Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არჩევნების ბედი ქვეყნის აღმოსავლეთში წყდება


ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი და რეგიონების პარტიის თავმჯდომარე, წინასაარჩევნო კამპანიას მართავს ინდუსტრიულ ქალაქ მარიუპოლში
ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი და რეგიონების პარტიის თავმჯდომარე, წინასაარჩევნო კამპანიას მართავს ინდუსტრიულ ქალაქ მარიუპოლში
უკრაინის მომავალი შესაძლოა დამოკიდებული იყოს ინდუსტრიულ რუსულენოვან აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონზე. იქ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს პრომოსკოველ კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც 17 იანვრის არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია. კენჭისყრა აჩვენებს, თუ რით დასრულდება დაპირისპირება უკრაინის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მანამდე კი რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გრიგორი ფაიფერი იანუკოვიჩის მშობლიურ დონეცკის რეგიონში ჩავიდა, რათა პირადად დარწმუნებულიყო, თუ რამდენად ერთიანია იქ საზოგადოებრივი აზრი.

პატარა ქალაქ იენაკევოს განაპირას განმარტოებით დგას დაფერდებული თუნუქის სახურავიანი, აგურით ნაშენი კოტეჯი, რომელსაც ჭუჭყიანი შარაგზა ხის მოზრდილი სახლების რიგთან აკავშირებს. ეს ის ადგილია, სადაც ვიქტორ იანუკოვიჩმა ყმაწვილკაცობა გაატარა. დღეს 59 წლის პოლიტიკოსი, გამოკითხვების თანახმად, კვირას დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს, რითაც, ალა კოროტკაის მსგავსად, ბევრი მისი ყოფილი მეზობელი ამაყობს:

“მას ძალიან უყვარდა მასწავლებლები და მშობლები. ეს მისი კარგი თვისებაა. კითხულობს წიგნებს და პატივს სცემს ეკლესიას. ეს ხომ კარგი თვისებაა.”

კოროტკაია ქალაქ იენაკევოში გავრცელებულ აზრს გამოხატავს. თუმცა, როდესაც მიკროფონი გამოირთვება, ზოგიერთები იმასაც იხსენებენ, რომ აქ, ქალაქის ღარიბ ნაწილში, გატარებულმა ცხოვრებამ დაღი დაასვა იანუკოვიჩის რთულ სიყმაწვილეს.

ახალგაზრდობაში, ვიდრე ელექტრიკოსად დაიწყებდა მუშაობას, იანუკოვიჩმა ორჯერ მოიხადა სასჯელი - პირველად გაუპატიურების, მეორედ კი ყაჩაღობის მუხლით. შემდეგ იანუკოვიჩმა კომუნისტური პარტიის ხაზით გაიკეთა კარიერა, 2004 წლამდე კი, სანამ პრემიერ-მინისტრად დანიშნავდნენ, იგი ორჯერ იყო დონეცკის რეგიონის ხელმძღვანელი. “ნარინჯისფერმა რევოლუციამ”, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვა, იანუკოვიჩი ხელისუფლებას ჩამოაშორა. მას ხშირად მოსდის შეცდომები, ერთამანეთში ურევს ავსტრიას და ავსტრალიას, საკუთარი საარჩევნო ფორმის შევსებისას კი ორთოგრაფიული შეცდომით დაწერა სიტყვა “პრიფესორი”. თუმცა 2006 წელს, “ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ, იანუკოვიჩი ხელისუფლებაში დაბრუნდა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.

ახლა კი მისი თანაქალაქელები ფიქრობენ, რომ თუკი იანუკოვიჩი პრეზიდენტი გახდება, იგი მეტ ყურადღებას დაუთმობს მათ გავერანებულ ქალაქს. მათ შორის არის 70 წლის მეტალურგი ოლეკსეი კოსაჩი, რომელიც ამბობს, რომ პროდასავლელ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს უკრაინისათვის არაფერი გაუკეთებია:

“ისევე როგორც მშრომელი ადამიანისათვის არაფერი მოუტანია 1991 წელს. მაშინ იგი 100 მანეთს იღებდა, მაგრამ იცოდა, რომ ეს უდრიდა 100 კილოგრამ შაქარს. ახლა ის ათასებს იღებს, მაგრამ ეს თითქმის არაფერია.“

ბევრის მსგავსად, კოსაჩი ამბობს, რომ ის თავს პენსიით ირჩენს და დამატებით სამუშაოებს ასრულებს. იგი მხარს უჭერს იანუკოვიჩს, რომელიც ამომრჩევლებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ჰპირდება, და აკრიტიკებს იუშჩენკოს იმის გამო, რომ მიისწრაფოდა განევითარებინა უკრაინული ენა, რომელიც, კოსაჩის თქმით, “ნარინჯისფერი რევოლუციის” ლიდერთა მხარდამჭერი დასავლეთ უკრაინის პრეროგატივაა.

როგორც კოსაჩი ამბობს, დონეცკის რეგიონში იანუკოვიჩს ბევრი უჭერს მხარს, რადგან იგი “თავის ბიჭად” მიაჩნიათ. თუმცა, ამისდა მიუხედავად, იგი არ ფიქრობს, რომ არჩევნების შემდეგ მისთვის რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება:

“ეჰ, მე არჩევნებისაგან არაფერს კარგს არ ველოდები. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ყველა ერთნაირია. ისინი ჩვენზე არ ფიქრობენ. მათი საფიქრალი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაა.”

ვიქტორ იანუკოვიჩის მშობლიურ ქალაქ იენაკევოსგან განსხვავებით, უფრო მდიდრულად და მომხიბვლელად გამოიყურება დონეცკი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელახლა აშენდა და ტიპიურ საბჭოთა ქალაქს წააგავს. ამ ქალაქს მჭიდროდ უკავშირდება ოლიგარქ რენატ ახმეტოვის სახელი - ახმეტოვისა, რომელიც რეგიონში განლაგებულ მეტალურგიულ საწარმოებს ფლობს. რენატ ახმეტოვი ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერია. იმის გამო, რომ უკრაინა გარდამავალ პერიოდში იმყოფება, ბიზნესისა და პოლიტიკის გაყოფა შეუძლებელია, ამბობს ოლეკსანდრ კოსანიუკი, ვიქტორ იანუკოვიჩის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი.

“იმიტომ რომ, ალბათ, სახელმწიფოშია შექმნილი ისეთი ვითარება, რომ თუ თავს არ დაიცავ პოლიტიკურად, მაშინ ვერც საკუთარ ბიზნესს დაიცავ.”

ბიზნესის “დაცვა” კი, კრიტიკოსების თქმით, იმაში გამოიხატება, რომ საბიუჯეტო თანხებით ხდება როგორც საკუთარი პარტიების, ასევე მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციის კამპანიის დაფინანსება. კოსანიუკი ამის მაგალითად მიიჩნევს იულია ტიმოშჩენკოს მომხრეთა მიერ დაბეჭდილ საარჩევნო ფურცელს, რომელზეც იანუკოვიჩი უდიერად არის გამოყვანილი. ტიმოშჩენკომ 13 იანვარს განაცხადა, რომ იანუკოვიჩი და მისი მომხრეები დონეცკის რეგიონში არჩევნების მასობრივი გაყალბებისათვის ემზადებიან.

გაზეთის გამომცემელი სერგეი ფურმანიუკი ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციონერია 2004 წლიდან. მის თქმით, ახმეტოვი და სხვა ბიზნესმენები, რომლებიც კრიმინალურ ჯგუფებს ეყრდნობიან დონეცკში, შეეცდებიან ამ პაექრობაში ჩაებან.

“დღეს ყველანი ადგილზე არიან. მთელი კრიმინალიტეტი დაბრუნდა. მართალია, ისე თავაშვებულად აღარ მოქმედებენ, მაგრამ მთელი შემადგენლობით აქ არიან. თითქოს ამ 5 წლის განმავლობაში შეიცვალა ადამიანების განწყობა, რომ ხელისუფლებაში ბრუნდებიან კრიმინალური წარსულის ადამიანები. მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ჩვევები დარჩა.”

ფურმანიუკი აკრიტიკებს იუშჩენკოსა და ტიმოშჩენკოს, რომლებიც ხუთწლიან უსარგებლო პოლიტიკურ დავაში ჩაებნენ, ნაცვლად იმისა, რომ, როდესაც შანსი ჰქონდათ, შეეცვალათ კორუფციული სასამართლო სისტემა, რასაც მხარს სამოქალაქო საზოგადოებაც უჭერდა.

ამისდა მიუხედავად, ფურმანიუკი სარწმუნოდ მიიჩნევს იულია ტიმოშჩენკოს ბრალდებას, რომ იანუკოვიჩი, თავისი მომხრეების დახმარებით, დონეცკში არჩევნების გაყალბებას შეეცდება. მისი თქმით, 17 იანვრის არჩევნები გადამწყვეტია უკრაინის მომავლისათვის და, გაყალბების შემთხვევაში, უფრო სასტიკი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი, ვიდრე 2004 წლის “ნარინჯისფერი რევოლუციის” დროს კიევის “მაიდანზე” იყო.

“მაშინ ის იყო უფრო ოპტიმისტური. უფრო სწორად, ვინც “მაიდანი” გამოიარა, ის ბედნიერი იყო. ის ხედავდა, თუ როგორი ლამაზი შეიძლება იყოს კაცობრიობა. მაგრამ, როგორც ამბობენ, მეორეჯერ ტრაგედია ფარსად გადაიქცევა. მეორედ უკვე ეს იქნება არა იმედის “მაიდანი”, არამედ ძალის “მაიდანი”, - ამბობს უკრაინელი გამომცემელი სერგეი ფურმანიუკი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG