Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ჩიხში მიხეილ სააკაშვილი, ანუ ვინ იქნება შემდეგი?


თუკი ქართულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, წავალთ-წამოვალთ და ლიდერს მივადგებით. ალბათ, იმიტომ, რომ რეალური ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ლიდერს უკავშირდება. ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესი ჩიხში შესულად დღეს სწორედ იმიტომ ცხადდება, რომ ოპოზიციაში არ ჩანს მიხეილ სააკაშვილის საპირწონე ლიდერი, თავად პრეზიდენტი კი ლიდერის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

დავიწყოთ თავიდან.

ზვიად გამსახურდიაც, ედუარდ შევარდნაძეც და მიხეილ სააკაშვილიც ერთი ნიშნით ჰგავდნენ ერთმანეთს: ისინი პირველდამწყებები იყვნენ, ყინულმჭრელები, სახელმწიფოს დამფუძნებლები და, შესაბამისად, ქარიზმატულები. ისინი სთავაზობდნენ საზოგადოებას იმას, რაზეც მაღალი მოთხოვნა იყო და თან არწმუნებდნენ, რომ სწორედ მათ შეუძლიათ იმის მიცემა, რაც ხალხს სჭირდება.

ზვიად გამსახურდიას მთავარი დაპირება თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნება იყო. მისი პრეზიდენტობისას დამოუკიდებელი სახელმწიფო ოფიციალურად კი დაფუძნდა, მაგრამ შესაბამისი შინაარსით ვერ შეივსო. დაპირისპირების მუხტი სამოქალაქო ომში გადაიზარდა და ცხადი შეიქნა, რომ ახალი სახელმწიფოს დაფუძნების ამოცანა მოქმედმა პრეზიდენტმა ვერ გადაწყვიტა. ამიტომ, პოლიტიკური დღის წესრიგში სასწრაფოდ დადგა საკითხი ახალი ლიდერის შესახებ, რომელიც შეძლებდა იმას, რაც ზვიად გამსახურდიამ ვერ შეძლო.

ედუარდ შევარდნაძე მხსნელი და პირველდამწყები იმათთვის იყო, ვინც გამსახურდიას მიერ დაფუძნებული სახელმწიფო ვერ დაინახა და არ ირწმუნა. სწორედ იგი, მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშე, გამოცხადდა ახალი – დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული – სახელმწიფოს დაფუძნების გარანტად. საქართველო მართლაც გახდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და შევარდნაძემ ქვეყნის მართვის თერთმეტი წლის განმავლობაში ზოგიერთ სხვა წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ მთლიანობაში მისი დაპირებაც შეუსრულებელი დარჩა: დემოკრატიული ინსტიტუტები ვერ გაძლიერდა, საქართველომ ტერიტორიები დაკარგა, კორუფციის ჭაობმა განვითარების პერსპექტივა მთლიანად შთანთქა.

შესაბამისად, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ლიდერი – ენერგიული, პროგრესული, ქარიზმატული, რომელიც ქართველ ხალხს სამართლიანი, ძლიერი, ტერიტორიულად გამთლიანებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დაჰპირდა. ამ დაპირებამ შესანიშნავად „გაჭრა“ შევარდნაძის უნდილი მმართველობის ფონზე.

სამივე პრეზიდენტი – ზოგი უფრო დელიკატურად, ზოგი კი გამომწვევი ფორმით – ამტკიცებდა, რომ საქართველოში აღარასოდეს გამეორდებოდა ის, რაც მისი წინამორბედის დროს ხდებოდა. სამივე მკაფიოდ გაემიჯნა წინა პრეზიდენტს და მისი მემკვიდრეობიდან მისხალიც კი არ უღიარებია ვერბალურ დონეზე.

ახლა ნელ-ნელა ვუახლოვდებით მიჯნას, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ ყოფილა. პირველი გზა ტრადიციულია: უნდა გამოჩნდეს მორიგი ქარიზმატული ლიდერი, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობაც მთლიანად გადასახაზია და კიდევ ერთხელ თავიდან არის დასაწყები დასავლური ყაიდის, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე დამყარებული სახელმწიფოს მშენებლობა. ეს ყველაფრის თავიდან დაწყების მეოთხე მცდელობა იქნება. მაგრამ სხვაგვარი გაგრძელების შესაძლებლობაც არსებობს: რომ მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს მემკვიდრე, რომელიც აღიარებს და გააგრძელებს მის მიერ განვლილ გზას. ასეთი ლიდერი იქნება ნაკლებად მიმზიდველი, ნაკლებად რეიტინგული, მაგრამ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, იქნება არა პირველი, ყინულმჭრელი, დამფუძნებელი, არამედ – მეორე, გამგრძელებელი, მემკვიდრე.

ჩვენი საზოგადოება ახლა სწორედ იმის გამორკვევაშია, თუ როგორი ლიდერი გვჭირდება: ის, ვინც ყველაფერს უარყოფს და თავიდან დაიწყებს; თუ ის, ვინც უბრალოდ, გააგრძელებს სახელმწიფოს მშენებლობის ამჟამად არსებულ კურსს. ერთი მხრივ, ყველაფრის უარყოფა ადვილი არ არის, რადგან ბოლო ექვს წელიწადში ზოგი რამ ისეთი მოხდა, რისი უკან დატრიალების შიში მეტ-ნაკლებად ნორმალურ ყველა ადამიანს აწუხებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ოპოზიციის რეიტინგული ლიდერები – ვთქვათ, ირაკლი ალასანია ან გიორგი თარგამაძე – არ ამბობენ, რომ ყველაფერი, რაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა, მიწის პირიდან აღსაგველია. მეორე მხრივ, თვით პრეზიდენტის გზის გამგრძელებლებსაც კი გაუჭირდებათ იმის გამოცხადება, რომ ისინი სრულად იღებენ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობაზე. რადგან ამ მემკვიდრეობას ისეთი მოვლენები ამძიმებს, რომლებსაც ახალი პრეზიდენტი საკუთარ ბეჭებზე ნებაყოფლობით არ და ვერ დაიდებს.

ასე რომ, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა ბოლომდე არ გაიაზრებს და არ შეაფასებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ავ-კარგს, – გაურკვეველი დარჩება, როგორ ლიდერს ითხოვს საზოგადოება: კიდევ ერთხელ პირველს (დამფუძნებელს), თუ ამჯერად მეორეს (მემკვიდრეს). ამიტომაც არიან ჯერჯერობით უფუნქციოდ დარჩენილი ირაკლი ალასანიაც, გიორგი თარგამაძეც, გიგი უგულავაც, დავით ბაქრაძეც და სხვებიც.

არათუ ლიდერი არ გვყავს, არც ვიცით, როგორი ლიდერი გვჭირდება.

ცხადია, პრობლემა მიხეილ სააკაშვილშია, რომელიც, თავისი წინამორბედების მსგავსად, ვეღარ ასრულებს იმ პრეზიდენტის ფუნქციას, რომელმაც საზოგადოება თავის ღვაწლში დაარწმუნა და რომელმაც დაიმსახურა, რომ ძალაუფლება მემკვიდრეს გადააბაროს. მეორე მხრივ, სააკაშვილი ჯერ არც იმდენად დასუსტებულა, რომ ჰორიზონტზე მისი პრეზიდენტობის დამამხობელი ახალი ლიდერის გამოჩენა დაუშვას.

ვართ ასე, გზაგასაყარზე, რომელსაც ზოგი ჩიხს ეძახის და ზოგიც – კრიზისს. სინამდვილეში, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ხანა ბუნებრივად ჯერ არ ამოწურულა. ოღონდ, ჩემი შეფასებით, ტენდენცია იქით არის, რომ მას მემკვიდრის დატოვება გაუჭირდება და ჩვენ კი მეოთხედ მოგვიწევს სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება.

როდემდე?

იქნებ, პრობლემა ჩვენშია და არა ლიდერებში? იქნებ, სანამ ჩვენ არ შევიცვლებით, არც ისინი შეიცვლებიან? მგონი, დროა, ამაზე ძალიან სერიოზულად დავფიქრდეთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG