17 ადამიანი დაიღუპა ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ყირგიზეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოშში, სადაც ადგილობრივი უზბეკებისა და ყირგიზების ჩხუბი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 43-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა დიდი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ოშში და ქვეყნის სამხრეთით მდებარე კიდევ რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა. ქალაქ ოშში სამხედრო ნაწილები განლაგდნენ, ძალოვან სტრუქტურებს კი, კოორდინაციას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი უწევს. ყირგიზეთის შსს-ს ცნობით, ქალაქში არსებული ვითარება სამართალდამცავთა კონტროლს უკვე ექვემდებარება. დღეს საგანგებო მიმართვა გაავრცელა დროებითი მთავრობის მეთაურმა როზა ოტუნბაევამ, რომლის განმარტებით, ქვეყნის სამხრეთით ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაძაბულობა უკვე რამდენიმე კვირაა შეინიშნება, მასობრივ არეულობას კი, ბიძგი ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილმა კონფლიქტმა მისცა. ოტუნბაევა აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ ყველა რესურსია მობილიზებული.
ყველაზე პოპულარული
1