Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომფორტი საარსებო მინიმუმის სანაცვლოდ


სოფელი ხეთა, დაფნისა და ციტრუსის ყოფილი მეურნეობის კორპუსი
სოფელი ხეთა, დაფნისა და ციტრუსის ყოფილი მეურნეობის კორპუსი
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის ყოფილი დაფნისა და ციტრუსის მეურნეობის კორპუსებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს გასახლების საფრთხე შეექმნათ. 21 ოჯახს, რომელიც 18 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და თავს მესაქონლეობით ირჩენს, მეურნეობის კერძო მესაკუთრემ ბორის იოსავამ კატეგორიულად მოსთხოვა ოქტომბრამდე ბინების დატოვება. ამის პარალელურად, მთავრობამ მათ ორი ალტერნატიული გარემონტებული ფართი შესთავაზა, მაგრამ იქ გადასვლაზე დევნილებმა უარი განაცხადეს.

იმ შემთხვევაში, თუ დევნილებს ამჟამინდელ საცხოვრებლებში დატოვებენ და, როგორც ისინი ამბობენ, მეორედ დევნილებად არ აქცევენ, კორპუსებს რეაბილიტაცია დასჭირდება. მათი თქმით, სახურავების უმრავლესობა საცერივითაა, იატაკი და კარ-ფანჯარა კი დამპალია.

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოში აცხადებენ, რომ დევნილების საცხოვრებელი სახლებიდან ძალის გამოყენებით გაყვანის უფლება არავის აქვს. უწყების მთავარმა სპეციალისტმა გოჩა ელერჯიამ რადიო თავისუფლებას სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ხეთის მეურნეობაში ჩასახლებულმა დევნილებმა ამჟამინდელი ბინების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია მოითხოვეს, რაზეც უარი უთხრეს.

თავის მხრივ, დევნილებს ხეთის მეურნეობიდან სხვა სოფელში ან ქალაქში გადასვლა მხოლოდ ერთი მიზეზით არ სურთ. ისინი ამბობენ, რომ 18 წლის მონაგარს, პირველი დევნილობის მსგავსად, დაკარგავენ და მეურნეობის გამართვას წლები და მძიმე შრომა დასჭირდება.
XS
SM
MD
LG