Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის ”ჩარეცხავენ” მკვლელ მშობლებს?


ერთი კვირაა ვფიქრობ ტექსტზე, რომელიც ამ ბლოგზე მინდოდა დამედო; ვფიქრობ ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ”შე მემარცხენო!”, ”შე მემარჯვენოს!” ძახილში... ვაპირებდი მათთვის მერჩია, თავი დაენებებინათ ამ კინკლაობისთვის და დაგროვილი ენერგია სულ სხვაგან - წარსულის იმ აჩრდილებთან ჭიდილში დაეხარჯათ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას. თორემ, რა გამოდის? ახალგაზრდები უკვე დაღეჭილი იდეოლოგიებითა და აბსტრაქტული თეორიებით, ზოგიერთი კლოუნი-ფილოსოფოსის ექსცენტრიკული გამოთქმებით და ვიკიპედიაში წაკითხული ”სოციალური დოქტრინებით” უპირისპირდებიან ერთმანეთს, მამა-პატრიარქები კი ( და დედა-პატრიარქებიც) უძლეველნი რჩებიან; ზოგი ოქრო-ვერცხლითა და ბროლით მორთულ სასახლეში იღებს ”შვილებს”, საქმეს ურჩევს და ”ჭეშმარიტების გზაზე” აყენებს, ზოგს კი თავისი სამყოფელის ვიწრო სივრცეც ჰყოფნის - იქ უქნევს თითს თავის ჯიშსა და ჯილაგს, მოითხოვს, ”გაიმეოროს” მისი ცხოვრება და დაემორჩილოს ავტორიტეტებს, პირველ რიგში კი ოქრო-ვერცხლით მორთულ სასახლეში მოკალათებულ მეფე-პატრიარქებს.

ასეთ სიტუაციაში კამათი მემარცხენეობა-მემარჯვენეობაზე, რომელმაც ერთმანეთს მეგობრები გადაჰკიდა, მხოლოდ და მხოლოდ პრობლემიდან გაქცევა მგონია. ახალგაზრდებს არ ჰყოფნით ძალა, არ ჰყოფნით გამბედაობა, დაუპირისპირდნენ იმას, ვინც საზოგადოების იდეოლოგიას განსაზღვრავს, ვინც ხელს უწყობს უმეცრების ტირაჟირებას განათლების დაბალი დონის თვალსაზრისით ისედაც პრობლემატურ ქვეყანაში. ისინი, თავიანთი ჩამქრალი, დაღლილი, შეშინებული მზერით, ერთმანეთს მისჩერებიან. ზოგი გულწრფელად, ზოგიც (”სანკულტურის თეატრის” სტილში), უსამართლობის წინააღმდეგ ისვრის ლოზუნგებს, მაგრამ ამ თაობაში ცოტაა ადამიანი, რომელიც, 1968 წლის პარიზისა არ იყოს, პირველ რიგში მამების (და დედების) მიერ აშენებული იდეოლოგიური ინსტიტუტებისა და მათ მიერვე დამკვიდრებული კულტურული კლიშეების დანგრევას გაბედავს. როგორც ჩანს, ყველას ახსოვს, რად დაუჯდა თავის დროზე ლევან ბერძენიშვილს იმის თქმა, რომ არ უყვარს პოეტი-ილია ჭავჭავაძე, რა დღეში ჩააგდეს ზურაბ ჭიაბერაშვილი ”ქართლის დედის” გაქილიკებისთვის, ემზარ ჯგერენაია "გეიფისთვის", დათო ბარბაქაძე ”შუშანიკის წამებისთვის”, როგორ აუმხედრდა ”სრულიად პატიოსანი საქართველო” ბასილ კობახიძეს... ჰოდა, რომ ახსოვს, ამიტომაც კმაყოფილდება ვიწრო სივრცეში გამართული დისკუსიებით, ანდა, ირჩევს ნაკლებად მტკივნეულ, ნაკლებად საშიშ სოციალურ-პოტიკურ პერფორმენსებს, რომლებისთვისაც დიდი-დიდი ასი ლარით შეიძლება დაგაჯარიმონ. უფრო მეტიც, ”სრულიად პატიოსანი საქართველოს” სიმპათიაც შეიძლება დაიმსახურო ხელისუფლების კრიტიკისთვის.

მაგრამ ეს ტექსტი დაუსრულებელი დამრჩა. ქართულ ”ვესტსაიდის ისტორიაზე” მსჯელობის სურვილი გამიქრა მას შემდეგ, რაც საინფორმაციო საშუალებებმა სოფელ მისაქციელში მომხდარი მკვლელობის შესახებ გვაუწყეს. ”როგორც მეზობლები აცხადებენ, ბავშვის ცემის ფაქტი ადრეც ყოფილა, მაგრამ ეს სერიოზულად არავის მიუღია”, იუწყებიან ჩვენი სააგენტოები.

ზუსტად ასე - მშრალად და საქმიანად.

შედარებით უფრო ემოციური იყო ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტი, რომელმაც გულდაწყვეტილმა გვითხრა, სამწუხაროდ, ბავშვის ფოტო ვერ მოვიპოვეთო. თუმცა მეორე დღეს მსხვეპლის სურათი მაინც გვიჩვენეს შესაბამისი კომენტარით: ”სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ერთი სურათის მოპოვება შევძელით”.

ამას ჟურნალისტი ამბობს! ის, ვინც ადამიანის უფლებათა დამცველი უნდა იყოს - საზოგადოების თვალის, ყურის და ხმის როლს უნდა ასრულებდეს, ადამიანის, მათ შორის, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებს უნდა აგროვებდეს... და არა მოკლული ბავშვის სურათებს.

ამ ისტორიის შემდეგ მსჯელობა ახალგაზრდებზე, რომლებიც ”ვერ კლავენ მშობლებს”, ანუ რომლებიც მშობლების სივრციდან ვერ თავისუფლდებიან, თავიდან ბოლომდე მშრალი მორალიზმი იქნებოდა. როგორ უნდა ”მოკლან”, როცა ქვეყნის ფაქტობრივად ყველა ინსტიტუტი - ხელისუფლება, ეკლესია, ოჯახი, სკოლა - გაერთიანებული ძალითაა მიმართული ახალი აზრის წინააღმდეგ? ასე იყო საბჭოთა ეპოქაში და ასე იყო საბჭოთა კავშირის დანგრევის წლებში, როცა საქართველოში რამდენიმე ახალგაზრდის სურვილი, გადაეფასებინათ ისტორია და რუსეთის მსგავსად დაეწყოთ მამების, ბაბუების დანაშაულის მხილება, ”პავლიკ მაროზოვის სინდრომად” შეფასდა.

დღეს ”პავლიკ მოროზოვი” არ გვყავს. სამაგიეროდ ისევ გვყავს შვილების მკვლელი მატეო ფალკონეები და მედეები. გვაქვს მედია, რომელიც იმას წუხს, რომ ”სურათი ვერ მოიპოვა” და მეზობლები, თემი, საზოგადოება, რომელმაც იცის, რომ ბავშვს სცემენ, მაგრამ ამას სერიოზულად არ იღებენ, რადგანაც ბავშვის ტირილზე პატრულის გამოძახება სამარცხვინოდ მიაჩნიათ... ანდა, უბრალოდ, თავადაც წამოარტყამენ ხოლმე თავიანთ ჯიშს და ჯილაგს, რათა მერე შეშინებულმა, დამფრთხალმა და ”ჩამქრალმა” საქმეები არა მშობლებთან, არა მამა-პატრიარქებთან, არამედ თავის თანატოლებთან გაარკვიოს. და კიდევ დიდხანს იყოს დამოკიდებული მშობლებზე - პირველ რიგში ეკონომიკურად.

მკვლელ-მშობლებზე და გულგრილ საზოგადოებაზე, რომელსაც ეს მკვლელი-მშობლები შეადგენენ, ქართული საზოგადოება არ ლაპარაკობს. არავინ!

ამიტომაც აი ეს ვიდეო ჩვენი ყოფის შემადგენელ ნაწილად მიგვაჩნია.

ვიცინით და ცხოვრება გვიხარია! ბავშვებიც იცინიან. უხარიათ, როცა ხედავენ, როგორ ურტყამენ სხვას თავში და გულის სიღრმეში, შესაძლოა, ფიქრობენ: ”რომ გავიზრდები, ‘მამაო’ გავხდები. თავში ჩავარტყამ და ხელს ვერავინ შემომიბრუნებს”

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG