცირე მეწარმის გაძევების შემდეგ, ხელისუფლებამ მცირე სავაჭრო ობიექტების დაწიოკება დაიწყო, -ვკითხულობთ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, რომლის თანახმადაც, ეს კამპანია ემსახურება ერთადერთ მიზანს, გაათავისუფლონ ბიზნესსივრცე მცირე და საშუალო მეწარმეებისაგან და ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებითა და მათთან დაახლოებული პირებით ჩაანაცვლონ.
‘ნუგეშს’ პარლამენტის წევრი არჩილ გეგენავა ლობირებს და მისია, ‘ლატარიის კომპანია’- დავით კეზერაშვილის, პრესის გავრცელების ჯიხურები ...

როგორც დედაქალაქის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი შენიშნავს, თბილისის რამდენიმე რაიონში უკვე დაიწყო სავაჭრო ჯიხურების აღება და ათეულობით მოქალაქემ საკუთარი ბიზნესის გაგრძელებისათვის საჭირო ნებართვის მიღებაზე უარი სამი მიზეზით მიიღო: დროებითი ჯიხურების დადგმა აკრძალულია გამზირებზე, ქუჩებზე, ძველი თბილისის რაიონში და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე; დაუშვებელია ჯიხურების რიგის გაჩენა და, ბოლოს, ჯიხურების მხატვრული იერსახე უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე დიზაინის მოთხოვნებსა და შეესაბამებოდეს ტერიტორიაზე არსებულ არქიტექტურულ გარემოს. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ამგვარი მოთხოვნები შერჩევითი ხასიათისაა და შეეხებათ არა ხელისუფლებაში მყოფ მონოპოლისტებს, არამედ მხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეებს:

„ ‘ნუგეშს’ პარლამენტის წევრი არჩილ გეგენავა ლობირებს და მისია, ‘ლატარიის კომპანია’- დავით კეზერაშვილის, პრესის გავრცელების ჯიხურები, აუტდორჯი - ასევე დავით კეზერაშვილის, ‘ორი წუთი’, რომელიც კულტურის მინისტრის ძმას, ნიკა რურუას, და იმავე არჩილ გეგენავას ეკუთვნის, - მათ 50-50 პროცენტიანი წილი აქვთ, - და კიდევ რამდენიმე სხვა შემთხვევები, რომლებზეც დღეს არ ვისაუბრებ. აი, ამ ადამიანებს, ხელისუფლებას, თავად ეძლევა საშუალება ამ ბიზნესში მიიღოს მონაწილეობა, ამ ბიზნესისგან მიიღოს მოგება.”

ხელისუფლებას სრულიად გეგმაზომიერი და წინასწარ შემუშავებული სტრატეგია აქვს ქვეყანაში მონოპოლიების განმტკიცებისა და ბიზნესში მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფების დამკვიდრებისათვის- ასე ჟღერს ბრალდება, რომელსაც თინა ხიდაშელი აყენებს. შესაბამისად, იგი ქალაქის არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფროსებისგან მოითხოვს პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: რა საფუძველზე გაიცემა ნებართვები და რა არის მეწარმეების მიმართ განსხვავებული მიდგომების მიზეზი. საკრებულოს სხდომამდე ამ შეკითხვებზე პასუხს, აღნიშნული სამსახურების ნაცვლად, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ჩაჩანიძე იძლევა:

”მაშინ, როდესაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იერსახე მოწესრიგებულიყო, მაშინვე დაიგეგმა და განისაზღვრა ადგილები, სად შეიძლებოდა მომავალში განთავსებულიყო იერსახის შესაბამისი ტერმინალები, რაღაცა ელემენტარული პირობებით. მთლიანობაში, ეს ჯიხურები, იგივე „ნუგეშზე“ რომ ვისაუბროთ, სულ არის რაღაც 250 კვადრატული მეტრი, რასაც ფლობს ქალაქის მასშტაბით, მაშინ როდესაც, ალბათ, 1000-მდე იქნება ისეთი ჯიხური, რომელსაც ფლობენ ფიზიკური პირები, ჩვეულებრივი ჩვენი მოქალაქეები, აი, ამ შიდაკვარტალურ უბნებში და არამარტო შიდა კვარტალებში.”

თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ჩაჩანიძე მონოპოლიებზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე კი ამბობს, რომ თუ მეწარმეების ინტერესები ილახება, ამაზე, პირველ რიგში, მეწარმეებმა უნდა აიმაღლონ ხმა და არა პოლიტიკოსებმა:
გაგვაფრთხილეს, სამი კვირის ვადაში იქნებ რაიმე ნებართვები გააკეთოთო. მერია გვეუბნება, დადგით სტანდარტული, 6 კვადრატული მეტრის ჯიხური, თანამედროვე დიზაინითო ...

”თუ სუბიექტივიზმთან გვაქვს საქმე და რაიმე სახით არსებობს დამადასტურებელი საკითხები, რომ ამასთან მიმართებაში არის რაიმე პრეფერენციულ მდგომარეობაში რომელიმე ბიზნესჯგუფი ჩაყენებული, ამისთვის სასამართლოც არსებობს. ჯიხურებთან მიმართებაში რომ რომელიმე მცირე მეწარმეს კონკრეტულად რაიმე სახით ჩვენთვის მოემართოს, ასეთი რამ არ ყოფილა.”

დაახლოებით ამასვე ამბობს ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია:

”ჩემთვის პრინციპში არავის მოუმართია. ერთმა ქალბატონმა მომმართა, რომელსაც სხვა პრობლემა ჰქონდა. ჯიხური არა, უფრო ფარდული იყო ის და იქ პრინციპში ყველაფერი მოგვარდა.”

ერთ-ერთი დაზარალებული კი, რომელმაც თავისი გასაჭირი რესპუბლიკურ პარტიას გაუზიარა, ქალბატონი ნინოა. იგი არ უარყოფს, რომ წლების განმავლობაში უნებართვო ობიექტში ვაჭრობდა, მაგრამ აღნიშნავს იმასაც, რომ არ გააჩნია სახსრები საიმისოდ, რომ თბილისის მერიის მოთხოვნები დააკმაყოფილოს:

”გაგვაფრთხილეს, სამი კვირის ვადაში იქნებ რაიმე ნებართვები გააკეთოთო. მერია გვეუბნება, დადგით სტანდარტული, 6 კვადრატული მეტრის ჯიხური, თანამედროვე დიზაინითო. ეს დაახლოებით 3000-დან 4000-მდე დაგვიჯდება თანხობრივად. თან ნებართვას, პარალელურად, არ იძლევა მერია. არც იმის გარანტიას გვაძლევენ, რომ ახალი რომ ჩავდგათ, რამდენიმე, თუნდაც ხუთი წლის ვადით ვიქნებით. ეს არის ერთწლიანი ნებართვა. ჩვენ ფიზიკურად ეს თანხები არ გვაქვს ახლა, ამ ეტაპზე.”
XS
SM
MD
LG