Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ცრემლით დაუსველა თვალი ამ მეგობრობამ დ’არტანიანს”


ეს დალოცვილი www.youtube.com საშუალებას გვაძლევს ”კინემატოგრაფიული” გავხადით ჩვენი ბლოგი - დავურთოთ ტექსტს ”მოძრავი ილუსტრაციები” და, რაღა თქმა უნდა, ვიფიქროთ.

წინა ბლოგის ერთმა მკითხველმა, მარიმ, მომწერა, თქვენ ნიუანსებზე წერთ, ქართული საზოგადოების უმრავლესობას კი ნიუანსები არ უყვარსო.

კარგი, რა მარი! როგორ შეიძლება ასეთი განზოგადება?!

მე ახლა ორ ვიდეოს დაგიდებთ. ორივე ერთსა და იმავე მოვლენას ასახავს - ლიდერის, თუ გნებავთ, ბელადის, დასაფლავებას. ორივე ფრაგმენტში ტირის ხალხი. და ორივეში - ამაში დარწმუნებული ვარ - გულწრფელია თავის გლოვაში.

ეპიზოდი ფილმიდან ”დიადი განშორება”, რომლის ერთ-ერთი ავტორი, სხვათა შორის, მიხეილ ჭიაურელია, ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონიითაა გაფორმებული. ფრაგმენტს პაზოლინის ფილმიდან ”ჩიტები და ჩიტუნიები”, რომელიც იტალიელი კომუნისტების ბელადის, ტოლიატის დაკრძალვას ასახავს, ბახის მუსიკა ადევს.

თუმცა მუსიკა აქ არ უნდა იყოს მთავარი (პაზოლინიმ მოულოდნელად გამორთო ფონოგრამა და ისე გადავიდა ტოტო-დავოლის ”ანცობიდან” კომუნისტების ბელადის დაკრძალვაზე). მთავარი - ერთიანობაა! მწუხარებით გაერთიანებული ხალხის ერთიანობა.

ძვირფასო კომენტატორო მარი, თქვენ გგონიათ, ქართული საზოგადოების უმრავლესობა მართლა ვერა გრძნობს ნიუანსებს? ვერ ასხვავებს ამ ორ სცენას ერთმანეთისგან? აბა ვნახოთ, რას დაგვიწერენ ამ ბლოგის მკითხველები... ვნახოთ, როგორი იქნება ჭიაურელისა და პაზოლინის ფილმების ”შედარებითი დახასიათება”.

განსაკუთრებით იმ მემარცხენე ინტელექტუალების აზრი მაინტერესებს, შარშანდელი ”ჯაჭვი” და მიტინგი მთავრობის სახლთან (რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული) ლამის ტოტალიტარიზმის მორიგ გამოვლინებად რომ წარმოგვიდგინეს. მოსწონთ ეს გლოვა ტოლიატის ცხედართან? ეს მაღლა აწეული ხელები? იმას თუ ხედავენ, ვიღაც ქალი პირჯვარს რომ იწერს?

ნწ, ნწ, ნწ...

რამ ააღელვა ასე პიერ-პაოლო პაზოლინი? რატომ გამოხატა ასეთი თანაგრძნობით ეს საერთო-სახალხო გლოვა, სხვათა შორის, იტალიის კომპარტიის მიერ ორგანიზებული?

”ერთიანობის იდეას შეუტევენ და დაამახინჯებენ. ერთიანობის იდეას თავს შეაფარებენ და ამხელენ. მაგრამ საყოველთაო ერთიანობის იდეა - ყველაზე იდეალური იდეა - სულ მუდამ იქნება სიმყაროს მამოძრავებელი”.

ეს უკვე ”ნიუანსების მეფის”, სერგეი ეიზენშტეინის სიტყვებია. იმ ეიზენშტეინისა, სიცოცხლის ბოლო დღემდე რომ აფრთხილებდა მოწაფეებს, ნუ გაგიტაცებთ პერსონიფიკაცია, რადგან ჭეშმარიტება არა ”პერსონაში”, არამედ ”პერსონებს შორის”, ადამიანთა ურთიერთობაში, მათ ერთობაშიაო... მოერიდეთ ჰომოფონურობას (ამას სტალინის ეპოქაში ამბობდა!), რადგან ჰომოფონურობა აჩერებს განვითარებას, მრავალი აზრის, მრავალი ადამიანის ერთიანობა კი სიცოცხლის მუდმივი განახლების საშუალებააო.

ჰოდა სტალინის დაკრძალვაშია პოლიფონიურობა თუ პაზოლინისთან? და, ვითომ, შარშან, აგვისტოს ომის მერე რატომ არ იყო ეს პოლიფონიურობა რუსთაველზე? ანდა, თუ გნებავთ, სტადიონზე, 2009 წლის 26 მაისს?

როდისაა ხალხი - ხალხი და როდისაა ხალხი - ბრბო? როგორ მივხვდეთ განსხვავებას? როგორ გამოვიმუშაოთ ნიუანსის შეგრძნება?

იქნებ ”სამი მუშკეტერი” გადავიკითხოთ? ”ყველა ერთისთვის, ერთი ყველასათვის”? და არა, ”ყველა ერთზე, ერთი ყველაზე”, როგორც ოდესის კიბეზე, ეიზენშტეინთან, სადაც ჯარისკაცთა ერთ მწკრივად დაწყობილი რაზმი არბევს ერთი იდეით, თავისუფლების იდეით გაერთიანებულ მრავალფეროვნებას.

იქნებ ის განცდა ”გავაცოცხლოთ” ჩვენში, როცა სიამოვნების ჟრუანტელი გეუფლება დიდ სამყაროსთან ერთიანობის გამო. ხელებს რომ ჩაკიდებენ ერთმანეთს ადამიანები, რომლებიც სხვა დროს, სხვა სიტუაციაში ხელს არ ჩამოართმევდნენ ერთმანეთს.

და დ’არტანიანივით ცრემლი რომ დაუსველებთ თვალებს.

თორემ პერსონიფიკაციას თითქმის ყოველთვის მოჰყვება საკუთარი იდეების (და ავტორიტეტების იდეების) საზღვრებში ჩაკეტვა. ეჭვის შეცვლა ფორმულებით, აკვიატებული აზრებით. ამ ფორმულებში, როგორც აკვანში, მუდმივი რწევა მოჰყვება და მუდმივი შიში (სიძულვილი?) ადამიანისა, რომელსაც მუშტი აქვს აღმართული, თუ გულწრფელად იწერს პირჯვარს.

განსახვავებულის შიში მოჰყვება.

არ არის გამორიცხული, იმ ხალხში, სიყვარულით და თანაგრძნობით რომ ჩართო პაზოლინიმ თავის ”ჩიტებში”, უამრავი იყოს ისეთი, ვინც პირველ რიგში პაზოლინის მოუქნევდა თავის მუშტად შეკრულ ხელს, რადგანაც მისი ცხოვრების წესს ვერ გაიგებდა.

მაგრამ ახლა, ამ წუთას, როცა ეს ხალხი, პაზოლინისთან ერთად, გლოვობს თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერის სიკვდილს, ეს განსხვავება კიდევ უფრო ალამაზებს ამ ერთობას.

როგორ შეიძლება ამ დროს ცრემლი არ მოგადგეს თვალებზე! როცა ხალხი, აქამდე რომ სძულდი, დარწმუნდება, რომ შენც მისი ნაწილი ხარ და შენც - აქამდე რომ გძულდა ხალხი, ”ბრბოს” რომ ეძახდი, დარწმუნდები, რომ სიყვარული ”სიმრავლესაც” შეუძლია, რომ ერთად, ხელჩაკიდებული ყოფნა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთნაირია.

ასე რომ, ძვირფასო ინდივიდუალისტებო, გირჩევთ, ”ნიუანსის კუნთის” გასავარჯიშებლად, უფრო ხშირად მოუსმინოთ ბახის მუსიკას თუ არა... თქვენს საყვარელ ტომ ვეიტსს და ბობ დილანს მაინც. აი, ფორუმებსა და ფეისბუკებზე რომ დადებთ ხოლმე კომენტარით ”აუ, ახლა ამის ხასიათზე ვარ... თქვენ, არა?”... არა მარტო ხასიათს შეუწყვეთ მუსიკა, არამედ მოუსმინეთ!

მაშინ ვიცხოვრებთ ბედნიერად მუსიკალურ ნიუანსებში, აღარ დავიწყებთ ჩვენგან განსხვავებულის განსჯით თვითდამკვიდრებას და ბლოგის კომენტატორი მარი აღარავის გვირჩევს ამ ქვეყნიდან წასვლას.

ანუ, საქართველოდან წასვლას.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG