Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის ვიზიტი კონფედერაციის ფონზე


ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი
ერევანთან სამხედრო თანამშრომლობის სკანდალური განმტკიცებიდან ორი კვირის თავზე, 2 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ბაქოში ჩადის. აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები დმიტრი მედვედევის 2-დღიან ვიზიტს მოსკოვის მიერ ბაქოს დაშოშმინების მცდელობად აღიქვამენ. რა ანგარიშები აქვს სომხეთთან დაახლოებულ რუსეთს აზერბაიჯანთან და რა ვითარებაა ამ დროს სამხრეთ კავკასიის მესამე ქვეყნის, საქართველოს, გარშემო?

დმიტრი მედვედევი ბაქოში სექტემბრის ბოლოს უნდა ჩასულიყო, მაგრამ კრემლის აქტიურობით ვიზიტი თვის დასაწყისში გადმოიტანეს. ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ კრემლი აჩქარდა - მოსკოვი შიშობს, რომ ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი მას დასავლეთისკენ გაექცევა... ბაქოელი პოლიტოლოგის რასიმ მუსაბეკოვის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის ნაჩქარევი ვიზიტი ”ერთგვარ პრევენციულ სახეს ატარებს”, რადგანაც პრეზიდენტი ალიევი სულ მალე ნიუ-იორკში უნდა ჩავიდეს გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. ალიევი იქ, ბუნებრივია, შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებსაც შეხვდება და მოსკოვმაც შესაბამისი თადარიგის დაჭერა გადაწყვიტა... მუსაბეკოვი ფიქრობს, რომ ”რუსეთი აზერბაიჯანის დაყოლიებას დაპირებებითა და გარკვეული პრობლემების გადაჭრით შეეცდება, თუმცა ანალიტიკოსი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ”აზერბაიჯანი არასოდეს მოექცევა რუსეთის ზეგავლენის ქვეშ.” აზერბაიჯანში ვერ წარმოუდგენიათ, რა შეიძლება შესთავაზოს კრემლმა ისეთი, რასაც ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ დასთანხმდება. ცნობილია, რომ მთიანი ყარაბახის დასაბრუნებლად აზერბაიჯანი სამხედრო გზასაც განიხილავს.

მიზეზს, რის გამოც მოსკოვს ასეთი სასწრაფო პრევენციული ღონისძიებების გატარება დასჭირდა, აზერბაიჯანელი ექსპერტები სწორედ მთიანი ყარაბახის კონფლიქტს უკავშირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთმა, რომელსაც ამ კონფლიქტში მშვიდობის გარანტად მოაქვს თავი, გიუმრის სამხედრო ბაზის მანდატის გაგრძელებითა და გაფართოებით, სომხეთს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. აქვე გავიხსენოთ, რომ 2 კვირის წინათ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რუსეთმა 2044 წლამდე იტვირთა სომხეთის უსაფრთხოების დაცვაც, ეს კი, ყარაბახის კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, რუსეთის აზერბაიჯანთან დაპირისპირებასაც ნიშნავს.
ბაქოელი ანალიტიკოსი ილხან შაჰინოგლუ ფიქრობს, რომ ამ ფონზე ბაქოს დასავლეთის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულების შეცვლა მოეთხოვება:

”აზერბაიჯანი რუსეთის გამო სიფრთხილით ეკიდებოდა ნაბუკოს პროექტს და, ასევე რუსეთის გამო, აზერბაიჯანი ღიად არასოდეს გამოხატავდა ნატოსკენ სწრაფვას. მეტიც, ხელისუფლება ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანა არ იბრძვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის. ვფიქრობ, ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. როცა რუსეთი ღიად უჭერს მხარს სომხეთს, სამხედრო თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენც უნდა გადავსინჯოთ ჩვენი არჩევანი.”

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა ბაქო, თუმცა აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ იმასაც, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტურ საზღვარზე 31 აგვისტოს დაღვრილი სისხლი შემთხვევით არ უკავშირდება მედვედევის ვიზიტს და რომ ამით რუსეთმა აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ გააფრთხილა. საგულისხმოა, რომ 2 სექტემბერს, მედვედევის ბაქოში ჩასვლის დღეს, მთიანი ყარაბახი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა და სწორედ ამ დღესასწაულისთვის ჩავიდნენ სეპარატისტულ რეგიონში სომხეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსები.

გიუმრის ბაზის საშუალებით რუსეთისა და სომხეთის სამხედრო კავშირის განმტკიცებას სერიოზულ პრობლემად აღიქვამენ ქართველი ანალიტიკოსებიც. სამხედრო ექსპერტი და ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი სერიოზულ საფრთხეს საქართველოს მისამართითაც განიხილავს.

”თუ აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, რომ საბრძოლო ოპერაციების განახლებით დაიბრუნოს წართმეული ტერიტორიები, სომხეთის მხარეს იბრძოლებს რუსეთიც... მაგრამ თუ რუსეთმა განაახლა საქართველოს ანექსია, სომხეთიც ვალდებული გამოდის (როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრი ქვეყანა), რომ მხარი დაუჭიროს რუსეთს... ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა...”, - უთხრა ალადაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სომხეთთან რუსეთის სამხედრო დაახლოება დროში ემთხვევა საქართველოსა და აზერბაიჯანის ახლებურ დაახლოებასაც. გავიხსენოთ, რომ 18 ივლისს, როდესაც ილჰამ ალიევი ბათუმს სტუმრობდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის გაგრძელებად და ”ერთი ორგანიზმის ნაწილებად” განიხილა. მის მიერ იქვე კიდევ ერთხელ გახმაურდა კონფედერაციის შექმნის სურვილიც. მართალია, ამ საკითხთან დაკავშირებით ბაქოს ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ კონფედერაციის თემის განხილვა აქტიურად დაიწყო როგორც აზერბაიჯანის, ასევე თურქეთის პრესაშიც. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის გათვლით, შეუძლებელია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის დაახლოებასა და ძალების გაერთიანების პერსპექტივაზე მსჯელობა არ აღიზიანებდეს კრემლს. ნაწილობრივ, სწორედ ამ პერსპექტივაში ჩარევის მცდელობად განიხილავს პოლიტოლოგი მედვედევის ბაქოში ვიზიტსაც. ყველასათვის ნათელია, რომ ჯერჯერობით რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციების დათმობას არ აპირებს და, მეტიც, ის რეგიონში ფეხის კიდევ უფრო მომაგრებას ცდილობს.

კონფედერაციის ისტორიულად გამოცდილ იდეას უკვე რამდენიმე წელია განიხილავს და მხარს უჭერს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, თუმცა სხვადასხვა სახით შესაძლებელი ეს გაერთიანება მას სომხეთის გარეშე ვერ წარმოუდგენია. სწორედ ამიტომ, გიორხელიძის აზრით, კონფედერაციის იდეის განხორციელება მხოლოდ მთიანი ყარაბახის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი:

”სომხეთი სამხრეთ კავკასიაში თამაშიდან გაგდებული სახელმწიფო ვერ იქნება... მაშინ თურქეთიც, რუსეთიც, ირანიც (და ასე შემდეგ) ფუნქციებს ძალიან მძლავრად გადაანაწილებენ სომხეთზე. არავინ იფიქროს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს მიეცემათ საშუალება რაღაცნაირად დაჩაგრონ ან გვერდზე გასწიონ სომხეთი... ეს არ მოხდება. ამიტომ სასურველიც არ არის ასეთი ტენდენცია.”

სომხეთთან დაახლოების მიუხედავად, ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს აზერბაიჯანთან დაპირისპირება ხელს არ აძლევს, ვინაიდან მას, ენერგეტიკული სფეროს ინტერესების გარდა, საკუთარი სამხედრო ანგარიშები აქვს - გაბალის სარადარო სადგურთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ ეს რადიოსალოკაციო სადგური მთელ ირანსა და ახლო აღმოსავლეთის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთადერთი სამხედრო ობიექტით (იჯარის წესით) სარგებლობის ვადა რუსეთს 2012 წელს ეწურება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG