Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუარესებული შედეგები


მაია მიმინოშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი
მაია მიმინოშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი
გამოცდების შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბუნებისმეტყველო საგნების გამოცდების შედეგები წარმოადგინა. მაია მიმინოშვილის შეფასებით, შედეგები დამაფიქრებელია, რადგან, ერთი მხრივ, ამ საგნების ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა რაოდენობა იყო მცირე და, მეორე მხრივ, მსურველთა ნახევარმა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, ყველაზე ცუდი შედეგები კი ფიზიკის გამოცდამ აჩვენა.

რას უკავშირებენ სპეციალისტები გამოცდების ასეთ სურათს - საშუალო განათლების სისუსტეს თუ ბაზარზე ამ საგნების სპეციალისტებზე დაბალ მოთხოვნას?

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 36 ათას 500-მა აბიტურიენტმა გამოთქვა. საკონკურსოდ სულ 33 ათასი ადგილი იყო გამოყოფილი. ყველანაირ კონკურსს გამოეთიშა ის 3 ათასი აბიტურიენტი, ვინც ზოგადი უნარების ტესტი ვერ ჩააბარა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, 6 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც საერთოდ ეროვნული გამოცდები ტარდება, წელს ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს აბიტურიენტებმა. წელს იყო პირველი წელი, როცა აბიტურიენტს 4 სავალდებულო გამოცდა უნდა ჩაებარებინა - 3 თავიდანვე მოცემული იყო, ერთი კი იყო არჩევითი.

წლევანდელი გამოცდებისთვის ერთი გამოცდის დამატება და ისიც საბუნებისმეტყველო საგნებში შარშან გამოცდების დასრულების შემდეგ გადაწყდა. მოტივაცია კი ის გახლდათ, რომ აბიტურიენტებს შორის ამ საგნების ჩაბარების სურვილი გაზრდილიყო. რამდენად გამართლდა ეს მოლოდინი, არსებითად აჩვენა კიდეც წლევანდელმა გამოცდებმა. მაგალითად, ფიზიკის გამოცდის ჩაბარების სურვილი სულ 81-მა აბიტურიენტმა გამოთქვა, ქიმიისა კი - 465-მა. აქედან ნახევარმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და ეს მაშინ, როცა, მაია მიმინოშვილის განცხადებით, საგამოცდო ტესტები შარშანდელთან შედარებით გამარტივებული იყო.

”ძალიან დამაფიქრებელია ეს შედეგები და ამას, პირველ რიგში, სერიოზული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სწავლების კუთხით სკოლაში. 6 წლის განმავლობაში სულ იყო კითხვა, უმჯობესდება თუ უარესდება ჩვენი აბიტურიენტების მომზადების დონე. სულ ვამბობდი, რომ დრამატულად არც უმჯობესდება და არც უარესდება, წელს უნდა ვაღიარო, რომ შედეგები დამაფიქრებელია და გაცილებით დაბალია აბიტურიენტების მომზადების დონე, ვიდრე გასულ წლებში”, - ამბობს მაია მიმინოშვილი.

რამ განაპირობა საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დაბალი ინტერესი - სასკოლო პროგრამებში არსებულმა ნაკლოვანებებმა, სწავლების მეთოდებმა თუ დასაქმების ბაზარზე იმ პროფესიის ადამიანებისადმი დაბალმა მოთხოვნამ, რომელიც საბუნებისმეტყველო ცოდნას საჭიროებს? მაგალითად, ფიზიკის პროფესორი ჯემალ მებონია, რომელიც 1989-2005 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი იყო, ამბობს, რომ სკოლაში ამ საგნის მიმართ ინტერესი დაბალია. საგანს უინტერესოდ ასწავლიან:

”ჩვენ ამ ბავშვებს ვერ ვუვლით. ადრე ჩვენ დავდიოდით და სპეციალურად ვეძებდით ნიჭიერ ბავშვებს, ვამზადებდით სპეციალურად, გვქონდა უფასო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ვცდილობდით, რომ ნიჭიერი ბავშვები არ დაკარგულიყვნენ. დღეს, ამ მხრივ, აბსოლუტური უყურადღებობაა ასეთი ბავშვების მიმართ. სკოლაში ფიზიკას არ ასწავლიან. თქვენ იცით, რომ სკოლებში ზოგან ფიზიკის გაკვეთილი საერთოდ არ ტარდება”, - აცხადებს ჯემალ მებონია.

ის ასევე ფიქრობს, რომ, ქვეყნის პერსპექტივის თვალსაზრისით, დღეს გამოცდებზე ნაჩვენები შედეგი მკვეთრად უარყოფითია.
”ეს ყველაფერი არა მარტო ტექნიკურ ჩამორჩენილობას გამოიწვევს, არამედ მთლიანად ერის განვითარება შეფერხდება. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა”, - ფიქრობს პროფესორი ჯემალ მებონია მხოლოდ იმ 81 აბიტურიენტის მომზადების დონის მიხედვით, რომელმაც ფიზიკის გამოცდის ჩაბარების სურვილი გამოთქვა. ზოგადად, ფიზიკის სწავლების დონის შეფასება უჭირს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს სიმონ ჯანაშიას. ის ასევე ფიქრობს, რომ პრობლემა კომპლექსურია, კონკრეტულად კი :

”საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებაზე არანაირად არ მოქმედებს გამოცდის ჩამბარებელთა რიცხვი, მოქმედებს ის, თუ რამდენად არიან მოტივირებული ადამიანები გახდნენ სპეციალისტები იმ დარგში, სადაც საჭიროა საბუნებისმეტყველო სპეციალობები. ამ მოტივაციას კი იწვევს არა გამოცდა, არამედ შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. გარეგანი მოტივაცია ეს არის ბაზარი, შინაგანი მოტივაცია კი ეს არის, ერთი მხრივ, გამართული სასწავლო პროცესი სკოლაში, რაც პრობლემატურია,რადგან მასწავლებლები ხშირად ამ საგნებს არ ასწავლიან ისე, რომ მოტივაცია გაუჩინონ მოსწავლეებს და, გარეგანი მოტივაციის მხრივ კი, პრობლემა დღევანდელი ეკონომიკაა”, - განმარტავს სიმონ ჯანაშია.

სიმონ ჯანაშია ასევე მიიჩნევს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესი ხელოვნურად, ანუ გამოცდებში მისი შეტანით, ვერ გაიზრდება და ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს, ბაზრის მოთხოვნებს კი, მისი დაკვირვებით, განათლების სისტემა მალე ეწევა ხოლმე. ასე რომ, მისი აზრით, იმ სპეციალისტების დეფიციტი ქვეყანაში, რომელიც საბუნებისმეტყველო განათლებას მოითხოვს, შეიძლემა მხოლოდ მცირე ხნით გაჩნდეს, მაგრამ სავალალო შედეგებს არ ელის.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ჰქონდა არჩეული პრიორიტეტულ საგნებში ხატია ფარესიშვილს. მას ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო საგნის - მათემატიკის - ჩაბარება მოუხდა. შედეგი საკმაოდ კარგი აჩვენა. ამბობს, რომ ცოდნა სკოლაში მიიღო. ხატია ფიქრობს, რომ ყველაფერი მაინც პირად მოტივაციაზეა დამოკიდებული:

”მე მათემატიკაში მხოლოდ ბოლო 4 თვე ვემზადებოდი, ისიც ჩემივე სკოლის მასწავლებელთან. რაც ვიცოდი, ყველაფერი სკოლაში მქონდა ნასწავლი, მაგრამ ვიცი ჩემ გარშემო ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც 2 წელი ემზადებოდნენ სპეციალურად გამოცდების ჩასაბარებლად”,- ამბობს ხატია ფარესიშვილი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG