Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აკეთებს „იმედს“ საქართველოში ?


ინტერნეტით გავრცელებულმა სატელეფონო საუბრის ჩანაწერმა, რომლის მიხედვითაც, 13 მარტის „მოდელირებული ქრონიკა“ მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული, საზოგადოებაში ახალი შეკითხვები დაბადა: მართლა ერეოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ტელევიზიის საქმიანობაში? ვინ უნდა დაადგინოს, ფაბრიკაციაა თუ არა ინტერნეტით გავრცელებული ჩანაწერი და დაარღვია თუ არა მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია? ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, თუმცა ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ არც პარლამენტი და არც პროკურატურა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე არ უნდა მოსცდეს.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მიხედვით, რომელიც 15 მარტს ინტერნეტით გავრცელდა, ტელევიზიის მმართველი კომპანიის “ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის” ხელმძღვანელი გიორგი არველაძე თავის მოადგილეს ეკა წამალაშვილს არწმუნებდა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი მოითხოვდა „მოდელირებული ქრონიკის“ გამაფრთხილებელი წარწერისა და განმარტების გარეშე გაშვებას. თუმცა გიორგი არველაძეც და ეკა წამალაშვილიც აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არასოდეს ჩარეულა ტელევიზიის საქმიანობაში და რომ ინტერნეტში გავრცელებული ჩანაწერი რუსული სპეცსამსახურების ფაბრიკაციაა:

„როგორც ჩანს, რუსულმა სპეცსამსახურებმა იგრძნეს, რომ ახლა არის ის მომენტი, როცა ახალი პროვოკაცია უნდა შესთავაზონ ქართულ საზოგადოებას. ამის გაკეთებას ცდილობენ იმ მეთოდებით, რაც მათ სჩვევიათ. ზუსტად იმავე წარმატებით შეეძლოთ გაევრცელებინათ ჩემი საუბარი დალაი ლამასთან, რომის პაპთან ან ნებისიმერ სხვა პიროვნებასთან.“

უნდა ითქვას, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გიორგი არველაძის მიერ გაკეთებულმა ამ განმარტებამ ვერ გაფანტა საზოგადოებაში არსებული ეჭვები. „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ ვითარებაში გასარკვევად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

„ეჭვის ქვეშ არ დავაყენებდი იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ჩანაწერი არის დამონტაჟებული, მაგრამ, ამავე დროს, მიმაჩნია, რომ მათი სიტყვების სანდოობის გაზრდის ერთადერთი საშუალება არის ობიექტური გამოძიება, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების (კრიმინალისტების) ჩათვლით, რომლებიც, შესაბამისი დასკვნის შედეგად, მოგვცემენ სრულ სურათს, რასთან გვაქვს საქმე: ეს არის ფალსიფიცირებული სატელეფონო საუბარი თუ სინამდვილეში ასე ხდება და საქართველოს პრეზიდენტი უშუალოდ აკონტროლებს და აძლევს მიმართულებას ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკას“, განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

უფრო მეტად რადიკალურია არასაპარლამენტო ოპოზიცია. „ალიანსი საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი, დარწმუნებულია ინტერნეტით გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობაში, თუმცა, ამის მიუხედავად, მიაჩნია, რომ მეტი საჯაროობისა და საკითხის სამართლებრივ სიბრტყეში გადასატანად აუცილებელია გამოძიების ჩატარება:
„გამოძიება უნდა ჩაატაროს პროკურატურამ, თუმცა თუკი პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ეს მხოლოდ კარგი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურის მიმართ არანაირი ნდობა არ არსებობს. ნდობა არც საპარლამენტო კომისიის მიმართ იარსებებს, მაგრამ მას აქვს ერთი პლუსი: ის შედარებთი ღიაა და იქ პროცესები წარიმართება უფრო ღიად, ვიდრე პროკურატურაში.“

კანონის მიხედვით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რასაც ოპოზიციის ნაწილი მოითხოვს, დეპუტატთა უმრავლესობის, ანუ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა, მხარდაჭერაა საჭირო. მაგრამ რა შეუძლია საპარლამენტო კომისიას? სამართლის ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს:

„თუ, კომისიის შეხედულებით, აღმოჩნდა დანაშაულის ნიშნები, მაშინ საქმე გადაეცემა გამოსაძიებლად პროკურატურას. მაგრამ აქ არის ერთი რამ: თუ გამოიკვეთა პრეზიდენტსი მიერ ან კონსტიტუციის დარღვევა, ან დანაშაულის ნიშნები, პრეზიდენტის მიმართ დევნა ვერ განხორციელდება. ეს კონსტიტუციით აკრძალულია. ასეთ დროს კონსტიტუცია ითვალისწინებს იმას, რომ პარლამენტში შეიძლება დაისვას პრეზიდენტის იმპიჩმენტის, თანამდებობიდან გადაყენების საკითხი“, თუმცა ვახტანგ ხმალაძე იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ მოქმედ პარლამენტში საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პავლე კუბლაშვილი კი ამბობს, რომ ვერ ხედავს ვერც კომისიის შექმნისა და ვერც საქმეში პროკურატურის ჩართვის აუცილებლობას.

„ეს ჩანაწერები პირველად დაიდო რუსულ ინტერენტ საიტზე და იქიდან გავრცელდა დანარჩენ საინფორმაციო საშუალებებში. ეს ჩანაწერი, რომელიც რუსებმა დადეს, სხვადასხვა ჩანაწერების შეერთებითაა გაკეთებული. ამის თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არ იქნება სერიოზული. ხვალ და ზეგ იმავე საიტზე რომ დაიდოს სხვა ჩანაწერები, ყველა ცალკეულ ჩანაწერზე კომისიები შევქმნათ? მგონია, რომ ჩვენს ოპონენტებს უნდათ, უბრალოდ, პოზიციის დაფიქსირება, რისი საშუალებაც, ბუნებრივია, ექნებათ, ოღონდ იმ ფორმატში, რომელსაც საპარლამენტო ცხოვრება ითვალისწინებს. მათ საჯარო გამოსვლებისა და შეფასებების გაკეთების საშუალება აქვთ და ამიტომ დამატებითი მექანიზმების შექმნა საჭირო არ არის.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG