Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირე მოგონება ედუარდ შევარდნაძეზე


14 იანვარს გოგი გვახარიას საავტორო გადაცემაში „წითელი ზონა“ ჩართული იყო რამდენიმე ფრაგმენტი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის დამფუძნებელი კრებიდან: ჯერ რეზო ამაშუკელის სიტყვა, ბოლოს გიორგი ქათამაძის, მათ შორის კი ჩემი გამოსვლის ნაწყვეტი. ამ კადრებმა ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი აჟიოტაჟი გამოიწვია რადიო თავისუფლების ვებსაიტზეც და ფეისბუკშიც: კომენტატორთა უმრავლესობა ამას ჩემ ლუსტრაციად მიიჩნევდა: „ყოჩაღ, გოგი, არქივიდან მაგარი მასალები ამოგიღიათ. კარგია, რომ ამაშუკელი და მაისურაძე ერთად გაუშვით. გაიგოს ხალხმა, ვინ ვინ არის...“; „მაისურაძე რამდენ ჭკუას დაგვარიგებს, იმდენი ეს ვიდეო უნდა დაუდო ცხვირთან“ და ა.შ. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი კომენტარების კითხვა სიამოვნებას მანიჭებდეს, მაგრამ მოულოდნელი არაფერი არ ყოფილა. პირიქით, საკმაოდ „რბილიც“ კი მეჩვენა, რამდენადაც, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, კონიუნქტურულიც კია, ყველაფრის, რაც შევარდნაძის სახელს უკავშირდება, ვინმეს დისკრედიტაციისათვის გამოყენება. სხვისი მხილება და განკითხვა კი უძველესი ადამიანური სისუსტეა და ამ ლტოლვის დამუხრუჭება თვით „არა განიკითხოს“ ავტორმა იესო ქრისტემაც კი ვერ შეძლო და მისი სახელით შექმნილმა რელიგიამ სხვისი განკითხვა და შეჩვენება თავისი პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტადაც კი აქცია.

მაგრამ ეს ამჯერად ნაკლებად მაინტერესებს, მით უმეტეს, რომ ჩემი „შევარდნაძისტული“ წარსული არასდროს არც დამიმალავს და ახლა იმასაც დავამატებ, რომ მისი არც მრცხვენია. თუმცა კი იყო დრო, როდესაც მე ამის საშინლად მრცხვენოდა და ეს გრძნობა მაშინვე დამეუფლა, როდესაც 1994 წლის 4 ივნისს ორი განცხადება დავწერე: პირველი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის სახელზე: „გთხოვთ გამათავისუფლოთ სმკ-ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან“; მეორე - ამ პარტიის კანცელარიის ხელმძღვანელის მარინა მუსხელიშვილის სახელზე: „გთხოვთ ამომრიცხოთ მოქალაქეთა კავშირის წევრთა სიიდან“. ახლა რომ ვფიქრობ, ზუსტად ვერ აღმიდგენია, რისი მრცხვენოდა. ეს უფრო რაღაც ირაციონალური განცდა იყო, ვიდრე რაიმე გააზრებული „დანაშაულის გრძნობა“, რომელიც არანაირად შევარდნაძეს არ უკავშირდებოდა. პირიქით, მეუხერხულებოდა კიდევაც მისთვის თვალებში შეხედვა და ერთი წელი სახლიდან თითქმის არ გამოვსულვარ, თავს ვარიდებდი საჯარო შეკრებებს, განსაკუთრებით თეატრებსა თუ ოპერაში სიარულს, სადაც შევარდნაძესთან შეხვედრის დიდი შანსი იყო. როდესაც ჩემი განცხადება გადასცეს, შევარდნაძემ თავის კაბინეტში დამიბარა. საუბარი, რომელიც თითქმის 45 წუთი გაგრძელდა, იმდენად გულის ამაჩუყებელი იყო, რომ ლამის ცრემლები წამომივიდა. მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მტკიცე იყო და მის შეცვლას არ ვაპირებდი. მიზეზი კი პოლიტიკით ჩემი გაწბილება იყო, განცდა იმისა, რომ იქ არა ვარ, სადაც ჩემი ადგილია. პოლიტიკოსად რომ შედგე, პირველი აუცილებელი პირობა ძალაუფლების სიყვარულია, ყველა დანარჩენი კი „ზედნაშენებია“. მე კი მივხვდი, რომ არ მიყვარდა ძალაუფლება, არ მსიამოვნებდა, რომ 23 წლის ახალგაზრდას ასაკოვანი ხალხი პირში შემომციცინებდა, არ მიხაროდა, როდესაც საკუთარი თვალით ვხედავდი ინტრიგებისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლის მთელს ანატომიას - ამ ადამიანურ, ერთობ ადამიანურ ობსესიას, ყოველთვის ხალხზე ზრუნვისა და უმაღლესი იდეალების სამსახურის მიზნებით რომ იმოსება. მაგრამ მორალისტი არა ვარ და არც ვყოფილვარ. უბრალოდ, საკუთარი უმანკოების დაკარგვის განცდა მქონდა და ამისი მრცხვენოდა, თანაც გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ასეთი რამ მხოლოდ პოლიტიკის თვისებაა და მის გარეთ ჰარმონია და კეთილშობილება სუფევს, თუმცა ეს მითიც ძალიან მალე დამენგრა.

პოლიტიკაში ყველა ადამიანური თვისება ზედაპირზე ამოდის და ადვილად იშიფრება. ამ თვისებების „სიმაღლედ“ თუ „სიმდაბლედ“ შერაცხვა კი მხოლოდ პოლიტიკურ-ისტორიულ ვითარებაზეა დამოკიდებული... წმინდანებად შერაცხული მეფეები თუ გმირები არანაკლები სისხლისმსმელები იყვნენ, ვიდრე ტირანებად და მოღალატეებად ცნობილი ანტიგმირები. შეჩვენება და დაგმობა კი მხოლოდ დამარცხებულების ხვედრია. ეს ყველაზე ნათლად თუნდაც შევარდნაძის მაგალითზე ჩანს: ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მის მზეს ფიცულობდნენ, დღესაც მისი ლანძღვა-გინებით იკეთებენ კარიერას.

მოქალაქეთა კავშირი, იმ ექვსთვენახევრის განმავლობაში, როცა მე მისი წევრი ვიყავი, სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის, სოციალური წარმომავლობისა თუ პოლიტიკური ინტერესების და მიზნების მქონე ადამიანების კონგლომერატი იყო. ის სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ რიგში, მწვანეთა პარტია, ანუ ზურაბ ჟვანიას გუნდი; მეორე ფრთა – საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თბილისელები“ იყო, რომელშიც ძირითადად ძველი პარტიული ფუნქციონერები და საბჭოთა დროის საქმოსნები იყვნენ გაერთიანებული და მესამე კი „ინტელიგენცია“, რომელთა უდიდესი ნაწილი იმდენად მძიმე და გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო, რომ მათ პარტიის შეკრებებზე მოსასვლელი მეტროს ფულიც კი არ ჰქონდათ.

ჩემთვის 1993 წლის 21 ნოემბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დაფუძნდა, შევარდნაძე საქართველოს პოლიტიკური ორბიტის ყველაზე ნათელი ფიგურა და იმ კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი დამაიმედებელი ფაქტორი იყო. ამ დღეს პარტიის ხელმძღვანელობა დამტკიცდა: თავმჯდომარე – შევარდნაძე, გენერალური მდივანი – ჟვანია, მე თავმჯდომარის მოადგილე გავხდი და ჩემს სფეროს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ურთიერთობები ერქვა, ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, - „იდეოლოგია“. ჩემი იმ დროს საყვარელი ფრაზა იყო: „საჭიროა, არა მხოლოდ ფასების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ცნობიერების ლიბერალიზაცია. არათავისუფალი აზროვნებით თავისუფალი საზოგადოება ვერ შეიქმნება...“ ჩემი შეტევისა და, არც თუ იშვიათად, საკმაოდ უხეში კრიტიკის ობიექტები კი, უპირველეს ყოვლისა, თანაპარტიელი საქმოსნები და ნაციონალისტ-ტრადიციონალისტები იყვნენ. პრინციპში, იმავე თემებზე ვსაუბრობდი, ცოტა უფრო რადიკალურ ტონშიც კი, რაზეც 15 წლის შემდეგაც, ოღონდ იმ დროს ლიბერალური დემოკრატიის იდეებით ვიყავი გატაცებული. რამდენიმეჯერ ისეთი აგრესიული სიტყვითაც კი გამოვედი პარტიულ ღონისძიებებზე, რომ ჩემთვის შევარდნაძეს რომ ხელი არ გადაეფარებინა, შეიძლება გატყეპვაც არ ამცდენოდა ზოგიერთი თანაპარტიელის მხრიდან. საერთოდაც, შევარდნაძეს საკმაოდ განებივრებული ვყავდი: შემთხვევა არ ყოფილა, რომ მისგან მხარდაჭერა არ მეგრძნო და ალბათ ესეც მათამამებდა. განსაკუთრებით 1994 წლის მარტში მოქალაქეთა კავშირის პირველი ყრილობა მახსოვს, სადაც მოხსენება მქონდა ღირებულებათა გადაფასების თემაზე. მახსოვს, ვთქვი, რომ „პროვინციული ფაშიზმი“ ზვიად გამსახურდიას არ შეუქმნია, - მისი ფესვები XX საუკუნის ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში იყო მეთქი. დარბაზის ერთი ნაწილი ჩემს გამოსვლას ფეხების ბაკუნითა და სტვენით შეხვდა, მეორე - ოვაციებით.

როდესაც წამოვედი, პარტიის „გამგეობის“ სხდომაზე რეზო ამაშუკელს „უზრდელ ლაწირაკად“ მოვუხსენიებივარ, რაზეც, როგორც მითხრეს, შევარდნაძეს უპასუხია: „გიოს თუ რამე ვაწყენინეთ, ბოდიში უნდა მოვუხადოთო“. 1995 წელს შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი გახდა, მოქალაქეთა კავშირი – აბსოლუტური უმრავლესობით მმართველი პარტია და საქართველოშიც სტაბილური უძრაობის ხანა დაიწყო. მთელი 90-იანი წლების მეორე ნახევარი მე შევარდნაძის კრიტიკაში გავატარე და პუბლიკაცია ან საჯარო გამოსვლა არ გამომიტოვებია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აუგად არ მომეხსენიებინოს. ჩემი ეს ვნება იქამდე გაგრძელდა, სანამ შევარდნაძე მისმა აღზრდილმა მოსწავლეებმა პენსიაზე არ გაისტუმრეს. ამით საქართველოს პოლიტიკური ისტორიის პირველი „ოიდიპალური აქტიც“ შედგა და ედუარდ შევარდნაძე ამ ისტორიაში თანამედროვე ქართული პოლიტიკის „მამის ფიგურად“ ჩაეწერა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG