ჯორჯ ბუში გამართლებულად მიიჩნევს ბევრის თვალში სადავო გადაწყვეტილებებს, რომლებიც მას შეერთებული შტატების პრეზიდენტად მოღვაწეობისას აქვს მიღებული. ბუშმა ამ საკითხზე ისაუბრა ამერიკულ ტელევიზია NBC-სთან ინტერვიუში, შეერთებული შტატების წიგნის მაღაზიებში მისი მემუარების, „საკვანძო გადაწყვეტილებების“ გამოსვლასთან დაკავშირებით. ორშაბათს საღამოს ნაჩვენებ ინტერვიუში, ბუში ამბობს, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვის მეტად მკაცრი მეთოდებით, მათ შორის ე.წ. უოტერბორდინგით, ანუ წყალში დახრჩობის სიმულაციით, შესაძლებელი იყო ტერაქტების თავიდან აცილება და, შესაბამისად, მრავალი სიცოცხლის გადარჩენა. „ჩვენს გუნდს ვუთხარი, ეს მეთოდები კანონიერია-მეთქი? და სამართლის ექსპერტებმა მითხრეს, დიახ, არისო. მეც ვუპასუხე - მაშინ გამოიყენეთ-მეთქი. ერთს გეტყვით: ამ მეთოდების გამოყენებამ არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა!“ ბუშმა ტელინტერვიუში აღნიშნა აგრეთვე, რომ გული მოუვიდა, როცა ერაყში ინტერვენციის შემდეგ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ ვერ იპოვა მასობრივი განადგურების იარაღი, მაგრამ მაინც სწორად მიაჩნია გადაწყვეტილება სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად ერაყში შეჭრის შესახებ. ჯორჯ ბუში იშვიათად ჩნდება მედიაში მას შემდეგ, რაც 2009 წლის იანვარში პრეზიდენტის პოსტს გამოეთხოვა.
ყველაზე პოპულარული
1