Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამბები თავის და ბოლოს გარეშე


მოდი ერთმანეთს ამბები მოვუყვეთ. მართლა. ასე იმიტომ კი არ ვიწყებ რომ მე რამე საინტერესოს მოვყვები და მორჩა და ეს ”ერთმანეთს” სიტყვის მასალაა. ჯერ ერთი, რის დაწერასაც ვაპირებ მაინცდამაინც საინტერესო არ არის. უფრო საუბრის დასაწყებად გამოდგება. თანაც, სად ერთი რომ იფიქრებს და დაწერს და სად ბევრი რომ იზამს ასე. როგორც იტყვიან, რამხელათი წინ ვიქნებით!

ჰოდა, ასეთი თემა მოვიფიქრე. მოდი ისეთი უცნაური სცენები გავიხსენოთ, ადრე რომ შევსწრებივართ და არ ვიცით როგორ დამთავრდა, არადა გვაინტერესებს. ერთგვარი დეტექტივის თუ დრამის შუა ფურცლები. რაც ხდება საინტერესოა, მაგრამ არც მანამდე ვიცით რა იყო, არც ის - მერე როგორ გაგრძელდა და ვერც ვერასოდეს გავიგებთ. ვნახოთ რა გამოგვივა.

მე ჩემებს გეტყვით, თქვენ თქვენები დაამატეთ.

დავიწყებ.

ასე მესამე ან მეოთხე კლასში ვიქნებოდი. მაშინ დოლიძეზე ვცხოვრობდი და 61-ე სკოლაში ვსწავლობდი. მორჩა გაკვეთილები და ვიფიქრე ზოოპარკში წავალ, სპილო ბაჩოს დავხედავ თქო. მაშინ ცოცხალი იყო. ან, იქნებ არც მივდიოდი ზოოპარკში. რა მნიშვნელობა აქვს. სადაც მივდიოდი აღარ მივედი. ხილიანის კუთხეში კინაღამ მანქანა დამეჯახა. ძალიან სწრაფად მოდიოდა. გაძეძგილი იყო ხალხით. უკან ხუთნი ისხდნენ უკიდურესად სერიოზული სახით. ყველა შავგვრემანი იყო ერთის გარდა. იმიტომ მახსოვს, რომ ის ერთი ძალიან გამოირჩეოდა. შავი სათვალე ეკეთა და სრულიად თეთრი სახე ჰქონდა. არაბუნებრივად თეთრი. ცარცივით. ალბათ დაძაბულობისგან. ხელში პისტოლეტი ეჭირა და წინ, მძღოლის გვერდით მჯდომის კეფაზე ჰქონდა მიბჯენილი. მძღოლის გვერდით მჯდომი ტიროდა. ასე ჩაიქროლეს. ზოოპარკში წასვლა გადავიფიქრე (თუ მართლა იქ მივდიოდი) და სახლში ავბრუნდი. დენი არ იყო. ცოტა ხანს ვფიქრობდი, ნეტა რა ხდებოდა თქო და მერე ამოვიგდე თავიდან. რამდენიმე დღის წინ გამახსენდა.

ახლა მეორე. ასე, ოთხიოდე წლის შემდეგ უნივერსიტეტის წინ გაჩერებაზე ვიდექი და 27 ნომერ ავტობუსს ველოდებოდი. მგონი 27-ს. ეგ არ იყო, ვაკიდან სპორტის სასახლესთან რომ მიდიოდა? რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ მოვიდა. როგორც ყოველთვის, ხალხით იყო გაძეძგილი. უკანა კარი, ბუნებრივია, არ იკეტებოდა და ზედ უნდა დაკიდებოდი. მიყვარდა ეგრე. ის-ის იყო იძვრებოდა, რომ უკანა კარს ასე, 40 წლის კაცი ამოახტა. იქ დაკიდებულებს აქეთ-იქით გვწევდა და შიგნით მიძვრებოდა. რაღაცნაირი ჩია, გამხმარი კაცი იყო. თვალები აქეთ იქით გაურბოდა. ვქირობდი, ხომ ხედავს, რომ შიგნით ადგილი არ არის, ან დაეკიდოს ჩვენსავით და ან შემდეგს დაელოდოს თქო. ამ დროს უკნიდან ორი მოხეული ტიპი მოვიდა. ამ კაცს ხელი მოჰკიდეს და უკვე დაძრული ავტობუსიდან ჩამოსვეს. უსიტყვოდ. სერიოზული სახეები ჰქონდათ. არც ამ კაცს გაუწევია წინააღმდეგობა. უცებ მომჩვარდა. ვუყურებდი და პირდაპირ სადარბაზოში შეაციმციმეს. მერე ავტობუსმა ვარაზისხევში ჩაუხვია და გაჩერება აღარ ჩანდა.

მესამე და მეყოფა. ისევ მესამე თუ მეოთხე კლასში ვარ. მორჩა გაკვეთილები და სახლში ვბრუნდები. 17-სართულიან კორპუსში ვცხოვრობდი. ხომ იცით როგორი კორპუსებია. ჯერ კიბეებით დიდ სადარბაზოში უნდა შეხვიდე და მერე კიდევ ლიფტების სადარბაზოში. მარჯვნივ პატარა ლიფტია, მარცხნივ - დიდი. დიდი ლიფტი თითქმის არასდროს მუშაობდა ხოლმე. ამ დიდი კიბეების შუაშიც არ ვიყავი მისული რომ რაღაც უცნაური ხმა შემომესმა. ქალი კვნესოდა. ასე - მმმ. მმმ. მმმ. კატის ხმას გავდა. ყურადღება მაინცდამაინც არ მიმიქცევია. ლიფტებთან რომ მივედი აღმოვაჩინე, რომ ამ ხმებს მეზობელი გოგო გამოსცემდა. მერვეზე ცხოვრობდა. დიდი იყო. ასე, 25-ის. დიდი ლიფტის კარებზე ჰყავდა აყუდებული ვიღაც ტიპს და თავი ძუძუებში ჰქონდა ჩარგული. არადა გაგანია შუადღე იყო. მესამე თუ მეოთხე კლასის გაკვეთილები ახალი დამთავრებული იყო. რაღა 17-სართულიანი კორპუსის ლიფტის წინ აუტყდათ სექსი? შემრცხვასავით და გამოვიქეცი. ფეხით ავიარე ოთხი სართული და მერე ჩავჯექი ლიფტში. იმათი ხმა მეოთხეზეც ისმოდა. ის გოგო რამდენიმე წლის შემდეგ დაიღუპა ავარიაში.

როგორც თავიდანვე გაგაფრთხილეთ, ყველაზე საინტერესო ამბები არ არის მსოფლიოში. საინტერესოები თქვენ მოყევით.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG