Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველაფერი კარგად იქნება“: შთაბეჭდილებები


აი, რა არის „ყველაფერი კარგად იქნებაზე“ სასაცილო:

· ქუჩაში რომ კაცი წაიქცევა. ნახე, როგორ ყვირის! მგონი ფეხი მოიტეხა. ლოლ.

· ქართული გაზეთების ბოლო გვერდზე დაბეჭდილი ანეკდოტები.

· ეკატერინე გაბაშვილის „თინას ლეკური“

· ტალიავინის კომისიის დასკვნა

· პანაშვიდი

***

„ყველაფერი კარგად იქნება“ ავთო ვარსიმაშვილის ახალი ქართული კომედიაა. სავსეა კინოდარბაზები. ერთი კვირის წინ ვიყავი კინოში, სხვა ფილმზე, და ჩემი თვალით ვნახე, როგორ გაიყიდა ბოლო ბილეთი დიდ დარბაზში. ათ კაცზე მეტი დარჩა გარეთ და მერე, მე სადაც ვიყავი, იქ იყიდეს ბილეთი და მთელი ფილმის განმავლობაში ხმაურობდნენ.

ფილმის ტრეილერი კინოთეატრებში ყველა სეანსის წინ, პრემიერამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე გადიოდა. თუ არ გინახავთ, შეგიძლიათ აქ შეხედოთ (თუ ქალის შიშველი მკერდის დანახვა გეკრძალებათ, არ უყუროთ.) შეატყობდით, მაინცდამაინც სასაცილოს არა ჰგავს. მაგრამ, რა იცი, არა? ხომ არის ფილმები, მაღალი მხატვრული ღირებულება რომ არა აქვთ, მაგრამ მაინც კარგი სანახავია და ალაგ-ალაგ სასაცილოა. აი, როგორიც იყო „ის, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“.

ეს ფილმი ასეთი არ არის. აქ არ არის არც ერთი სასაცილო სცენა. არც ერთი სასაცილო ფრაზა. არც ერთი! იმ რვასაათნახევრის განმავლობაში, რაც კინოში ვიყავი (ეს ფილმი დროის კანონებს არ ემორჩილება. დრო დარბაზში უფრო ნელა გადის, ვიდრე გარეთ), მხოლოდ ერთხელ გამეღიმა. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრებში გავერთე და რაღაცა გამახსენდა.

„იუმორინა“ გინახავთ? ყოველთვის მეგონა, რომ აჭარბებდნენ, როცა ლანძღავდნენ. „შაბათის შოუსაც“ ხომ ლანძღავდა დახვეწილი ხალხი, გოიმობააო. „შაბათის შოუზე“ მეცინებოდა. ჰოდა, ვფიქრობდი, ეს „იუმორინაც“ არ იქნება ისეთი ცუდი, როგორც ამბობენ თქო. მერე, ერთხელ ბათუმიდან ავტობუსით მოვდიოდი და იქ ჰქონდათ ჩართული ტელევიზორში. მართლა ძალიან ცუდია.

„ყველაფერი კარგად იქნება“ უარესია.

***

აი, რა არის „ყველაფერი კარგად იქნებაზე“ საინტერესო:

· ქართული საფეხბურთო ჩემპიონატის ორი აუტსაიდერის შეხვედრა. მაშინაც კი, როდესაც ანგარიში უკვე იცი. 0-0 დამთავრდა.

· ამ გუნდიდან ერთ-ერთის ვარჯიში.

· სუფრაზე მთვრალი ბიძა რომ გიზის გვერდით და ქურდებზე ლაპარაკობს.

· სემინარი „არასამეწარმეო იურიდიული პირები (არასამთავრობო ორგანიზაციები და სამელიორაციო ასოციაციები).“

· გადაცემები „მზეზე“. (ამაში ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ. ისეთი ვერავინ ვნახე, „მზის“ რომელიმე გადაცემა რომ ნანახი ჰქონდეს.)

***

ფილმის უდიდეს ნაწილში არაფერი არ ხდება. ანუ, საინტერესო არ ხდება კი არა, საერთოდ არაფერი არ ხდება. აი, მოკლედ მოგიყვებით სიუჟეტს. უფრო სწორად, სიუჟეტისმაგვარ რაღაცას.

საქართველოს პრეზიდენტი (დუტა სხირტლაძე) რაღაცის მინისტრს (ნიკო გომელაურს) ავალებს გოაში წავიდეს და ქეთევან წამებულის ნეშტი ჩამოასვენოს. მინისტრს თან მიჰყავს მოადგილე და აეროპორტში გაცნობილი ნაშა (შორენა ბეგაშვილი). ქართველებს გოაში უთვალთვალებენ რუსი ჯაშუშები (რატომ, მთლად გასაგები არ არის) და „სომეხთა მასონური ლოჟის“ წევრები (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ). ეს ამბები ფილმის პირველ 15 წუთში ირკვევა.

ამის შემდეგ ეს მინისტრი, მისი შანტრაბა და რუსი და სომეხი ჯაშუშები აქეთ იქით დადიან. დროდადრო ვიღაცას ფეხი უცდება და ვარდება. ნიკო გომელაური სკამზე დაჯდომისას აღმოაჩენს ხოლმე, რომ თურმე ჩაქუჩს დააჯდა. მერე ამ ჩაქუჩს მოსტყორცნის და ვიღაცას ეცემა თავში. ეს ხდება ბევრჯერ. სომხები დამტვრეული ქართულით ლაპარაკობენ. რუსი ფეესბეშნიკები ქართველების დარდიმანდობას შეჰნატრიან.

ფილმის ბოლოსკენ თვალში ფანქრის გათხრა გინდება. ცოტა მაინც რომ გაერთო.

***

აი, რა არის „ყველაფერი კარგად იქნებაზე“ ნაკლებად შეურაცხმყოფელი:

· ტელევიზორში რომ პოლიტიკოსი ჩანს და უურცხვესი სახით რომ იტყუება.

· სცენაზე რომ იდგეს ვიღაცა და საათანახევარს დედას გაგინებდეს.

· უცნობის და ნოდარ ნათაძის გასაუბრება (ამას შეიძლება ვამეტებდე. მართლა ძალიან მძიმე საყურებელია).

***

ასე, ათი-თხუთმეტი წლის წინ ჩემმა უბნელმა იცოდა ხოლმე - მანქანა რომ ჩაივლიდა ეზოსთან, იტყოდა: აბა, ეს რომ კარგი კაცი იყოს, ხომ გადმოვიდოდა ეხლა და გასაღებს მომცემდა - აჰა, შენი იყოსო. ხუმრობდა, ბუნებრივია, მაგრამ მაინც... დღეში რამდენჯერმე ამბობდა ხოლმე.

ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება ეს ჩემი უბნელი. იმიტომ, რომ უფრო და უფრო ხშირად მესმის ხოლმე მსგავსი ნატვრები. ანუ, ის კი არა, რომ - ბევრი ფული ვიშოვო და ვიყიდო. არამედ - ნეტა თავისით მოხდეს და ჩემი მხრიდან მინიმალური ძალისხმევით. ჯერ იყო და „თოვლი იყო, მაგრამ არა ციოდა, ციდან მწვანე დოლარები ცვიოდა“. მერე ბანკის გათამაშების რეკლამა, სადაც მთავარ გმირად ტიპია გამოყვანილი, რომელიც სამსახურში ზის და მუშაობის ნაცვლად კომპიუტერში მანქანების თვალიერება უნდა. მერე, გათამაშებაში ამ მანქანას მოიგებს. მანქანა თანამშრომელი გოგოს გულსაც მოაგებინებს და ბოლოს ერთად დაქრიან ბედნიერები და წუწავენ იმ „საზიზღარ“ უფროსს, რომელიც მუშაობას აიძულებდა.

ახლა კი ეს ფილმი, რომლის სულისკვეთებასაც მისივე საუნდტრეკი ასახავს კარგად (მკერდის შესახებ გაფრთხილება ძალაშია. აქაც ჩანს). „არ გვჭირდება ჩვენ ახალი მიზნის მიგნება...“ „ოქროს წვიმა დაგვასველებს ციდან...“ „ალაზნიდან ამოხეთქავს ნავთობი...“ ნაცარქექიაზე ამბობდნენ, ცუდი პერსონაჟია, უქნარააო. არადა, ამეებთან შედარებით ნაცარქექია ბევრად უკეთესი ტიპია - მახვილგონიერია და მიზნის მისაღწევად რაღაცას მაინც აკეთებს. (მართალია, ამასთან არაფერთან კავშირში არ არის, მაგრამ, ნაცარქექიაზე გამახსენდა. „ალიაში“ წავიკითხე ასეთი ფრაზა: “როცა მიზნამდე მისასვლელ გზაზე კომპასიც ვერ გშველის, იმიტომ რომ დებილი ხარ, ”თხა და გიგოს” პერსონაჟი არ უნდა გახდე. იმიტომ რომ შენი გამოგონილი მგელი მოვა და შეგჭამს".)

უქნარობა იქით იყოს. შეურაცხმყოფელი ეგ არ არის. შეურაცხმყოფელია ფილმის ორი სომეხი პერსონაჟი, რომლებიც სასაცილოები არიან იმიტომ, რომ ქართულად ცუდად ლაპარაკობენ. პირველად, როდესაც სომხები ჩნდებიან, ასეთი სცენაა: სხედან და ერთი ყვება - მაკარონს ჭამდაო, მერე აიღო, მაგიდაზე დააგდო და თქვა, ეს იქნება თქვენი ანბანის პირველი ასოო.

სომხებს კიდევ გადაიტანდა კაცი. ტელევიზორში უარესი არმენოფობია მოგვისმენია. მაგრამ რუსებს რა ვუყოთ? ორი რუსია, ერთი დაბდურა კაცი და მეორე ჟურნალისტი ქალი, რომელსაც ქართველები უყვარს. ერთ სცენაში მინისტრის მოადგილე გამოუტყდება: არავის უთხრა, მაგრამ მიყვარს რუსებიო. მერე თანხმდებიან, რომ რუსებს და ქართველებს გასაყოფი არაფერი გვაქვს. მერე ის ქალი ამბობს: „ახ, კაკაია გეოპოლიტიკა. ა კაკიე უ ვას ტანცი!“.

ეხლა გადავიკითხე და ვერა. ვერ გადმოვეცი, თუ რამდენად საზიზღარი სცენაა.

PS. სულ არ დავწერდი ამ ფილმზე არაფერს, რამდენიმე ადამიანს რომ არ ეკითხა, ხომ არ იცი ფილმი კარგია თუ არაო. თუ წაკითხვა დაგეზარა და მაშინვე ბოლოში გადახტი, პასუხია - არა!
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG