Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მიმდინარეობს


რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მინსკიდან გვატყობინებს, რომ დღევანდელი არჩევნების გასაპროტესტებლად აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები შენობის კარებებს და ფანჯრებს ამტვრევენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მიმდინარეობს. უფრო ადრე, დაახლოებით 10,000 პირი იყო შეკრებილი მინსკის დამოუკიდებლობის მოედანზე, საარჩევნო კომისიის შენობასთან ახლოს. აქციის მონაწილეებმა იქ ოქტომბრის მოედნიდან გადაინაცვლეს. დემონსტრანტები დღეს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. მთავრობის მომხრე კვლევითი ცენტრის, EcooM-ის მიერ ჩატარებული ეგზიტ-პოლის თანახმად, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ - რომელიც მეოთხე ვადისთვის იბრძვის - ხმათა თითქმის 80 პროცენტი მოიპოვა. ლუკაშენკას ცხრა ოპონენტი უწევდა კონკურენციას - რომელთა ნაწილმაც არჩევნები ჯერ კიდევ მისი მსვლელობის პროცესში დაგმო. პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატებმა აქცია საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მოიწვიეს. დღეს უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში პოლიციამ ოპოზიციის აქციის დაშლის მიზნით ხმაურის ყუმბარები გამოიყენა. იუწყებოდნენ, რომ რამდენიმე პირი დააკავეს. ასევე იყო ცნობები, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ვლადიმირ ნეკლიაევი ნაცემია და საავადმყოფოშია მოთავსებული. მანამდე, საპროტესტო აქციაზე საუბრისას ლუკაშენკამ განაცხადა: „იმის გასაგებად, თუ რა ელით აქციის მომხრეებს - ჩვენი კანონები წაიკითხეთ. ყველაფერი ზედმიწევნით კანონიერად მოხდება. იგივე ითქმის უსაფრთხოებაზეც. ნუ ღელავთ - დღეს მოედანზე არავინ იქნება.“ დღევანდელი არჩევნების პატიოსნად ჩატარებას ევროკავშირი ეკონომიკური პრობლემების მქონე ბელორუსიისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის პირობად სახავს.
XS
SM
MD
LG