Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთის სოფლებში შეშა გათბობის ერთადერთი საშუალებაა


იმერეთის სოფლებში შეშა გათბობის ერთადერთი საშუალებაა. ხელისუფლებამ მოსახლეობას შეშის მოსაჭრელად ვაუჩერები დაურიგა, მაგრამ მთელ რიგ სოფლებში ის ვერ გამოიყენეს, რადგან გლეხებს ისეთ ადგილებში მისცეს ხეების მოჭრის უფლება, სადაც მანქანა ვერ მიდის.

რადიო თავისუფლების რესპონდენტი, რომელიც სოფელ გორაზეინდარში ცხოვრობს, ამბობს, რომ ერთი მანქანა შეშის მოჭრა და ტყიდან გამოტანა 300 ლარამდე ჯდება, ერთი მანქანა შეშა კი მთელი ზამთრის განმავლობაში არ ჰყოფნის.

იმერეთის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირი მიეწოდება, რამდენიმე სოფელში კი გაზი საარჩევნო დაპირებად დარჩა. თერჯოლის მცხოვრები აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების წინ მათ დასახლებაში გაზის მილები მიიტანა, არჩევნების დამთავრებისთანავე უკან წაიღო და მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა.

სოფლებში გასათბობად ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის გამოყენებას მოსახლეობა სიძვირის გამო ერიდება. ამასთან, სოფლებში მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ჯერ კიდევ კომუნალური მრიცხველებით ხდება, რაც აბონენტთა შორის დაპირისპირებას იწვევს, სოფელ სიმონეთში კი ერთი წლის წინ კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა.

რაც შეეხება ქუთაისს, მოსახლეობის უმრავლესობა ბუნებრივი აირით თბება. როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტები ამბობენ, ისინი გაზს ეკონომიურად მოიხმარენ. ძირითადად, ერთ ოთახს ათბობენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან, დაძინება კი ცივ ოთახებში უწევთ.

ქუთაისის გარეუბნებში, სადაც ბუნებრივ აირს ჯერ კიდევ არ მიუღწევია, მოსახლეობა შეშით თბება. შარშანდელთან შედარებით, შეშა ორჯერ გაძვირდა და 600–700 ლარი ღირს. ეს თანხა საშუალო შეძლების ოჯახებისთვის სოლიდურია, მაგრამ ისინი მაინც შეშის ყიდვას ამჯობინებენ, რადგან ელექტროენერგიით გათბობა უფრო ძვირი უჯდებათ.
XS
SM
MD
LG