Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი წელი კრემლის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარებიდან


დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი (ცენტრში), სერგეი ბაღაფში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი (მარცხნივ) და ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი (ცენტრში), სერგეი ბაღაფში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი (მარცხნივ) და ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
უკვე 2 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა და დამკვიდრებულ ”ახალ რეალობაზე” ალაპარაკდა. თუმცა საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ გადადგმულ კრემლის ამ ნაბიჯს 2 წლის მანძილზე მხოლოდ 3 მიმბაძველი გამოუჩნდა. რა მიიღო რუსეთმა ასეთი სვლის შედეგად და რა შეიძლება მოჰყვეს შექმნილ სიტუაციას?

დუმის დასტურის კვალდაკვალ, 2008 წლის 26 აგვისტოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა გამოაცხადა:

”გავითვალისწინეთ რა აფხაზი და ოსი ხალხების ნების თავისუფალი გამოხატვა, ვიხელმძღვანელეთ რა გაეროს ქარტიით, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპების 1970 წლის დეკლარაციით, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის შესახებ ჰელსინკის კონფერენციის 1975 წლის საბოლოო აქტით და სხვა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტებით, მე ხელი მოვაწერე რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.”

კრემლის გადაწყვეტილება იმავე დღეს დაგმეს აგვისტოს ომის შემდეგ ისედაც ძლიერ შეშფოთებულმა ევროკავშირმა, ნატომ და ეუთომ. მწვავე განცხადებები გაისმა მსოფლიო თანამეგობრობის წამყვანი ქვეყნების მხრიდანაც, იქნებოდა ეს აშშ, ბრიტანეთი თუ საფრანგეთი. ყველასათვის ნათელი იყო, რომ, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების გარდა, ამ ნაბიჯით რუსეთმა უხეშად დაარღვია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების ძირითადი პრინციპები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერითა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკით, საერთაშორისო საზოგადოება პროტესტის გამოხატვას დღემდე აგრძელებს, თუმცა კრემლის შეჩერება ვერავინ და ვერაფერმა მოახერხა.

თავისივე შექმნილი ”ახალი რეალობიდან” მოსკოვი თანდათან სულ უფრო მეტი სარგებლის მიღებას ცდილობდა: თვითნებურად აღიარებულ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ ქვეყნებთან დამყარებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების საშუალებით, მოსკოვმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეუთოსა და გაეროს გამოძევება მოახერხა და იქ სამხედრო ბაზების მშენებლობა გააჩაღა. პარალელურად, კრემლი აქტიურად მოუწოდებდა სხვა ქვეყნებს, რომ მათაც ეღიარებინათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თუმცა კრემლის მიმბაძველთა წრე მოსალოდნელზე ვიწრო აღმოჩნდა. ამ წრეში პირველი ნიკარაგუა ჩაირიცხა 2008 წლის სექტემბერში და მას დაახლოებით წლისთავზე ვენესუელა მიჰყვა. მესამე და ბოლო ქვეყანა, რომელმაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა 2009 წლის დეკემბერში აღიარა, ნაურუ იყო, ბევრისთვის მანამდე უცნობი ჯუჯა კუნძული-სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, რომელიც მხოლოდ 14 ათას მოქალაქეს ითვლის.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უღარიბესი ნაურუ კრემლის ნებას 50 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაჰყვა, ხოლო ვენესუელასა და ნიკარაგუას, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, სამხედრო ინტერესებთან ერთად, ვაშინგტონის ძლიერი ზიზღი ამოძრავებდა. თავად ვაშინგტონმა კი, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვანმა დედაქალაქებმა ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაფრისმთქმელად ჩათვალა. რუსეთის გარშემო მარგინალური წრის შემოკრებას მშვიდად და დამცინავად უყურებენ თბილისშიც, რადგანაც, როგორც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მსოფლიოში წესრიგს სულ სხვა ძალები ადგენენ და განაგებენ:

”საერთაშორისო ურთიერთობებში არიან ძირითადი ტონის მიმცემი მოთამაშეები, რომლებიც განასახიერებენ უნივერსალურ ღირებულებებს და ადგენენ წესებს და პრინციპებს ქვეყნებს შორის ურთიერთობის და არიან სხვა მოთამაშეები, რომლებსაც შიდა პრობლემები აქვთ და, მაგალითად, შიდა რეჟიმის გადარჩენაზე არიან ორიენტირებულნი. აი, ასეთი ქვეყნების მიერ იმის აღიარება, რასაც ძირითადი მოთამაშეები დაუშვებლად მიიჩნევენ, არაფერს არ ცვლის.”

თუკი თავდაპირველად გაკეთებულ პროგნოზებს გადავხედავთ, ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობდა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების საქმეში მოსკოვს აუცილებლად და თანაც ძალიან მალე მიბაძავდა მინსკი. თუმცა, აი, უკვე 2 წელიწადი გავიდა და ლუკაშენკოს ქვეყანა კვლავაც იკავებს თავს. რამდენიმე კვირის წინ აღიარების დაპირება ბელორუსიის პრეზიდენტს თავად დმიტრი მედვედევმაც შეახსენა, რაზეც ლუკაშენკომ მიუგო, რომ მინსკი დაუფიქრებელ დაპირებებს არასდროს იძლევა.

ანალიტიკოსების აზრით, წნეხი ძლიერი იყო, მაგრამ რუსეთს უარი დსთ-ს სხვა ქვეყნებმაც უთხრეს - ზოგმა ხმამაღლა და ზოგმაც - დუმილით. ამ ყველაფრის უკან სულ სხვა სავარაუდო სცენარს ხედავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. ის ფიქრობს, რომ, სურვილის შემთხვევაში, რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნების იძულება არ გაუჭირდებოდა, მაშინ როდესაც ის ზეგავლენის მოხდენას ნატოზეც კი ახერხებს:

”თუკი ამათი აღიარება მოხდება და დამკვიდრდება, რომ აფხაზეთი და ოსეთი სრულიად დამოუკიდებელი არიან, რეალურად ისინი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ჩამოეკიდებიან მთლიანად რუსეთს, მაშინ როდესაც პრაქტიკულად უკვე აღარაფრის მომტანია რუსეთისთვის მათი დამოუკიდებლობა და მათთან ურთიერთობა საერთაშორისო ასპარეზზე, გარდა იმ ხინჯისა, რასაც სულ წამოაძახებენ მოსკოვს, რომ მან დაარღვია საერთაშორისო სტანდარტი. ამდენად, მე მგონი, რუსეთი დაინტერესებული სწორედ იმაში იქნება, რომ როგორმე ეს ტვირთი მოიხსნას…”

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ რუსეთმა აღიარების პროცესისგან უკვე მიიღო ყველაფერი, რაც სურდა და ახლა ”ტვირთის მოხსნის” პროცესში, ანუ ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოსთვის (შესაძლოა, კონფედერაციის სახით) დაბრუნების პროცესში, ის დამატებითი სარგებლის მიღებას უკვე დასავლეთისგან შეეცდება. ამ ვერსიას, ალბათ, არცთუ ცოტა ოპონენტი გამოუჩნდება, თუმცა მოვლენები სწორედ ამ სცენარითაც რომ განვითარდეს, რუსეთი საქართველოს რეგიონებში კიდევ კარგა ხნით დატოვებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG