Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამარცხების მორიგი ფორმულა - „ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ...“


პირველ რიგში, მინდა, ჩვენი ბლოგის მკითხველებს ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ მასალის გამოქვეყნება ძალიან გამიჯანჯლდა. ვინც ბლოგს კითხულობს, იცის, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ პოლიტიკაზე ვწერდი და სამი ბოლო სტატია ერთმანეთის გაგრძელებასავით გამოვიდა. ახალი მასალა ალბათ იმიტომაც ვერ დავწერე, რომ პროცესი სწრაფად ვითარდებოდა და შუალედურ პაუზას ველოდი, რომ უფრო მკაფიოდ აღმექვა და აღმეწერა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.

პირველი და ყველაზე თვალსაჩინო ის არის, რომ ბოლო პერიოდში დედაქალაქში მიზანმიმართულად ღვივდება აგრესიის მუხტი. მოდით და, ვიკითხოთ – ვის სჭირდება ეს მუხტი? თუ ათვლის წერტილად 30 მაისს დაგეგმილ არჩევნებს ავიღებთ, წესით, ხელისუფლებას აყალმაყალი არ უნდა სჭირდებოდეს: ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს უკონკურენტო კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე და აქვს კარგი პოზიციები რეგიონებში.

აგრესია და არეულობა შეიძლება სჭირდებოდეს ოპოზიციას ან მის ნაწილს, რადგან არჩევნებში მათი გამარჯვების შანსი თითქმის ნულის ტოლია. და მათთვის, სავარაუდოდ, არჩევნები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მისი ჩაშლა შესაძლებელია. თბილისის ქუჩებში გამოკრული პლაკატები, რომ „არჩევნები გაყალბებულია!“ – სწორედ „ჩამშლელი“ განწყობის დანერგვის სურვილზე მიანიშნებს.

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ აგრესიის ვექტორი ორი მიმართულებით ვითარდება: პირველი – მოსკოვში ვიზიტების მოყვარული პოლიტიკოსების ვექტორია; მეორე – მოსკოვში ვიზიტების მოყვარული საზოგადოებრივი ორგაზაციების ლიდერების ვექტორი. პირველ მიმართულებას პირობითად „ნოღაიდელი“ შეიძლება ვუწოდოთ, მეორეს – ასევე პირობითად, „გულაშვილი“. მაგრამ მათი მცდელობა, დაძაბონ ვითარება, დაუპირისპირდნენ მეორე მხარეს, გამოიწვიონ ხმაური და შექმნან ახალი ამბები – სრული კრახისთვის იქნებოდა განწირული მესამე მიმართულების გარეშე, რომელიც, „ნოღაიდელთან“ და „გულაშვილთან“ ერთად, კრავს საქართველოში რუსეთის ინტერესების სამკუთხედს. ამ ვექტორს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „მერაბიშვილი“. „გულაშვილის“ მიმართულებით პოლიციის ზედმეტი პასიურობა, ხოლო „ნოღაიდელის“ მიმართულებით – პოლიციის ზედმეტი აქტიურობა (ექვსი მაისის გამოცხადება პოლიციის დღედ) გახდა ის დეტალი, რომლის გარეშე ოპოზიცია ვითარების დაძაბვას ვერასგზით შეძლებდა.

თუ ხელისუფლებას არჩევნების ლოგიკურ შედეგამდე მისაყვანად სიმშვიდე სჭირდება, რატომ არ უზრუნველყოფს ამ სიმშვიდეს პოლიცია? რატომ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მაინცდამაინც 6 მაისი გამოაცხადა პოლიციის დღედ, რითიც გარანტირებულად გამოიწვია ოპოზიციონერი აქტივისტების აგრესიული ქმედებები? და რატომ მოხდა, რომ როდესაც მართლმადიდებელი მშობლები და მათი შვილები საჯაროდ ტეხდნენ დებოშს და კანონს არღვევდნენ, პოლიცია მათ ისევე მშვიდად ადევნებდა თვალს, როგორც რამდენიმე წლის წინ ბასილ მკალავიშვილის მიერ მოწყობილ დარბევებს?

აქ ძალაუნებურად გვიხდება, გავიხსენოთ, რომ ხელისუფლება არ არის ერთიანი გუნდი და გიგი უგულავა თბილისის მერის პოსტზე ვანო მერაბიშვილის ფავორიტი კანდიდატი არ ყოფილა. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მალხაზ გულაშვილს სერიოზული საქმიანი კავშირები ჰქონდა (აქვს?) დავით ბეჟუაშვილთან, რომელიც ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო (არის?), „გულაშვილის“ ვექტორის „მერაბიშვილის“ ვექტორისკენ სწრაფვა სრულიად ბუნებრივ კალაპოტში მოექცევა. იგივე შეიძლება ითქვას ნოღაიდელზე, რომლის პარტიაში „მერაბიშვილის კადრის“ სიჭარბეზე გია ყარყარაშვილიც მიუთითებდა და სხვებისგანაც არაერთხელ მსმენია.

თუ მართლაც არსებობს სამკუთხედი: მერაბიშვილი – ნოღაიდელი – გულაშვილი, ცხადია, ეს ის სამკუთხედია, რომელიც ღია და ფარული ბილიკებით საქართველოს გზას რუსეთისკენ უკვალავს. მათი უახლოესი მიზანი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს, რასაც მშვიდობიანი ვითარება ხელს არ უწყობს. 2013 წლამდე მოცდას კი, როგორც ჩანს, არავინ აპირებს, განსაკუთრებით, იმ რეალობაში, როდესაც ამჟამინდელ პრეზიდენტს პერმანენტული ფრენა დასჩემდა. შესაძლოა, პირიქითაც იყო – ფრენა სწორედ იმიტომ დასჩემდა, რომ იცის, 2013 წლამდე კაბინეტში მშვიდად ჯდომა არ უწერია.

ასეა თუ ისე, როგორც კი დაძაბულობის მუხტის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა: თუ ნიადაგი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადდება, ვინ იქნება კანდიდატი? ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ხომ აუცილებლად მოითხოვს ქარიზმატულ ლიდერს?! ჰოდა, ვინ იქნება ის ადამიანი, ვინც შეძლებს, სწრაფად მიიმხროს საზოგადოება და მიხეილ სააკაშვილის აწ უკვე განქარვებული ქარიზმა ააღორძინოს?

ამ მოლოდინში ვიყავი, როდესაც ფეისბუკზე წავაწყდი უცნაურ კლიპს, რომელიც ელვესებური სისწრაფით გავრცელდა. ვიდეოგზავნილზე გარკვეული წრისთვის კარგად ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე კითხულობდა საკუთარ ლექსს „ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ...“ ლექსს ზედიზედ სამჯერ მოვუსმინე და ჩემთვის მტკიცედ ჩამოვყალიბდი: სწორედ ლევან ვასაძეა ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის საპირწონედ შესთავაზებენ; ლექსი კი მის საინაუგურაციო სიტყვას უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე საქმიანი კაცის მოცალეობის ნაჟურს.

მთავარი საყრდენი, რაც ქართველებისთვის არცთუ კარგად ცნობილ ადამიანს სწრაფად შეაძლებინებს მოსახლეობის სიმპათიის შემოკრებას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მისი სიახლოვეა. მომავალ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საყრდენად კი ეროვნული ფორუმი მესახება. სწორედ ის ფორუმი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, საარჩევნო გარემოს შეცვლას და ვადამდელი საპრეზიდენტო (ისევე, როგორც საპარლამენტო) არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, „რადიო თავისუფლებისთვის“ დავწერე სტატია, სათაურით „მომავლის ლიდერები“. ამ სტატიაში საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე რუსეთისთვის მისაღებ ორ სავარაუდო კანდიდატზე ვსაუბრობდი. პირველ რიგში, ლევან ვასაძეზე, მის შემდეგ კი – ბიძინა ივანიშვილზე. ამიტომაც არ გამკვირვებია სწორედ ახლა ლევან ვასაძის ფიგურის გამოჩენა და კლიპს დართული კომენტარები, რომლებშიც ლექსის ავტორის საპრეზიდენტო ამბიციებია განხილული.

რატომ არ გამოჩნდა ლევან ვასაძის კანდიდატურა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ ადვილად დასამარცხებელი იყო? თუ გავითვალისწინებთ აგვისტოში გადატანილი ომის შედეგებს: აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას რუსეთის მიერ და ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზების დაფუძნებას, – ცხადია, დღეს გაცილებით უკეთესი გარემოა „მეგობარი პრეზიდენტის“ გამოსაგზავნად, ვიდრე 2008 წლის დასაწყისში, როდესაც ეს „შავზე შავი“ სამუშაო ჯერ შესრულებული არ იყო.

ვიცი, ამ სტატიის წაკითხვა ბევრს ცუდ ხასიათზე დააყენებს. თუმცა, რაც დავწერე, მხოლოდ ჩემი ვარაუდია და ამ ვარაუდს აკლია ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი: ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. არსებობს ეს ინტერესი? არ არსებობს? ამ კითხვაზე პასუხის შესაბამისად, შესაძლოა, რეალური სცენარი სულ სხვაგვარად განვითარდეს.

თუმცა, მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ მომენტში ყველაზე ბუნდოვანი ის არის, რა გვსურს თავად ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს? რისთვის ვართ მზად? რას აღვიქვამთ საფრთხედ და რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ მას?

იქნებ, მისაღებია მოწოდება – „ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ...“

ან, იქნებ, მისი უარყოფის რესურსი ამოწურული არ არის?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG