Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა განწყობით შეხვდნენ ახალ წელს თბილისში


თბილისის ერთ–ერთი ბაზარი
თბილისის ერთ–ერთი ბაზარი
ბევრგან ვიყავი, ბევრგან. აი, დარდების შემგროვებლისა არ იყოს, გუდის ნაცვლად ჩემი მარანცი (ანუ ხმის ჩამწერი) ავიკიდე მხარზე და საახალწლო ამბების შესაგროვებლად წავედი, ანდა უფრო მარტივად გეტყვით, წავედი იმის გასაგებად, თუ ვინ როგორ ხვდება ახალ წელს, რა უხარიათ, რა სწყინთ, რა შეუძლიათ და რა არა, ან საერთოდ რას ელიან ამ ახალი წლისგან. იქ, სადაც პირველად მოვხვდი, დავასკვენი, რომ ახალი წელი არც უხარიათ, არც უნდათ და საერთოდ ეს ახალი წელი, უბრალოდ, თავს მოხვეული კიდევ ერთი ზედმეტი ხარჯი და დავიდარაბაა. აგრარული ბაზარი. თავწაწყვეტილი ინდაურები, გაფშეკილი გოჭები, თვალებამოტრიალებული თევზები, ხილი, ბოსტნეული, მწვანილი და ადამიანები - გამყიდველები და მყიდველები:

- მწვანე ხახვი რა ღირს?
- კიტრი?
- ხახვი რა ღირს, ხახვი?
- როგორი ვაჭრობა გაქვთ?
- რა ვიცი, საშუალო.
- საახალწლოდ მოიმატა ფასებმა?
- ჩვენთან უმნიშვნელო მატებაა.
- ახალი ინდაურებია, ქალბატონო, სულ ახალი, ”გაკრასკული” კი არ არის.
- რა ღირს უნდაური?
- ოცდახუთში ვაძლევ ამეებს.
- ორს ავიღებ 40-ად.
- რას ამბობთ, მოპარული კი არა მყავს.

არა, აქ მოპარული ინდაურები არა ჰყავთ. აქ ჰყავთ საახალწლოდ საგანგებოდ მოსუქებული ინდაურები და გოჭები, თუმცა რად გინდა, გამყიდველები მყიდველების რაოდენობას უჩივიან:

- არ არის მყიდველი. ფული რომ ჰქონდეთ, ხომ იყიდიან?
- რას ამბობთ, ძლივს გამოვედი, იმდენი ხალხია.
- მოდიან, ფასს კითხულობენ და მიდიან.
- ძალიან ცუდი ბაზარია, არაფერი არ იყიდება.
- უჭირს ხალხსა და რა ქნან, კიდევაც როგორ ყიდულობენ... ვინც ყიდულობს, ეგეც მიკვირს.

ჰო, გაძვირდა ყველაფერიო, ამბობენ საახალწლო საყიდლებზე გამოსულები. ჩემს მიკროფონსაც მტრულად უყურებენ - ესეც კიდევ ზედმეტი საფიქრალიო:

- არ მინდა, არა, თავი დამანებე.
- იქნებ თქვენ მითხრათ, მოიმატა ფასებმა?
- ჰმ, დაახლოებით 100 პროცენტით მოიმატა.
- ფასები გაიზარდა უსაშველოდ. ვერაფერი ვერ ვიყიდე, ხელცარიელი მივდივარ.
- 100 ლარი კი არა, პენსია მინიმუმ 300 ლარი მაინც უნდა იყოს, რომ რაიმეს ყიდვა მაინც მოახერხო.

აი, თქვენ, მაგალითად, 300 ლარიანი ჩიჩილაკი გინახავთ? მე მინახავს. ორჯერ ჩემზე დიდია. მაგრამ ეს თქვენ სანუგეშოს, ალბათ, არაფერს გეუბნებათ. მოკლედ, ძალიან მაღალია. და ბუნებრივი ნაძვის ხეების ხელოვნური ტყე თუ გინახავთ? არც ეს არის შორს: აი, აქვე, თბილისის ცენტრში, საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან.

- ჩიჩილაკებზე თუ არის მოთხოვნა?
- რა ვიცი, აი, ვინც ქართულ წესს მისდევს, ისინი ყიდულობენ, ვინც ევროპულ ყაიდაზეა გადასული, ისინი ნაძვის ხეებთან მიდიან.
- როგორია ჩიჩილაკების ფასები?
- 2 ლარიდან 300 ლარამდე.
- თქვენ რატომ გააკეთეთ არჩევანი ბუნებრივ ნაძვის ხეზე?
- ბუნებრივი ყველაფერი ძალინ მიყვარს. ბარაქა და დოვლათი მოაქვს ბუნებრივ ნაძვის ხეს.
- რა ღირდა ეს ნაძვის ხე?
- ძალიან ძვირი არ გადამიხდია, 18 ლარი მივეცი.

ბუნებრივი ნაძვის ხეების ხელოვნური ტყე მართლაც რომ სანახავია. სიტყვაზე თუ მენდობით, წითელქუდაც კი ვიპოვე, თუმცა მე რატომ უნდა მენდოთ... აი, თავად ისიც:

- თქვენ ვინ ხართ?
- მე წითელქუდა ვარ. საახალწლო მზადებაა. ჩვენი მოვალეობაა ბავშვებთან კონტაქტი, გართობა, მათი სურვილების შესრულება.

ესეც რუსთაველის გამზირი. თუმცა არა, ეს, უბრალოდ, რუსთაველის გამზირი არ არის, ეს რუსთაველის გაბრდღვიალებული გამზირია. არ ვიცი რა კონკრეტულ კავშირშია თოლიები და ახალი წელი ერთმანეთთან, მაგრამ წლევანდელი საახალწლო მოსართავების მთავარი ატრიბუტი სწორედ თოლიები და ფოთლებია. მე ამ ფრინველებს თოლიებად აღვიქვამ. ისე, ზოგი ამბობს, მტრედიაო. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, რუსთაველის გამზირზე საახალწლო ჟრიამულია:

- გასართობად მოვედით, ძალიან კარგია.
- რას ელოდებით თოვლის ბაბუისაგან?
- მე თოვლის ბაბუის არ მჯერა, მაგრამ ლეპტოპი მაინც დავაბარე.
- თქვენ რას აკეთებთ აქ?
- მე საცეკვაოდ მოვედი, მაგრამ ჯერ მუსიკას არ გვირთავენ. საახალწლო მუსიკაზე ვერ ვცეკვავ. მოგვიანებით ჩართავენ უფრო თანამედროვე მუსიკას და მერე გავახურებთ აქაურობას.
- თოვლის ბაბუის თუ გჯერა?
- მე აღარ, მაგრამ რა ვიცი, მილიონს მაინც ველოდები მისგან.
- აი, მე თოვლის ბაბუამ უკვე მაჩუქა დღეს საჩუქარი - ვაშლი და კანფეტები.

და, ალბათ, ისიც საინტერესოა, თუ რას ელიან მხიარული ბავშვების ნაკლებად მხიარული მშობლები ამ ახალი - 2011 - წლისგან:

- ვნახოთ, ამბობენ, რომ კურდღლის წელი კარგი წელიაო, ბედნიერების მომტანიო.
- ვხვდებით კარგი იმედებით - იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო გამთლიანდება, ჩვენი ბავშვები ბედნიერ საქართველოში იცხოვრებენ.
- იმედი არის, ალბათ, საინტერესო და ლამაზი მომავალი იქნება ბავშვებისათვის.
- რა ვიცი, აბა, როგორ ვხვდებით, პენსიონერი ადამიანი როგორ უნდა შევხდეს ახალ წელს? ძალიან ცუდად, არც არაფერს ველოდები და არც არაფრის იმედი მაქვს. 2011, ალბათ, კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე 2010 წელი.
- თქვენ რას ელოდებით ახალი წლისაგან?
- თოვლის ბაბუსგან თუ ახალი წლისგან?
- ახალი წლისგან.
- კარგად ვიყოთ, ერთად ვიყოთ, ომი არ გვინდა. ჯანმრთელობა და ბედნიერება იყოს.

და საჩუქრები? საჩუქრები ხომ გვინდა ახალი წლისთვის? რა მნიშვნელობა აქვს ახალ წელს საჩუქარს თოვლის ბაბუა მოგვიტანს, დედა, მამა, შვილი, ქმარი, ცოლი, მეზობელი თუ შორეული ნათესავი? კი, საჩუქარი ყველას გვინდა და ყიდულობენ ჩვენს ქალაქში საახალწლო საჩუქრებსაც:

- შვილისთვის ვყიდულობ საჩუქარს, თოვლის ბაბუისაგან იქნება.
- მე დისშვილებისათვის ვეძებ საჩუქრებს. მათთვის სულ მცირე საჩუქარიც კი დასამახსოვრებელი იქნება.
- ჩემი შვილი ლექსს ეტყვის თოვლის ბაბუას:
”ნაძვის ხეო, ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე, თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო”...

ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ, იცით... მე კი შევაგროვე სხვების ახალი წლები, მაგრამ ჩემს ახალ წელს ვინღა მიხედავს? ჩემს საჩუქრებს? ჰოდა, წავედი. მარანცი გათიშულია. გილოცავთ!
XS
SM
MD
LG