Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბრუნება მომავალში 2: ყველაფერი კარგად იქნება


წელიწადნახევრის წინ, როდესაც ღამეულმა კოშმარებმა მეექვსედ გამაღვიძა ყვირილით, დავიფიცე, მომავლის განჭვრეტას შევეშვები-მეთქი. დანამდვილებით მაინც ვერაფერს ვწინასწარმეტყველებდი - მოვლენათა განვითარების მხოლოდ შესაძლო სცენარებს ვხედავდი - ფსიქიკას კი მინგრევდა. ჰოდა, დავხუჭე მესამე თვალი. მეოთხეც. მეხუთე დავივსე. მეგონა, დავისვენე.

ნურას უკაცრავად!

ვერ ვიხსენებ ზუსტად, რა მოხდა. დეტალები ალბათ არც დაგაინტერესებთ. მცირე ინციდენტმა, რომელშიც ვადაგასული შამპანური, იაფფასიანი ასაფეთქებლები და მუშების მიერ უხარისხოდ დაყენებული კარი ფიგურირებდა, მცირე ხნით კომაში ჩამაგდო. უგონოდ ყოფნისას საქართველოს შესაძლო მომავლის ხატებები წარმომიდგა. ხილვები ამომწურავი არ ყოფილა, მომავლის რამდენიმე სცენარი ჩემი ხედვის მიღმა დარჩა. ახდენის შანსებს ნანახის სიმკვეთრით ვხვდებოდი. ყვირილით გავიღვიძე.

აი, რა დავინახე:

(ახდენის შანსი 6,66%) ისე ვხედავ ყველაფერს, თითქოს საინფორმაციო პროგრამის სიუჟეტს ვუყურებდე. ოღონდ „იმედისას“ კი არა, წესიერი ტელევიზიის მომზადებულს. ისეთს, რომ გაიგებ, რა მოხდა. ვხედავ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ოპოზიციის ნაწილი „მაინც გააყალბებენ“-ის ძახილით ედება ქუჩებს. თავდაპირველად მათ სერიოზულად არავინ აღიქვამს. სულ ტყუილად! დასცინიან ნინო ბურჯანაძეს, რომელიც თავისუფლების მოედანზე ცარცით ხელში გამოცხადდა. სიცილი შეძრწუნებულ ყვირილად იქცევა, როდესაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ჩაიმუხლავს და ხელის ერთი მოსმით კრავს თბილისის გარშემო საიდუმლოდ შემოხაზულ პენტაგრამას. მიწა იხსნება და თავად ბელზებელი ამოუძღვება ქვესკნელის არმიას. ქალაქს ჯიქურ ჯიჯგნიან ჯოჯოები და მაჯლაჯუნები. „მიშას ისევ ესენი სჯობია!“ - ამბობს ბურჯანაძე და თავზე მბრძანებლის ახალ სიმბოლოს - შავი ბრილიანტის ტიარას იდგამს. ეს მისი ბოლო სიტყვები აღმოჩნდება. იქვე, თავისუფლების მოედანზე, განგმირავს ლევან გაჩეჩილაძე ცეცხლოვანი შუბით და გამოჰგლეჯს ხელიდან გვირგვინს. თავადაც იქვე განუტევებს სულს - სიცოცხლეს ეროსი კიწმარიშვილი მოუსწრაფებს ალმასის სატევრით. ვერც მას უწევს ღალატიანი გამარჯვებით ტკბობა დიდხანს - ძმის სისხლს უმცროსი გაჩეჩილაძე იღებს. მიეპარება და ოქროს ჭიგუნით გაუჩეჩქვავს თავს. „ეს რა ხდება, ხალხნო!“ - ღრიალებს სოზარ სუბარი, მაგრამ მისი არავის ესმის. ქალაქი ალშია გახვეული. ქუჩები გვამებით ივსება. ყველგან კუპრის და გოგირდის სუნი დგას. აქ ხილვა წყდება.

ხმაური მაღვიძებს. თვალებს ვახელ და მგონია, რომ რეალობაში დავბრუნდი. თუმცა არა. ეჰ, ისევ იქ ვარ, ოღონდ ორი წლის შემდეგ. კვლავ თავისუფლების მოედანზე ვდგავარ, რომელსაც, თუ იქვე დაკიდებულ აბრას დავუჯერებთ, ახლა ლუციფერის მოედანი ჰქვია. ახალი ქანდაკება წამოუჭიმავთ - ბინძური გველეშაპი ამარცხებს წმინდა გიორგის. გარშემო ახალაშენებული პირქუში შენობები დგას - მასალად ადამიანის ძვლები გამოუყენებიათ. გარშემო უამრავი ადამიანი შეკრებილა. თავიდან სოფო ნიჟარაძის კონცერტი მგონია და სცენასთან ახლოს მივდივარ. არა. საჯაროდ ჰკვეთენ ვიღაცას თავს. ცოტა ხანს ვჩერდები და აღმოვაჩენ, რომ ვიღაცას კი არა, ვიღაცებს. როდესაც ერთი თავი გაგორდება, ჯალათი მომდევნო ეგზეკუციისათვის ამზადებს ინსტრუმენტებს, ნაჯახს ლესავს... ამ დროს კი პუბლიკის გასართობად სცენაზე წამყვანები გამოდიან - კოტიკო თოლორაია და ნანკა კალატოზიშვილი. მაინტერესებს, როგორ იოხუნჯებენ. ხუმრობის ნაცვლად წამყვანები ერთმანეთს ეხვევიან და ქვითინებენ. გარშემო ვიყურები. მოედანზე შეკრებილები, როგორც ჩანს, მსგავს გართობას მიჩვეული არიან. უყურებენ სცენას და მზესუმზირას აკნატუნებენ. აქა-იქ ვიღაცები პლასტმასის ბოთლში ჩასხმულ არაყს იყუდებენ. მოშორებით ჩხუბი იწყება... აქ ხილვა კიდევ ერთხელ წყდება.

ამჯერად ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს. გრილი სიო მახვედრებს, რომ სადღაც ქალაქგარეთ ვარ. შორიახლო მონასტერს ვხედავ. მხოლოდ ეკლესიებში დარჩენილა წინააღმდეგობის კერები - ეშმაკებს ნაკურთხი მიწა აფრთხობს. გალავნის კარიბჭე იღება და ცხენებზე ამხედრებული მებრძოლები გამოდიან - აბჯარასხმული თეა თუთბერიძე და თეთრ კიმონოში გამოწყობილი გიგი თევზაძე. სათითაოდ ეამბორებიან ჯვარს და სადღაც გაჰქუსლავენ. ვხედავ, რომ მონასტრის ეზოში ჩემთვის უცნობი სამი სამღვდელო პირი მისჯდომია მაგიდას. სამივე საეპისკოპოსო რეგალიებითაა შემკული. მაგიდას ერთი საერო პირიც უზის - ლევან რამიშვილი. ერთად დასცქერიან პერგამენტს და ბრძოლის გეგმას სახავენ.

გამოსახულება ფერმკრთალდება და ფარდა საბოლოოდ ეშვება.

(ახდენის შანსი 6,90%) თვალებს ვახელ თუ არა, ვგრძნობ, რომ სულ სხვა საქართველოში მოვხვდი. უკონტროლო თავისუფლების და დასავლეთის სუნი მცემს. ოპერასთან ვარ. პლაკატი გვამცნობს, რომ დღეს „დერვიშების“ როკ-ოპერა „დერვიშების“ პრემიერაა. გვერდით, კიბეებზე, ორი ბიჭი დგას და ერთმანეთს ტუჩებში კოცნის. ცოტა ხანში ერთმანეთს ტანსაცმელს ხდიან. როგორც ჩანს, ეს ახლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, გამვლელებს არ უკვირთ. პირიქით, ერთი-ორი უერთდება კიდეც. ათიოდ წუთში ოპერის კიბეებზე გრანდიოზული ორგია იწყება. მალე აქ პატრულის თანამშრომელი მოდის და ხელის ძალდაუტანებელი მოძრაობით მიმოაბნევს პრეზერვატივებს. ორგიის მონაწილენი ჟინით არიან გახურებულნი. ერთი ხალხის აზელილ მასას გამოეყოფა და გაჩერებაზე მდგომ ოციოდე წლის ბიჭს ძალით მიათრევს ახურუშებულებთან. ბიჭი უძალიანდება, მაგრამ მას არავინ ეხმარება. პატრულის თანამშრომელიც გულგრილად უყურებს. როგორც ჩანს, ახლა ასეთია აქაური წესი. ხილვა წყდება.

ვიღვიძებ კომპიუტერთან. ეკრანზე „ფეისბუკის“ ნაცნობი გვერდი ჩანს. შემყავს ჩემი პაროლი და მომავლის წესებს ვეცნობი. ვხედავ, რომ ქართული ტრადიციების დიდ ნაწილს სახე უცვლია. მაგალითად, ახლა პანაშვიდებს და ქელეხებს აღარავინ იხდის. ისინი ჩაანაცვლა ვირტულეხებმა და PAN@7-ებმა. ახალი წესი ასეთია - სტატუსად მინიმუმ 40 წუთის განმავლობაში უნდა გქონდეს, მაგალითად „RIP ნიკო“. იქვე უნდა დათაგო რაც შეიძლება მეტი ნაცნობი, რომლებიც სამძიმარს კომენტარებში გამოთქვამენ. უკვე ჩანს, რომ ამ ახალ სისტემას თავისი ნაკლოვანებებიც აქვს - ბევრი სრულიად არაფერ შუაში მყოფებსაც თაგავს - მაგალითად, გოგი გვახარიას ან ნოდარ ლადარიას, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში არც გარდაცვლილს იცნობდნენ და არც ჭირისუფალს. PAN@7-ის წარმატება ლაიქების რაოდენობით გამოისახება. ვაშათდაუნებ.

ახლა სკოლაში ვარ. პირველკლასელების გაკვეთილია. უკანა მერხზე მანდატურებს ხმაურიანი სექსი გაუჩაღებიათ. დამრიგებელს „დედაენის“ ნაცვლად ხელში „საიდუმლო სირობა“ უჭირავს. „ყავა ნალექიანია“ - ამბობს მასწავლებელი. „ამინდი - უნალექო“ - უპასუხებენ ბავშვები. შემდეგი სექსოლოგიის გაკვეთილია. დამრიგებელი ბავშვებს აწყვილებს და კოცნაში ავარჯიშებს. „ენა! ენა აამოძრავე!“ - უყვირის ერთს. „წახვალ, იცოდე, სამტრედიის სპეცსკოლაში“, - ემუქრება მეორეს, - „ხვალვე წახვალ, ტუჩების დასველებას თუ არ ისწავლი!“. დამრიგებელი შემდეგ კედელთან მიდის, შუქს აქრობს და ბარი უაიტის სიმღერას რთავს. ვეცლები იქაურობას.

„პატიმარი მაინც ვიყო!“ - ეს სიტყვები მაღვიძებს. უზარმაზარ ოთახში ვარ, რომელიც ხალხითაა გატენილი. თვალებს ვიფშვნეტ და ვხედავ, რომ ეს ოთახი კი არა, საკანია. „ეს საკანი კი არა, გალიაა“, - თითქოს ჩემი იქ ყოფნა იგრძნოო, აგრძელებს მოსაუბრე, - „ძველმოდურები, დრომოჭმულები გვიწოდეს და გამოგვამწყვდიეს. მე აქ გალიაში ჩამსვეს, პირველკლასელებს კი ჩემს წიგნებს ასწავლიან“. ვაკვირდები და ვცნობ. ერეკლე დეისაძის ხმა ყოფილა, რომელიც პაატა საბელაშვილს ესაუბრება. გარშემო ასობით ადამიანია შემოკრებილი. ყველას ლეპტოპში ფეისბუკი აქვს გაშლილი. ქმნიან ჯგუფებს სახელწოდებით: „დაგვიბრუნეთ ტრადიციები!“, „მძულს ეს მშვენიერი ახალი ქვეყანა!“, „ასეც არ შეიძლება, პრეზიდენტო მიშა!“. ძველი დროების დასაბრუნებლად იბრძვიან. ფეისბუკის ჯგუფების გახსნა ძირითადად ეგრეთ წოდებულ „მემარცხენეებს“ ევალებათ. ცალკე კუთხეში ლევან ღვინჯილია ზის და ივენთებს აშეარებს. ოთახის ცენტრში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ჩამუხლულან, რომლებსაც ლევან რამიშვილი ხელმძღვანელობს - ჯგუფებში წევრიანდებიან და დასალაიქებელს დაუღალავად ალაიქებენ. ფარდა კიდევ ერთხელ ეშვება.

(ახდენის შანსი 53,47%) თვალს ვახელ და ვხვდები, რომ ყველაფერი კარგადაა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ვგრძნობ. ცხოვრება უფრო საამური, უფრო მხიარული გამხდარა. გარეთ რატომღაც ვერ გავდივარ, მაგრამ ოთახში ტელევიზორი მიდგას. ვრთავ და რამდენიმე დღე გადაბმულად ვუყურებ. ვიგებ, რომ საქართველო კვლავაც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას, მაგრამ გარეშე მტერი ვერაფერს გვაკლებს. ეკონომიკა ძლიერდება. სადარდებელი მაინცდამაინც არაფერია - ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ „ჯეოსტარში“ უღირსი მონაწილე იმარჯვებს. დევნილები საქართველოში კვლავაც არიან, მაგრამ ისინი მხიარულად ამუშავებენ უხვმოსავლიან მიწას. ყოველ მათგანს ღირსეული საცხოვრებელი გამოუყვეს. დროდადრო მტერი ცდილობს აგვრიოს და ქუჩაში გამოჰყავს ადამიანები, რომლებიც ვითომ არ არიან ბედნიერნი, მაგრამ ჩრდილოელი მეზობლის მცდელობები მსწრაფლ აღიკვეთება ხოლმე.

ისე, სამოთხე საქართველოსგან, როგორც ჩანს, დიდად არც განსხვავდება. აქ ცხოვრება ერთი დიდი დღესასწაულია - თბილისობიდან ახალწლებამდე. შუაში კი ფეშენვიქები ჩაუფენიათ - რომ არ მოვიწყინოთ. ყველაფერი შუშისაა. წესიერი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მაღალ ქულებს უწერენ, უწესოების აზრი კი ისედაც არავის აინტერესებს.

რამდენიმე დღის შემდეგ გარეთ გასვლას ვახერხებ. აპრილის ნათელი, ცივი დღე დგას. თავისუფლების მოედანზე გარი მური უკრავს. საათი ცამეტჯერ რეკავს.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG