Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბი და აზროვნებაში ლივლივი


მერაბ მამარდაშვილი ტატა თვალჭრელიძემ გამაცნო.

მის ლექციებზე დავდიოდი უნივერსიტეტში. ვესალმებოდოთ კიდეც ერთმანეთს. მაგრამ ახლოს არ ვიცნობდი. უფრო სწორად, ხელი არ ჩამოგვირთმევია ერთმანეთისთვის, არ გვისაუბრია. თორემ გამორიცხული იყო, მის ლექციას დასწრებოდი და ძალიან ახლობელი არ გამხდარიყო შენთვის. ამბობდა, ფილოსოფია ხმამაღალი აზროვნებააო. ჰოდა, ლექციაზე ასე - „ხმამაღლა“ - აზროვნებდა; პრუსტზე საუბრობდა და, ამავე დროს, თვალებით „პანორამას“ აკეთებდა აუდიტორიაში, რითაც „აქ და ახლას“ ეფექტს ქმნიდა; მსმენელს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ სწორედ მან მიაწოდა ეს აზრი, მან უბიძგა, ემოგზაურა ფიქრის დაუსრულებელ გზაზე.

ასე იქცეოდა აზროვნება სასიამოვნო ლივლივად როგორც ფილოსოფოსისთვის, ისე მისი მსმენელისთვის.

„ქართველი სოკრატესა“ და მისი აუდიტორიის კომუნიკაციის ეს უჩვეულო ფორმა კარგ კინოს მაგონებდა. ვიცოდი, რომ კარგი კინო მასაც უყვარდა – ჩემი მეგობარი თამრიკო დულარიძე, რომელმაც მოგვიანებით ფილმიც გადაიღო მერაბზე, საათობით მიყვებოდა მამარდაშვილის ლექციებზე ВГИК-ში.

ტატამ ჩემთან სწორედ კინოს საყურებლად მოიყვანა. თბილისში ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც ვიდეომაგნიტოფონი და, რაც მთავარია, კარგი ფილმები ჰქონდა. ტატამ უთხრა, გოგის იშვიათი კოლექცია აქვს – „ახალი ტალღის“ ფილმები, იტალიური კონტესტაცია... რას ნახავო, ჰკითხა.

„ჯონ ფორდს ვნახავდი სიამოვნებით!“ – გააწყვეტინა ტატას, რომელსაც, თავის მხრივ, ძალიან გაუკვირდა, ჩემს კოლექციაში ფორდის „ახალგაზრდა მისტერ ლინკოლნი“ რომ აღმოჩნდა. უფრო ეიზენშტეინის ხათრით, და არა იმიტომ, რომ ჯონ ფორდზე ჭკუას ვკარგავდი.

ჩაი დავლიეთ. ბევრი მოვწიეთ. აღარ მახსოვს რაზე ვიქაქანეთ. ფილმის მსვლელობის დროსაც ვლაპარაკობდით. საშინლად ახმოვანებდა ვიღაც ამ „პირატულ“ ჩანაწერს, რაზეც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება მერაბმა. ფილმი რომ დამთავრდა, ფორდზე და ამერიკულ კინოზე დავუწყე საუბარი. არ დავმალე ჩემი გაკვირვება – ფრანგულ კულტურაზე შეყვარებულ კაცს ვესტერნი რამ შეგაყვარათ-მეთქი?! ცოტა ირონიულად შემომხედა და მითხრა, ასაკთან ერთად ყველაფერი სასიამოვნო ხდება, რაც ადვილად იღეჭებაო.
მერაბ მამარდაშვილი

ცხადია, იხუმრა. მერაბ მამარდაშვილს არ შეიძლებოდა, ვესტერნი არ ჰყვარებოდა. არ შეიძლებოდა, არ ჰყვარებოდა სწორედაც რომ ამერიკული კინო, რომელიც ყოველთვის, თავისი ისტორიის ყველა ეტაპზე, ერთ თემას უტრიალებს – ადამიანის ღირსების თემას.

იმხანად მერაბი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ხედავდა, რომ ქართველები დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ არა დემოკრატიული იდეების, არამედ ანტიაფხაზური, ანტიოსური ლოზუნგების დამკვიდრებით. სახალხო ფრონტის იმ ისტორიულ ყრილობაზე, სადაც თქვა, ჭეშმარიტება ჩემთვის სამშობლოზე მაღლა დგასო, ე.ი. სადაც, ფაქტობრივად, პავლე მოციქულის სიტყვები გაიმეორა, ეტყობა, მწყობრიდან გამოიყვანეს პატრიოტულ ვნებებს აყოლილმა აქტივისტებმა.

არ აცალეს, უსტვინეს. თორემ, დარწმუნებული ვარ, იმასაც იტყოდა, რომ დამოუკიდებლობა ადამიანს პირველ რიგში იმისთვის ჭირდება, რომ საკუთარი თავი დაინახოს და რომ ადამიანი ვერასდროს იქნება თავისუფალი, თუ საკუთარი სივრცე არ შექმნა, თუ თავისი „მარშრუტით“ არ იმოგზაურა და თავისი გზის გავლის შეეშინდა.

მერაბი პოლიტიკურ მოძრაობაში ჩაერთო არა იმდენად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რამდენადაც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. მაგრამ იქ, სადაც ჯოგურად აზროვნებენ და ტომის ბელადები ჰყავთ, პიროვნების თავისუფლებისთვის მებრძოლებს ჯერ უსტვენენ, მერე კი, უბრალოდ, აიძულებენ, მოკვდეს.

„რუსია. ეგ არაა ქართველი ფილოსოფოსი!“ მერაბზე ამბობდნენ და ამბობენ ამას! იმ კაცზე ამბობდნენ, რომელმაც თქვა, ანტირუსული საწყისი ჩემში უფრო ძლიერია, ვიდრე ანტირუს პოლიტიკოსებშიო. თქვა არა იმიტომ, რომ თავს იმართლებდა. მამარდაშვილს სჯეროდა, რომ ეს ჯოგური ცნობიერება, „კეთილი მეფის“ ეს ისტერიული მოთხოვნილება, სწორედაც რომ ჩრდილოეთიდან გავრცელდა საქართველოში. სჯეროდა და უყვარდა ეს ქვეყანა. თორემ დაიხურავდა ქუდს და წავიდოდა აქედან. თუნდაც საფრანგეთში.

ფილმი რომ დამთავრდა, კიდევ დავლიეთ ჩაი. მე პარიზიდან ახალჩამოსული ვიყავი - ქართული ფილმების რეტროსპექტივაზე ვუამბე. ბოლოს გავბედე და ვკითხე, აქედან რატომ არ მიდიხართ-მეთქი. ცხადია, ევროპა ვიგულისხმე.

"მე რატომ უნდა წავიდე, ვითომ? ეგენი წავიდნენ, თუ კარგია!" - ღიმილით მიპასუხა.

ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. „მთელი მერაბია“ ამ სიტყვებში – კაცი, რომელმაც ყველაზე მაღლა პიროვნების თავისუფლება და პიროვნების პასუხისმგებლობა დააყენა. კაცი, რომლისთვისაც ფილოსოფია ცხოვრების მთავარი ნაწილი გახდა, რადგან სჯეროდა, ფილოსოფია გვეხმარება გავიაზროთ ჩვენი გრძნობები და არ ვიცხოვროთ მხოლოდ გრძნობებით. აზროვნება გვეხმარება, მუდმივად შევინარჩუნოთ კონტაქტი სინდისთან და ვმართოთ ჩვენი არსებობა. ბოლოს და ბოლოს ფილოსოფია ხომ სხვა არაფერია, თუ არა მეცნიერება თავისუფლებაზე. ბოლოს და ბოლოს ხომ არსადაა ადამიანი ისე თავისუფალი, როგორც ფიქრის პროცესში.

ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, სად იცხოვრებ და სად მოკვდები? ფიქრს ხომ მაინც ვერ დაგიშლიან?!

ეგ არის, რომ ადამიანს არ უყვარს საკუთარ ფიქრებში მოლივლივე ბრძენი. ეშინია მისი. არ ენდობა. ეჭვიანობს. შურს.

აგერ, მერაბ მამარდაშვილის 80 წლის იუბილეა. მაგრამ „ქართველი სოკრატე“ მხოლოდ ახლად დაბადებულ ქართველ სოციალ-დემოკრატებს მოაგონდათ. არც დღევანდელ საქართველოში აძლევთ ხელს მამარდაშვილის ლექციების გახსენება. აქ დღეს სხვა გმირებია მოდაში; აქ დღეს არავინ ატარებს „აზროვნების გაკვეთილებს“, სადაც „აქ და ახლას“ ეფექტი ადამიანში უნიკალურობის განცდას დაბადებდა. აქ დღეს „პატრიოტიზმის გაკვეთილებს“ და ქართული ცეკვის გაკვეთილებს ატარებენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG