Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორი ისევ კუმკუმაშია


ამერიკის ელჩმა საქართველოში, კენეტ იალოვეცმა, ერთხელ თქვა: „დემოკრატია მამაცი ხალხის საქმეა. მჯერა, ქართველებს ეყოფათ სიმამაცე, დემოკრატიული სახელმწიფო ააშენონ“. ეს მოხდა 2000 წელს, შევარდნაძის პრეზიდენტობისას. მაშინ კარგად ვერ გავიგე, რა კავშირში იყო ერთმანეთთან სიმამაცე და დემოკრატია, მაგრამ ეს სიტყვები რატომღაც დამამახსოვრდა.

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები – სწორედ ამიტომ ვერ ვაშენებთ უკეთეს ქვეყანას, რომ სიმამაცე გვაკლია, თანაც, ბოლო ოც წელიწადში გვაკლდება და გვაკლდება...

როგორია დღევანდელი ქართული საზოგადოება? ამ კითხვაზე პასუხს ვეძებდი და უცებ მივხვდი – მისი ზუსტი ასლია ირაკლი ოქრუაშვილი. კაცი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა და რომელიც მაგარ–მაგარ განცხადებებს აკეთებდა – ვიდრე სხვის ჭერქვეშ ცხოვრობდა; კაცი, რომელიც წამოვიდა სხვისი სახლიდან, რომელმაც ახალი სახლის შენება დაიწყო, თან ძველ სახლიკაცებს, ძლიერებს და დაუნდობლებს, დაუპირისპირდა და თქვა – არ მეშინია! საუბარში თავიდანვე რკინა და ფოლადი გამოურია. ბევრს ეგონა, ამ მაგარ სიტყვებს რაღაც ახლდა – ან დოკუმენტი, ან ჩანაწერი, ან ვიღაც უფრო ძლიერის მხარდაჭერა, ან, ბოლოს და ბოლოს, მამაცი გული.

ჰოდა, როგორც კი დაიწყო ოქრუაშვილმა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა – მოჰკიდეს ხელი, მიაბრძანეს ციხეში და მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით. ძალიან მალე გადატეხეს ხერხემალში მისი მუქარა და სიამაყე. ბოლოს თავისი ქვეყნიდან გაუშვეს და ახლა შორიდან იმუქრება, ოღონდ, სამშობლოში ჩამოსვლას ვეღარ ბედავს. ისიც მეცნობა, საფრანგეთში რომ ცხოვრობს და, იქნებ, ასე კიდეც ურჩევნია.

აი, ზუსტად ეს გზა გაიარა ქართულმა საზოგადოებამ ბოლო წლებში. ჩვენც გვეგონა, ახალ სახლს ავაშენებდით, ძველ სახლიკაცებს – საშიშებს და დაუნდობლებს – კისერს მოვუგრეხდით. მაგარ–მაგარ სიტყვებს ვამბობდით. მაგრამ ჩვენი „არ მეშინია!“ ირაკლი ოქრუაშვილის „არ მეშინიას!“ ანალოგი აღმოჩნდა. და სინამდვილეში, არც ისე ძნელი შესაშინებელი გამოვდექით ისიც და ჩვენც.

ოცი წელიწადის განმავლობაში, რამდენ ომშიც ჩავებით, იმდენში დავმარცხდით; ბოლო ომი ორ დღეში წავაგეთ.

გუშინ ერთ შეხვედრაზე 25 პედაგოგი გავიცანი. შეხვედრის ოფიციალური ნაწილი რომ დამთავრდა, მკითხეს – პირველი არხის დირექტორი რატომ ვერ გახდითო? დიდხანს ვუხსნიდი. რომ წამოვედი, მერე გამინათდა გონება – უფრო მარტივად შემეძლო, ამეხსნა. ერთადერთი, რაზეც მაშინ დაჟინებით ვფიქრობდი, იყო ტელევიზიაში მისვლის პირველი დილა, როდესაც მოვიწვევდი ყველა თანამშრომელს და ვეტყოდი: გილოცავთ, დღეიდან თავისუფალი ადამიანები ბრძანდებით! დირექტორი კი ის გახდა, ვისაც ეს სიტყვები არ უთქვამს.

ლოგიკურიც იყო.

განა შესაძლებელია ადამიანების გათავისუფლება „გარედან“? შესაძლებელია, ადამიანს უთხრა – „დღეიდან თავისუფალი ხარ!“ – და ამ ჯადოსნური სიტყვებით გაათავისუფლო?

თავისუფლება, ისევე, როგორც დემოკრატია – მამაცი ხალხის საქმეა. მამაცი ხალხი კი სხვას არ ელოდება – როდის გაათავისუფლებენ, ან როდის აუშენებენ ახალ ქვეყანას. ჩვენ ველოდებით. ირაკლი ოქრუაშვილიც ელოდება. პირველი არხის თანამშრომლებიც ელოდებიან. როგორც მე ვერ მივედი, ისე სხვა ვერ მოვა და ვერ გაგვათავისუფლებს. სხვა მოვა იმისთვის, რომ არ გაგვათავისუფლოს. ასეა ახლა და მომავალშიც ასე იქნება.

ორი კვირის წინ სულხან–საბას ერთი იგავი გამახსენა მეგობარმა: კაცმა ქვას ფეხი წამოკრა და ეშმაკს შეუკურთხა. მეგობარმა უთხრა, მაგისგან რაღა გინდაო. მოადგა ეშმაკი მის გამომსარჩლებელს და შესთავაზა, რაკი მომეხმარე, მეც მოგეხმარები, ჯორად გადავიქცევი და ყადს (ანუ მოსამართლეს) მიმყიდეო. ყადმა ჯორი იყიდა და ისე შეუყვარდა, „შეფრფინვით შესცქეროდა“. ერთხელაც ჯორმა თავი აიშვა და წყლის ჭურჭელში, პატარა კუმკუმაში ჩახტა. დაიწყო მოსამართლემ ყვირილი – ჯორი კუმკუმაში იმალებაო. იფიქრეს, გაგიჟებულა ჩვენი ყადიო. დაიჭირეს და დააბეს. ბევრს იფიცებდა, გიჟი არ ვარ, მართალს ვამბობო, მაგრამ არ დაუჯერეს. ორმოცი დღე ტანჯეს, შემდეგ კი ქანცგაცლილი გაათავისუფლეს. ოთახში რომ დაბრუნდა, ჯორმა კუმკუმიდან თავი ამოყო და ყადმაც იყვირა – ისევ აქ არის, მიშველეთო! უარესი ჭირი დამართეს და ბოლოს ისევ გაუშვეს. როცა ჯორმა მესამედ ამოყო თავი კუმკუმიდან, ყადმა წყნარად უთხრა: დიახ, გხედავ, მანდა ხარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, ტანჯვის მეშინიაო. ასე დატოვა ეშმაკმა ჰალაბის ქალაქი სიმართლის და სამართლის გარეშე.

ყადი საკმაოდ მამაცი იყო საიმისოდ, რომ ორჯერ გაებრძოლა სიმართლისთვის, მაგრამ საკმარისად მშიშარა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ბოლომდე არ დანებებულიყო. და დანებდა.

ირაკლი ოქრუაშვილი თავიდანვე დანებდა. ჩვენ ყადივით ნელ–ნელა დავნებდით: ჯერ ქვეყნის შიგნით მყოფებს, შემდეგ – ყველანი ერთად – ქვეყნის გარედან მოსულებს.

ასე დავრჩით სიმართლის და სამართლის გარეშე, ჰალაბის ქალაქივით. ასე ვეგუებით ჯორს კუმკუმაში, რადგან ტანჯვის გვეშინია. და ველოდებით – ვინ მოვა, ვინ გაგვათავისუფლებს.

არადა, რა კარგად ვიცით – საუკუნეების ცივი წიაღიდან წამოსული მკაცრი და უტყუარი ცოდნით ვიცით – რომ ხსნა მხოლოდ სიმამაცეშია...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG